აკია ბარბაქაძე - რაც დრო გადის, რუსეთი წაგებისთვის სულ უფრო მეტად არის განწირული, უკრაინელები სერიოზულ გარღვევას მოახერხებენ

ავტორი
Front News საქართველო
კრემლის მიერ არაფორმალური, კულუარული არხების გააქტიურება ფრონტზე არსებულ რთულ ვითარებასა და პუტინის მიერ შექმნილ "ვირტუალურ რეალობას“ უკავშირდება. სამხედრო ანალიტიკოსი აკია ბარბაქაძე Front News-თან ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მოსკოვი ამ ეტაპზე სტრატეგიულ კომპრომისებს არ განიხილავს და აბრამოვიჩის მისია, სავარაუდოდ, მხოლოდ ლოკალური ხასიათის გარანტიების მიღებას ისახავდა მიზნად.
ანალიტიკოსის შეფასებით, კრემლს სამხედრო ამოცანები ჩავარდნილი აქვს, ტექნოლოგიურად ჩამორჩება უკრაინას და უპირატესობის შენარჩუნებას მხოლოდ საკუთარი ჯარისკაცების სიცოცხლის ფასად, ე.წ. „ხორცის საკეპის“ ტაქტიკით ცდილობს. ამ ფონზე, ევროპული მხარდაჭერის გაძლიერება და უკრაინის მიერ რუსეთის ღრმა ზურგში ლოგისტიკის მოშლა ზელენსკის მასშტაბური კონტრშეტევის საფუძველს აძლევს.
– ბატონო აკია, ცნობილი გახდა ვოლოდიმირ ზელენსკისა და რომან აბრამოვიჩის ფარული შეხვედრის დეტალები კიევში, სადაც ოლიგარქი პუტინის გზავნილებით ჩავიდა. თქვენი შეფასებით, რაზე მიანიშნებს კრემლის მხრიდან ამ ტიპის კულუარული, არაოფიციალური არხების გააქტიურება მაშინ, როცა საჯაროდ მოსკოვი კომპრომისებს გამორიცხავს?
– ვფიქრობ, ეს შეხვედრა ლოკალური ხასიათის იყო და პუტინს გარკვეული გარანტიების მიღება სურდა. მაგალითად, როგორც 9 მაისს სთხოვა მან ტრამპის მეშვეობით და ზელენსკიმ გააკეთა კიდეც განცხადება, რომ წითელ მოედანზე შეტევას არ მიიტანდა, რათა აღლუმი ჩატარებულიყო. რაღაც მსგავსი ხდებოდა პეტერბურგთან დაკავშირებითაც. თუ დააკვირდით, იქ ასეთი რამ მოხდა: უკრაინელებმა შეტევა როგორც გახსნისას, ისე დახურვისას განახორციელეს და დარტყმა მხოლოდ მაშინ არ მომხდარა, როცა პუტინი სიტყვით გამოდიოდა. ჩემი აზრით, ეს იყო ლოკალური სახის მოლაპარაკება და აბრამოვიჩიც სწორედ ამიტომ ჩავიდა. შესაძლოა, ამის სანაცვლოდ ტყვეთა გაცვლა ან სხვა რამ მოხდა. აქ ზუსტად არ ვიცით, რა იყო, ამიტომ ალბათობის თეორიიდან გამომდინარე ვსაუბრობთ. იმის ლოგიკურად მტკიცება, რომ პუტინი აბრამოვიჩის მეშვეობით ზელენსკისთან გრძელვადიან მშვიდობაზე ან ცეცხლის შეწყვეტაზე დროებით მოლაპარაკებას ცდილობს, ნაკლებად სავარაუდო მგონია.
– რატომ, ბატონო აკია? პუტინი ვერ ხვდება, რომ მისი მდგომარეობა რთულია და ამ ომში ვერ იღებს იმას, რაც გათვლილი ჰქონდა? თუ უბრალოდ მაქსიმალური სარგებლის გამოვაჭრებას ცდილობს?
– დიახ, პუტინის აღქმა სრულიად სხვაგვარია. მას არ უნდა რეალობას დაუბრუნდეს და უკრაინის ფრონტზე არსებულ მდგომარეობას თვალი გაუსწოროს. მას ჰგონია და სჯერა, თითქოს ფრონტის ხაზზე რუსული ჯარები ყველგან უტევენ. მე ვფიქრობ, ეს არის ვირტუალური რეალობა, რომელიც პუტინმა საკუთარ თავს შეუქმნა. პუტინი ერთადერთ რამეს ცდილობს – ამ ომიდან ნებისმიერ ფასად გამარჯვებული გამოვიდეს. იმპერიალისტური აზროვნება არ უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ ის ამ კონფლიქტში დამარცხდეს. ჩვენ ვიცით ვიეტნამის კონფლიქტი, როდესაც ამერიკელებმა წაგება აღიარეს და ვიეტნამიდან გავიდნენ, მაგრამ რუსეთი არ არის ის იმპერია, რომელიც ამას მიხვდება. ტრადიციულად, რუსეთი ვერასდროს ხვდებოდა, როდის უნდა გამოსულიყო კონფლიქტიდან.
