Logo

31-ე ქვეითი ბატალიონის სამხედროებმა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა დაასრულეს

სამხედრო
23
Frontnews image description

საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა 6-თვიანი ეროვნული სამხედრო სამსახური დაასრულეს. ღონისძიება სენაკში, 31-ე ბატალიონის დისლოკაციის ბაზაზე გაიმართა. წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6 თვის ვადით გაწვეულ პირებს სამხედრო სამსახურის დასრულება დასავლეთის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კობა გრიგოლიამ მიულოცა და წარმატებები უსურვა. სამხედროები მე-3 ქვეითი ბრიგადის მოძღვარმა, მამა გობრონმა დალოცა. მათ სხვადასხვა სახის უწყებრივი მედლები და მადლობის სიგელებიც მიიღეს. ღონისძიებას დასავლეთის სარდლობის შტაბისა და მე-3 ქვეითი ბრიგადის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ ასევე, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში 6 თვის ვადით გაწვეული პირების ოჯახის წევრები.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეების ნაწილმა საქართველოს თავდაცვის ძალებში საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის გავლის სურვილი გამოთქვა. სამხედროები დასავლეთის სარდლობის სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან და სამხედრო სამსახურს თავდაცვის ძალებში გააგრძელებენ.

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში სამხედროებმა 6 თვის განმავლობაში ტაქტიკა, ტოპოგრაფია, სამხედრო საინჟინრო, სამედიცინო, სამთო და საცეცხლე მომზადება გაიარეს.

2025 წლიდან წვევამდელები ეროვნულ სამხედრო სამსახურს მხოლოდ თავდაცვის ძალებში გადიან. წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახური მიზნად ისახავს ძლიერი თავდაცვის რეზერვის შექმნასა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის კიდევ უფრო გაძლიერებას.

Advertisement