Logo

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პაციენტებთან და ექიმ-ნევროლოგებთან შეხვედრა გაიმართა

რეგიონები
54
Frontnews image description

30 მაისი გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ორგანიზებით გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე პაციენტებთან და ექიმ-ნევროლოგებთან შეხვედრა გაიმართა.

გაფანტული სკლეროზი ქრონიკული ნევროლოგიური დაავადებაა, რომელიც აზიანებს ცენტრალურ ნერვულ სისტემას - თავისა და ზურგის ტვინს. სამინისტრო აფინანსებს აღნიშნული დაავადების მკურნალობისათვის საჭირო მაღალეფექტურ მედიკამენტებს. პროგრამა მოიცავს მსოფლიოში აღიარებულ და საერთაშორისო გაიდლაინებით რეკომენდებულ მკურნალობის თანამედროვე მეთოდებს.

„ჩემი გაფანტული სკლეროზის დიაგნოზი“ თემის ირგვლივ გამართულ შეხვედრას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე უძღვებოდა. შეხვედრასა და დისკუსიაში მონაწილეობდნენ აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ილია ვერძაძე და ბათუმის საკრებულოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, რევმატოლოგი ნერიმან ცინცაძე.

"აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ყოველწლიურად აფინანსებს გაფანტული სკლეროზის დიაგნოზის მქონე დაახლოებით 50 პაციენტის მკურნალობას, რომელთაც უზრუნველყოფილი აქვთ მკურნალობაზე სრული ხელმისაწვდომობა. პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე მაღალეფექტური მედიკამენტების შესაძენად გამოყოფილია 4 300 000 ლარზე მეტი. ამასთან, გათვალისწინებულია პაციენტთა დამატებითი საჭიროებებიც - მიმდინარე წლიდან დიაგნოზის ვერიფიცირების მიზნით ფინანსდება მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევები. ასევე ხელმისაწვდომია სამედიცინო რეაბილიტაცია, დამხმარე საშუალებები და სხვა აუცილებელი სამედიცინო მომსახურება“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ.

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პაციენტებისთვის შეთავაზებული სერვისების შედეგების განხილვა, დამატებითი საჭიროებების განსაზღვრა და ექიმ სპეციალისტთა მოსაზრებების გაზიარება.

გაფანტული სკლეროზის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად ბათუმის სტადიონი ნარინჯისფრად განათდა, რაც აღნიშნული დაავადების სიმბოლურ ფერად მიიჩნევა.

საერთაშორისო დღის მიზანია დაავადების შესახებ საზოგადოების ინფორმირების დონის ამაღლება და დროული დიაგნოსტიკის მნიშვნელობის ხაზგასმა. საქართველო აღნიშნულ ინიციატივას საინფორმაციო კამპანიით 2018 წლიდან უერთდება.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები