“ახლა არ არის 2018 წელი” – ფიცო პროტესტის ფონზე გადადგომას არ აპირებს


ავტორი
Front News საქართველო
სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა, რომ საპროტესტო აქციების ფონზე ის თანამდებობას არ დატოვებს. თუმცა არ გამორიცხა ქვეყანაში ვადამდელი არჩევნების ჩატარება.
ფიცოს მთავრობა პარლამენტში უმრავლესობის დაკარგვის წინაშე აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც კოალიციის ოთხმა დეპუტატმა უარი თქვა კენჭისყრაზე, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდებოდა. მათი მხარდაჭერის გარეშე მმართველ კოალიციას მხოლოდ 75 ხმის მოგროვება შეუძლია. ეს საკმარისი არ არის 150-კაციან პარლამენტში უმრავლესობის მოსაპოვებლად.
ფიცომ აღნიშნა, რომ “ახლა არ არის 2018 წელი” და გაიხსენა, რომ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა მასობრივი პროტესტის შემდეგ დაუყოვნებლივ დატოვა. მასშტაბური პროტესტი მაშინ ჟურნალისტ იან კუჩიაკის და მისი საცოლის მკვლელობამ გამოიწვია.
სახელმწიფო რადიოსთან საუბრისას ფიცომ არ გამორიცხა ვადამდელი არჩევნები, თუ კოალიცია უმრავლესობას დაკარგავს, თუმცა განაცხადა, რომ ეს არ არის საუკეთესო გამოსავალი.
“მთავრობა შეიცვლება მხოლოდ არჩევნების ჩატარების შემთხვევაში“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა.
საპროტესტო აქციები სლოვაკეთში 24 იანვარს დაიწყო, რაც ფიცოს მიერ მოსკოვში პუტინთან ჩასვლას მოჰყვა. ამ გზით მას სურდა უკრაინის გავლით რუსული გაზის ტრანზიტის პრობლემის მოგვარება.
ფიცო ამტკიცებს, რომ ბრატისლავას და ქვეყნის სხვა ქალაქებში ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებში უკრაინაა ჩართული და პროტესტის ყოველი მესამე მონაწილე, უკრაინელია.
მისივე თქმით, აქციებს უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციები ატარებენ.
თაგები:
რობერტ ფიცო