– თუ პუტინი მოლაპარაკებაზე არ წავა, მაშინ ფრონტის ხაზზე რა შესაძლებლობები აქვს მას რეალურად? აქვს თუ არა ახლა რუსულ ჯარს იმის რესურსი, რომ რომელიმე მიმართულებით შეტევაზე გადავიდეს?
– მოდით, იქიდან დავიწყოთ, რომ დიდი მსხვერპლის გაღების რესურსი რუსეთს ჯერჯერობით კიდევ აქვს. თუმცა, რამდენად დიდხანს შეძლებს ის ამ „ხორცის საკეპის“ მუშაობას, ეს კიდევ საკითხავია. ჩვენ გვახსენდება, როგორი ბრუტალური იყო მეორე მსოფლიო ომი და რამხელა მსხვერპლი გაიღო მაშინ საბჭოთა კავშირმა. ვიცით რუსეთის ომების ისტორია – გნებავთ იაპონიასთან და გნებავთ თურქეთთან; რუსეთის წარმატება თუ წარუმატებლობა ყოველთვის ადამიანების გვამების და სიცოცხლის ფასად ხდებოდა. რუსული აზროვნება მხოლოდ იმპერიის გაფართოებაზეა ორიენტირებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი სხვა ქმედება წაგებას ნიშნავს, ისტორიულად კი ეს მეფის სიკვდილს უდრის. რუსული ისტორია გვეუბნება, რომ თუ მეფე ომს აგებს, მას კლავენ.
პუტინი უშიშროების სისტემის (ფესბეს) მიერ დასმული ლიდერია. პრობლემა ის არის, რომ მთელი რუსული, „კაგებეშნიკური“ ელიტა ზუსტად ისე აზროვნებს, როგორც პუტინი. ისინი შესაძლოა, პუტინზე გაბრაზებულებიც კი არიან, ოღონდ იმის გამო, რომ უფრო მეტი უკრაინელი ვერ მოკლა, მეტი ქალაქი ვერ გაანადგურა და ვერ შეასრულა ის ამოცანები, რაც თავიდან დაისახა. მას ხომ უკრაინის ე.წ. „დენაციფიკაცია“ და „დემილიტარიზაცია“ ჰქონდა გამოცხადებული. რეალურად, რუსეთმა ამ ომში ვერცერთი სამხედრო ამოცანა ვერ შეასრულა. მეტსაც გეტყვით, რაც დრო გადის, რუსეთი წაგებისთვის სულ უფრო მეტად არის განწირული. რუსეთი ტექნოლოგიურად ჩამორჩება უკრაინას და უპირატესობა მხოლოდ ადამიანური რესურსის ხარჯზე აქვს. ამით ცდილობს აჩვენოს, თითქოს დღეს ფრონტზე ინიციატივას ფლობს.
სინამდვილეში, ბოლო ერთი თვეა, რაც უკრაინელებმა დრონებით შეტევა უმაღლეს დონეზე აიყვანეს და მთელი რუსული ლოგისტიკა როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისე სიღრმეში სრულიად მოშალეს. ჩვენ ვხედავთ, რომ 1500-2000 კილომეტრის სიღრმეში უკრაინელები ძალიან წარმატებულ ოპერაციებს ატარებენ. ისინი რუსებს მხოლოდ ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებს კი არ უნადგურებენ, არამედ მთელ ლოგისტიკას ურტყამენ, ჯარების მომარაგებას უშლიან და ნებისმიერ ოპერატიულ გადაადგილებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ. თუ ასე გაგრძელდა და ვითარება არ შეიცვალა, უკრაინელები წარმატებას კიდევ უფრო გაზრდიან და რუსეთის პრობლემები უფრო თვალსაჩინო გახდება. თუ დასავლეთიდან მომარაგების პრობლემა არ შეიქმნა და უკრაინამ საჭირო დახმარება დროულად მიიღო, რეალურად ყველაფერი იქით მიდის, რომ უკრაინელები სერიოზულ გარღვევას მოახერხებენ ან მარიუპოლის, ან ყირიმის მიმართულებით.
– იანვარ-თებერვალში დაწყებული აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები ირანის გარშემო დაწყებული სამხედრო ესკალაციის გამო შეჩერდა. თქვენი აზრით, რამდენად დიდია საფრთხე, რომ ახლო აღმოსავლეთზე ფოკუსის გადატანით უკრაინამ დაკარგოს დასავლეთის სამხედრო და ფინანსური პრიორიტეტულობა?
