Logo

ადვოკატი - კატეგორიული უარი, რომ საპროცესო შეთანხმება არ ფორმდება, არ ყოფილა

სამართალი
224
Frontnews image description

ბრალდების მხარე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 16 აპრილამდე საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდეს, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის ჯუანშერ ბურჭულაძის ადვოკატმა ხათუნა ხურცილავამ განაცხადა.

მისივე თქმით, დამატებით დეტალებზე ბურჭულაძესთან შეხვედრის გარეშე ვერ ისაუბრებს.

"ახლა გავიგეთ, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოს საპროცესო შეთანხმებაზე ვლადიმერ ღუდუშაურთან დაკავშირებით მიმართა. ჩვენს საკითხზე მოლაპარაკება მიმდინარეობს, ვფიქრობთ, 16 აპრილამდე - მომდევნო სხდომაზე ბრალდების მხარისგან პასუხს მივიღებთ. კატეგორიული უარი, რომ საპროცესო შეთანხმება არ ფორმდება, არ ყოფილა. ბრალდების მხარე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას ითხოვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ 16 აპრილამდე საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდეს. დეტალებზე არ ვსაუბრობ, ვიდრე თავად ჯუანშერი თავის პოზიციას არ დააფიქსირებს", - განაცხადა ხათუნა ხურცილავამ.

პროკურატურა თავდაცვის ყოფილ მინისტრს ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის მოადგილე გიორგი ხაინდრავასა და ბურჭულაძის ცოლის ძმას - ვასილ მხეიძესთან საპროცესო შეთანხმებაზე უარს უცხადებს, რაც შეეხება ვლადიმერ ღუდუშაურს, მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება. პროკურატურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძეს უნდა ჩამოერთვას ის ქონება, რაც ფულის მითვისებით აქვს შეძენილი. საუბარია მათ შორის, ესპანეთში არსებულ მიწის ნაკვეთზე და მასზე განთავსებულ სახლზე, ასევე საქართველოში - დაბა-წყნეთში მდებარე სახლი და ფართები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯუანშერ ბურჭულაძე 2025 წლის 11 სექტემბერს დააკავა. პროკურატურამ ბურჭულაძეს ბრალდება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე წარუდგინა. ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები