Logo

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა "იურიდიული დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა

პოლიტიკა
146
Frontnews image description

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა „იურიდიული დახმარების შესახებ“  კანონში ცვლილება, რომელიც იურიდიული დახმარების სამსახურის ანგარიშვალდებულების, იურიდიული დახმარების საბჭოს დაკომპლექტების და სამსახურის დირექტორის დანიშვნა-გათავისუფლების წესებს შეეხება.

კანონპროექტით, იურიდიული დახმარების სამსახური ანგარიშვალდებულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე და სამსახურის დირექტორი სამსახურის წინა წლის საქმიანობის შესახებ ანგარიშს  საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს.

ამასთანავე, იურიდიული დახმარების საბჭო, ნაცვლად ცხრა წევრისა,  შვიდი წევრისაგან დაკომპლექტდება, რომელთაგან 2 წევრი  პარლამენტის იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები იქნება, 1 − იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, 1 − საქართველოს გენერალური პროკურორი, 1 − საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, 1 − საქართველოს სახალხო დამცველი და 1 − საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე. საბჭოს წევრების უფლებამოსილების ვადად განისაზღვრება მათი შესაბამის თანამდებობებზე ყოფნის პერიოდი.

კანონპროექტით, იურიდიული დახმარების სამსახურის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნის უფლებამოსილება ენიჭება პრემიერ-მინისტრს, რომელსაც საბჭო სამსახურის დირექტორობის კანდიდატს წარუდგენს დასანიშნად.

კანონპროექტის განხილვის დროს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით  შენიშვნები და მოსაზრებები გამოითქვა. კომიტეტმა გაითვალისწინა მოსაზრება იმის თაობაზე, რომ იურიდიული დახმარების საბჭოს შემადგენლობაში არ იყოს საქართველოს გენერალური პროკურორი და ასევე, საბჭოს უფლებამოსილებები სრულად გადაეცეს იუსტიციის მინისტრს. სწორედ ამ დათქმის გათვალისწინებით, კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე განხილვას.

კანონპროექტის ავტორები და ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: არჩილ გორდულაძე, თორნიკე ჭეიშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, დავით მათიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, თენგიზ შარმანაშვილი, გურამ მაჭარაშვილი, და აკაკი ალადაშვილი.

კომიტეტის სხდომაზე, კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობდნენ ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლები.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები