22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება

ავტორი
Front News საქართველო
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება.
შსს-ს ინფორმაციით, შეზღუდვები შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს.
22 მარტს, 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის დასრულებამდე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით:
· მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გალაკტიონის ხიდიდან ორთაჭალის მიმართულებით აბანოებამდე;
· თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და ყველა დამაკავშირებელ ქუჩაზე პირველი რესპუბლიკის მოედნის ჩათვლით;
· მოძრაობა იზღუდება ასათიანის, შალვა დადიანის, კოტე აფხაზის, პუშკინის, ვერცხლისა და ბარათაშვილის ქუჩებზე. სოლოლაკიდან მოძრაობა ნებადართული იქნება მხოლოდ ამაღლების ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით, საიდანაც ტრანსპორტს შეეძლება გადაადგილება ბარნოვის ქუჩით მრგვალი ბაღის მიმართულებით და ასევე, მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით;
· მოძრაობა სრულად იზღუდება თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ათონელის ქუჩებზე, მშრალ ხიდზე, ზაარბრიუკენის მოედანზე, ხეთაგუროვის მოედანზე. ასევე, ბარათაშვილის ხიდზე, ბარათაშვილის აღმართზე, ქეთევან დედოფლის გამზირზე ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე. ასევე, მოძრაობა იზღუდება ავლიპ ზურაბაშვილის, თელავისა და წურწუმიას ქუჩებზე.
· მოძრაობა შეზღუდული იქნება ევროპის მოედანზე, გორგასლის მოედანზე, გორგასლის ქუჩაზე, აბანოების მიმდებარე ტერიტორიაზე;
· მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა შეიზღუდება გალაკტიონის ხიდიდან ბოჭორმის ქუჩისა და ლევილის სანაპიროს კვეთამდე ("სოკარის" სათავო ოფისამდე).
ავტომობილების გადაადგილების ალტერნატიული მარშრუტები:
· "ლაგუნა-ვერედან" გადაადგილება შესაძლებელი იქნება გალაკტიონის ხიდზე და ასევე, მიხეილ ჯავახიშვილის აღმართის გავლით კოსტავას ქუჩაზე ფილარმონიის მიმართულებით;
· ინგოროყვას ქუჩიდან ავტომობილების გადაადგილება ნებადართული იქნება გრიბოედოვის ქუჩის გავლით ფილარმონიის მიმართულებით;
· კახეთის გზატკეცილიდან ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელი იქნება ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე ბოჭორმის ქუჩის კვეთამდე მეტროსადგური "ისნის" მიმართულებით;
· ორთაჭალიდან, გულიას მოედნიდან მოძრაობა შეიზღუდება გალაკტიონის ხიდამდე. ჟანი კალანდაძისა და ორთაჭალის ქუჩებიდან კი ავტომობილები იმოძრავებენ გორგასლის ქუჩაზე მხოლოდ პროკურატურის მიმართულებით.
ამასთან, ძალაში რჩება სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ქუჩებზე არსებული ყველა შეზღუდვა.
შინაგან საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სხვა შემთხვევაში თავი შეიკავონ ავტომობილებით გადაადგილებისგან.
თაგები:
მოძრაობის შეზღუდვა




