Logo

ადვოკატი - პროკურატურამ და შსს-მ აღიარეს, რომ ყველაფერი, რაზეც მე, როგორც დაზარალებული მხარის ადვოკატი ვსაუბრობდი, იყო სიმართლე

სამართალი
171
Frontnews image description

დღევანდელი ბრიფინგით და გადაწყვეტილებებით უკვე ცალსახად დადასტურებულია, რომ პროკურატურამ და შსს-მ აღიარეს, რომ ყველაფერი, რაზეც მე, როგორც დაზარალებული მხარის ადვოკატი ვსაუბრობდი, იყო სიმართლე, - ამის შესახებ მოკლული ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძის საქმის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, მკვლელობა იყო შეკვეთილი.

"პირველივე დღიდანვე, როგორც კი საქმეში ჩავერთე, ვამბობდი იმას, რომ საქმეზე გამოძიება არ მიდიოდა სწორი მიმართულებით. იმის ნაცვლად, რომ პასუხისგებაში მიცემულიყო ჯერ გამოვლენილი მკვლელობის შემკვეთები, მკვლელობაში თანამონაწილეები, პროკურატურა აკეთებდა ყველაფერს, რომ საქმე ჩაფარცხულიყო. დღევანდელი ბრიფინგით და გადაწყვეტილებებით უკვე ცალსახად დადასტურებულია, რომ პროკურატურამ და შსს-მ აღიარა, რომ ყველაფერი, რაზეც მე, როგორც დაზარალებულის მხარის ადვოკატი ვსაუბრობდი, იყო სიმართლე. საქმე გვაქვს შეკვეთილ მკვლელობასთან, საქმე გვაქვს მკვლელობასთან, როდესაც ერთი პირი, უშუალოდ მკვლელობის ჩამდენი თვითონ ამ დანაშაულს ვერ ჩაიდენდა სხვების დაუხმარებლად და მას პირადი მოტივი მკვლელობის არ ჰქონია, მას შეუკვეთეს", - განაცხადა ტარიელ კაკაბაძემ.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა ვაჟა სირაძემ შსს-ში ბრიფინგზე განაცხადა, რომ ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით და ანგარებით განზრახ მკვლელობის ორგანიზების, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვა-გასაღების, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისა და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით ცრუ ინფორმაციის მიწოდების ბრალდებით კიდევ 3 პირი - გ.მ., გ.კ. და მ.ბ. დააკავეს, ხოლო საზღვარგარეთ მყოფ 2 პირს გ.ჯ.-სა და დ.მ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინებათ.

ბიზნესმენი ლევან ჯანგველაძე 14 მარტს, ღამით თბილისში, ჭავჭავაძეზე მოკლეს.

Advertisement