Logo

ალექსანდრ კოვალჩუკი – ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი მოქალაქეები უვნებლად დავაბრუნოთ უკრაინაში, გამონაკლისი არც მიხეილ სააკაშვილია

უკრაინა
645
Frontnews image description

ყველას ერთი პოზიცია გვაქვს, როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებსა და პრეზიდენტს. ჩვენს მოქალაქეებს მსოფლიოს არც ერთ წერტილში არ ვტოვებთ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ისინი უვნებლად დავაბრუნოთ უკრაინაში. რა თქმა უნდა, გამონაკლისი არც მიხეილ სააკაშვილია, – ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ალექსანდრ კოვალჩუკმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განაცხადა.

 

კოვალჩუკის თქმით, სააკაშვილი არის უკრაინის მოქალაქე და უნდათ, ის დააბრუნონ ქვეყანაში.

 

“ყველა ძალიან ვდარდობთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობისა და სიცოცხლის გამო. ყველას კარგად გვესმის, რომ შიმშილობის 30 დღე ძალიან დიდი ვადაა და შესაბამისი სამედიცინო გამოკვლევა და მკურნალობა აუცილებლად უნდა იყოს უზრუნველყოფილი. მე ჩემს კოლეგა იულიასთან ერთად სამი დღე გავატარე მოლაპარაკებების, მიმართვების, ზარების, შეხვედრების პროცესში როგორც უკრაინაში, ისე საქართველოში ყველა დონეზე და მადლობა ღმერთს, ჩვენი ხმა შეისმინეს და ჩამოვედით, რომ გვენახა მიხეილი და მხარი დაგვეჭირა მისთვის, რათა გვენახა, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ეს საფრთხე არსებობს, თუმცა ჩვენ გვინდა, ვნახოთ, რამდენად კრიტიკულია მდგომარეობა. რაც მთავარია, გვინდა გადავცეთ მას უზარმაზარი პოზიტიური ენერგია, რომელიც არის უკრაინაში, რომელიც აქვს უკრაინელებს, რომლებიც პატივს სცემენ იმას, რაც მან საქართველოში გააკეთა. ახსოვთ ყველა რეფორმა, რომელიც მან საქართველოში გაატარა. ამისთვის ჩვენ მას პატივს ვცემთ უკრაინაში და ვმუშაობთ ერთად, ვწერთ კანონებს, ვატარებთ რეფორმებს. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთელი ეს ისტორია დიდი შოკი იყო, მათ შორის ის, რომ ჩვენ ამდენ ხანს არ გვიშვებდნენ, თუმცა მადლობა ღმერთს, ახლა გვიშვებენ. დანარჩენთან დაკავშირებით კომენტარს გავაკეთებთ გამოსვლისას. მთავარი, რასაც ვეტყვით, არის ის, რომ მან იცოდეს, უკრაინაში ძალიან ბევრი ადამიანი დარდობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მას სწრაფად დაბრუნებას უსურვებენ“, – განაცხადა ალექსანდრ კოვალჩუკმა.

 

კითხვაზე, გრძელდება თუ არა უკრაინასა და საქართველოს შორის მოლაპარაკებები და ამჟამად რა ეტაპზეა, დეპუტატმა განაცხადა, რომ „მოლაპარაკებების გარკვეული ნაწილი არ საჯაროვდება“.

 

“მოლაპარაკებები არ არის ღია. მათი გარკვეული ნაწილი საჯაროვდება, თუმცა ძირითადი ნაწილი დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობს, არასაჯაროდ“, – აღნიშნა დეპუტატმა.

Advertisement