Logo

ადვოკატები - გიგა წულეისკირი მოქალაქეებს პრობლემის მოგვარების რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს, ამისთვის საჭიროა მისი დროებით გათავისუფლება

საზოგადოება
124
Frontnews image description

დაწყებული საქმეების ბოლომდე მისაყვანად და "სფერო ინვესტის" პრობლემის მოსაგვარებლად, საჭიროა გიგა წულეისკირის დროებით გათავისუფლება, აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის დროებით შეცვლა გირაოთი, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა, ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმეები, - ამის შესახებ "სფერო ჰოლდინგის" დამფუძნებლის გიგა წულეისკირის ადვოკატების განცხადებაშია აღნიშნული.

უფლებადამცველების თქმით, გიგა წულეისკირი მოქალაქეებს პრობლემის მოგვარების რამდენიმე ვარიანტს სთავაზობს და პრობლემების მოსაგვარებლად მას დრო 2025 წლის დეკემბრის ბოლომდე სჭირდება.

ადვოკატები "სფერო ინვესტის“ კონტრაქტორ მოქალაქეებს მიმართავენ, მისცენ ამის შესაძლებლობა გიგა წულეისკირს, რითაც მათი ფინანსური მოთხოვნებიც უფრო დროულად იქნება დაკმაყოფილებული.

"სს "სფერო ინვესტის“ პრობლემის მოგვარებაში თავისი ინიციატივით ჩაერთო "სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გიგა წულეისკირი, რომელსაც, მართალია, სამართლებრივი კავშირი არ აქვს უშუალოდ „სფერო ინვესტთან“ (არ არის მისი დამფუძნებელი/დირექტორი), მაგრამ დაწყებული აქვს მოლაპარაკებები პოტენციურ ინვესტორებთან და ქონების შეძენით დაინტერესებულ პირებთან; იგი მოქალაქეებს სთავაზობს პრობლემის მოგვარების რამდენიმე ვარიანტს:

1) გიგა წულეისკირს პარტნიორი კომპანიების მეშვეობით დაწყებული ჰქონდა მოლაპარაკებები ბანკებთან საკრედიტო საკითხებზე, რომლის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული იქნებოდა „სფერო ინვესტის“ ქონება;

2) გიგა წულეისკირს მოლაპარაკება ჰქონდა უცხოელ ინვესტორებთან, „სფერო ინვესტის“ უძრავი ქონების ხარჯზე თანხების გამოყოფაზე სახელშეკრულებო ურთიერთობაში მყოფი ყველა მოქალაქის დასაკმაყოფილებლად (ამ შემთხვევაში, საჭიროა მოქალაქეების თანხმობა ყადაღის მოხსნაზე);

3) გიგა წულეისკირი აწარმოებდა მოლაპარაკებებს სამშენებლო კომპანიებთან, რომლებიც აშენებენ ბინებს ქ. თბილისში, რათა მომხდარიყო „სფერო ინვესტის“ უძრავი ქონების ნაწილის გაცვლა თბილისში არსებულ ბინებზე, რისი შეთავაზება მოხდებოდა მოქალაქეებისათვის (ეს შეთავაზება ეხებოდა ყველას, მათ შორის, მათაც, ვისი თანხის დაბრუნების ვადა ჯერ არ იყო დამდგარი).

"სფერო ინვესტი“ სახელშეკრულებო ურთიერთობაშია 570 მოქალაქესთან, საიდანაც, დღეის მდგომარეობით, თანხის გადახდის ვალდებულება დამდგარია მხოლოდ 88 მოქალაქის მიმართ. მიუხედავად ამისა, გიგა წულეისკირს აქვს ინიციატივა, რომ შესაძლებელია ყველა ვალდებულების წინმსწრებით დაფარვა, რადგანაც კომპანიის ქონება ჯამურად რამდენჯერმე აღემატება ვალდებულებებს. მოქალაქეების რაოდენობა, რომელთა მიმართაც სამომავლოდ დადგება გადახდის ვალდებულება, ყოველთვიურად მოიმატებს...

დღეის მდგომარეობით, დაწყებული საქმეების ბოლომდე მისაყვანად და „სფერო ინვესტის“ პრობლემის მოსაგვარებლად, საჭიროა გიგა წულეისკირის დროებით გათავისუფლება, აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის დროებით შეცვლა გირაოთი, რათა მას მიეცეს შესაძლებლობა, ბოლომდე მიიყვანოს დაწყებული საქმეები. ზემოაღნიშნული 3 ვარიანტიდან ერთ-ერთი საკმარისია პრობლემის გადასაწყვეტად. წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა ეს მოლაპარაკება ჩაიშლება, პრობლემა დარჩება პრობლემად და მისი მოგვარება გადაინაცვლებს ხანგრძლივ რეჟიმში. ამის გამო მოითხოვს გიგა წულეისკირი დროებით გათავისუფლებას. მას სჭირდება დრო 2025 წლის დეკემბრის ბოლომდე. მოგეხსენებათ, რომ პენიტენციური დაწესებულებიდან შეუძლებელია აქტიური კომუნიკაცია, მოლაპარაკებების წარმოება და შეხვედრების გამართვა.

წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ არ მოხდა მისი გათავისუფლება, გიგა წულეისკირი იხსნის პასუხისმგებლობას შემდგომ ნებისმიერ უარყოფით განვითარებაზე, რაც მომდინარეობს დაზარალებულად ცნობილი პირებისაგან და ა.შ...

"სფერო ინვესტის“ დამფუძნებელ და ხელმძღვანელ პირს, არც მის პარტნიორს, არ ჰქონიათ განზრახვა მოქალაქეთა მიერ ინვესტირებული თანხების მითვისების, რასაც მოწმობას მთელი ქონების კომპანიის ბალანსზე არსებობა. მიღებული თანხების ძირითადი ნაწილი დახარჯულია უძრავი ქონებების შექმნაში, ხოლო ნაწილი პერსონალის ხელფასებში და სოციალური პროექტებში.

ამდენად, საქმის განხილვის პროცესში ეს გარემოებები ნათლად წარმოჩნდება და თვითონ მოქალაქეები დაინახავენ, რომ არც განზრახვა და არცერთი ფაქტი არ დადასტურდება თანხების მითვისების. საჭიროა ერთობლივი მოქმედება და ჩვენ მივმართავთ "სფერო ინვესტის“ კონტრაქტორ მოქალაქეებს, რომ მისცენ ამის შესაძლებლობა გიგა წულეისკირს, რითაც მათი ფინანსური მოთხოვნებიც უფრო დროულად იქნება დაკმაყოფილებული", - აღნიშნულია განცხადებაში.

"სფერო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი გიგა წულეისკირი 10 ნოემბერს დააკავეს.

Advertisement