Logo

ადამიანები ისტორიით/ალექსანდრე კალანტაროვი – ექიმი, რომელმაც ქვეყანა არ მიატოვა

ადამიანები ისტორიით
388
Frontnews image description

"პაციენტს თუ ჯანმრთელობის გამო რაიმე სახის დახმარება ესაჭიროება, ყველა პირობა უნდა იყოს შექმნილი ქვეყანაში ამისთვის“ – ამბობს ალექსანდრე კალანტაროვი, ადამიანი, რომელსაც ქართული პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის ფუძემდებლად მიიჩნევენ.

ალექსანდრე კალანტაროვი 30 წელზე მეტია, სამედიცინო სფეროში მოღვაწეობს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, 46 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი და მრავალი ურთულესი ოპერაციის წარმატებით შემსრულებელი,  რჩება ერთგული იმ გზის, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა საქართველოში დაიწყო.

მისი მოღვაწეობა არა მხოლოდ პროფესიული მიღწევებით, არამედ ღრმა ადამიანური დამოკიდებულებითაც გამოირჩევა – მისთვის მედიცინა მხოლოდ საქმე კი არა, მისიაა. „იმ წლებში, როცა ექიმი გავხდი, განათლების მიღება ბევრად რთული იყო, ხელმისაწვდომობა შეზღუდული, მაგრამ სირთულეებმა გაძლიერება, უკეთესი პროფესიული ეთიკის ჩამოყალიბება და შრომის სიყვარული მასწავლა", – ამბობს ის.

კარიერის დასაწყისს კალანტაროვი განსაკუთრებული ემოციით იხსენებს:  "დღეში 2-3 საათი მეძინა, დანარჩენ დროს კლინიკაში ვატარებდი. ასე დავიწყე ექიმობა. მხოლოდ შრომით და განუწყვეტელი სწავლის სურვილით ხდება ადამიანი ნამდვილი პროფესიონალი".

დღეს უკვე სწორედ ამ პრინციპებზე აყალიბებს ახალ, თანამედროვე პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგიის დიდ ცენტრს, რომელიც მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიხსნება. კლინიკა, რომელშიც ქართველ პაციენტებსა და ექიმებს საერთაშორისო სტანდარტების პირობებში მოუწევთ მუშაობა და მკურნალობა, ალექსანდრე კალანტაროვის კიდევ ერთი დიდი ნაბიჯია საქმის სიყვარულით სავსე ცხოვრებაში.

ის არ მალავს, რომ წლების განმავლობაში უამრავი საერთაშორისო შეთავაზება ჰქონდა – მათ შორის აშშ-დან, ავსტრალიიდან და დიდი ბრიტანეთიდან, თუმცა სამშობლოს არ განელებია ერთგულება. „არ მინდოდა ჩემი ქვეყანა დამეტოვებინა. ქართულ მედიცინას სჭირდებოდა გამოცდილება, სიძლიერე, ლიდერები. ვიფიქრე, იქნებ ჩემი აქ ყოფნააც საჭიროა", – გვიყვება ის.

ალექსანდრე კალანტაროვი პროფესიული თემების პარალელურად იხსენებს მშობლებს, რომლებმაც დიდი როლი შეასრულეს მისი პიროვნების და პროფესიონალის ფორმირებაში. „ყველაფერი იმ სახლიდან მოდის, სადაც პირველად გაიგე, რა არის გარჯა, ადამიანების პატივისცემა და განათლება", – ამბობს ის მადლიერებით.

საბჭოთა საქართველოში დაბადებას და მოღვაწეობის დაწყებას, ის გულწრფელად ნანობს. "ძალიან ბევრ კარგ ადამიანს არ ჰქონდა შესაძლებლობა გამოევლინა თავი, ებრძოლა საკუთარი პროფესიისთვის. დღეს ყველაფერი სხვაგვარად უნდა იყოს – ახალგაზრდებს არ უნდა შეეზღუდოს შესაძლებლობა იყვნენ უკეთესები, ვიდრე ჩვენ ვიყავით", – აცხადებს ექიმი.

ალექსანდრე კალანტაროვი რუბრიკის “ადამიანები ისტორიით” სტუმარია – ადამიანი, რომელმაც სამაგალითოდ აჩვენა, როგორ უნდა ემსახურო ქვეყანას თავდადებით, რწმენით და პროფესიული პასუხისმგებლობით. მისი მოღვაწეობა და ფასეულობები მომავალ თაობებსაც გზას უჩვენებს – სხვა ქვეყანაში წასვლა კი არა, შენს მიწაზე დარჩენა, მშენებლობა და გადარჩენა, ეს არის პატრიოტიზმის ფორმა, რომელსაც სიტყვები კი არა, საქმე განსაზღვრავს.

Advertisement