– ამის ალბათობა ძალიან დაბალია. უკრაინა ახლა ძირითადად ევროპელების მიერ მარაგდება და ეს საბრძოლო თეატრი ევროპის პასუხისმგებლობის ქვეშაა. ევროპელების მხრიდან არ არსებობს არანაირი ნიშანი იმისა, რომ ისინი დახმარების შემცირებას აპირებენ. პირიქით, ვნახეთ, რომ იმ 90 მილიარდის ზემოთ, უკრაინისთვის დამატებით 70 მილიარდი ევროს გამოყოფა მოხდა. ჩვენ თვალი ვადევნეთ საფრანგეთის, გერმანიის, დიდი ბრიტანეთისა და უკრაინის ლიდერების შეხვედრას, სადაც მათ 5-პუნქტიანი გეგმა მიიღეს. ამ გეგმის მიხედვით, ისინი გააძლიერებენ ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების მიწოდებას, გააფართოებენ სამხედრო წარმოებას უკრაინასთან ერთად და ფაქტობრივად, რუსეთს სთავაზობენ, რომ არსებულ გამყოფ ხაზზე დროებით ცეცხლის შეწყვეტაზე დაიწყონ მოლაპარაკება. ვინაიდან პუტინმა ამაზე უკვე განაცხადა უარი, ეს ნიშნავს, რომ ზელენსკის ხელ-ფეხი გახსნილი აქვს შემდეგი, კიდევ უფრო მასირებული შეტევების ჩასატარებლად.
– უკრაინამ, დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და საფრანგეთმა სამშვიდობო მოლაპარაკებების საწყის წერტილად მიმდინარე ფრონტის ხაზი (ე.წ. შეხების ხაზი) დაასახელეს. სამხედრო თვალსაზრისით, რამდენად მყარია ეს პოზიცია უკრაინისთვის და ხედავთ თუ არა რისკს, რომ ეს კონფლიქტის გრძელვადიან გაყინვას ნიშნავდეს?
– რუსეთის შეტევები არაეფექტურია. ერთადერთი, რასაც რუსეთი აკეთებს, სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმებია, რაც პრინციპში კონვენციით აკრძალული ქმედება და სამხედრო დანაშაულია. ფრონტის ხაზზე რუსეთი ვერაფერს აღწევს. უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც რუსები ადრე დაკავებულ ტერიტორიებს კარგავენ. უკვე არის ფაქტები, რომ რუსი სამხედროები პოზიციებს ტოვებენ და გარბიან. უკრაინის არმია რუსებს არა მხოლოდ შეიარაღებით, არამედ ჯარის მართვითა და სამხედრო აზროვნებითაც სჯობნის. კრეატიული აზროვნებით უკრაინელები რუსულ სამხედრო მანქანაზე ბევრად წინ არიან და ეს აშკარად ჩანს.
რუსეთი სარაკეტო დარტყმებით ცდილობს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურა მთლიანად დაანგრიოს და მსხვერპლით უკრაინა დააზიანოს. უკრაინელები კი, იმავე პრინციპით, მხოლოდ სამხედრო და ეკონომიკურად მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურას ანადგურებენ, განსაკუთრებით იმას, რაც სამხედრო წარმოებასთან არის დაკავშირებული. რუსებისგან განსხვავებით, უკრაინელები ჩვეულებრივ სამოქალაქო სექტორსა და ინფრასტრუქტურას არ ერჩიან. ამხელა, გაუკონტროლებელი ფრონტის ხაზი რუსებისთვის უკვე სერიოზულ პრობლემად იქცა.
– როგორ ფიქრობთ, 2026 წლის ბოლოსთვის არსებობს თუ არა იმის ალბათობა, რომ უკრაინის ომში ცეცხლი შეწყდეს და ომი დასრულდეს?
– ასე ზუსტად ვერავინ ვერაფერს იტყვის. შესაძლოა, პროცესები ისე განვითარდეს, რომ ყველაფერი ერთ დღეში ჩამოიშალოს, ან კიდევ ერთი წელიც არაფერი შეიცვალოს. ამიტომ, ზუსტი სადაზვერვო თუ სხვა ინდიკატორების ფლობის გარეშე, ამის პროგნოზირება ძალიან რთულია. ჩვენ ინფორმაციას ღია წყაროებიდან ვიღებთ, ამიტომ ზუსტად არ ვიცით, რამდენად მყიფეა დღეს რუსეთის ეკონომიკური მდგომარეობა, მედეგობა ან სიტუაცია მის შეიარაღებულ ძალებში. ჩვენ მხოლოდ გარკვეული ნიშნები გვაქვს და ამით ვვარაუდობთ. თუმცა, ის ფაქტი, რომ რუსეთი უკვე წარუმატებელია და რამდენიმე წელია, ერთ ადგილს ტკეპნის ან უკან იხევს, ბევრ რამეზე მეტყველებს.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
აკია ბარბაქაძე




