ანდრო გოცირიძე - ამერიკას ყელში ამოუვიდა რუსეთის გაუთავებელი ბირთვული მუქარები და მიანიშნებენ, რომ მზად არიან იგივე მუქარით უპასუხონ


ავტორი
Front News საქართველო
დღეს, როდესაც რუსეთის აგრესია უკრაინაში გეოპოლიტიკურ ლანდშაფტს ცვლის, მსოფლიო სულ უფრო ხშირად დგას ახალი გამოწვევების წინაშე. ბირთვული შანტაჟი, ეკონომიკური სანქციები და ფრონტის ხაზზე მიმდინარე ბრძოლები ომის რეალობად იქცა. ამ ფონზე, უსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე Front News-თან ინტერვიუში დონალდ ტრამპის განცხადებებს, რუსეთის ბირთვულ მუქარებს, სანქციების ეფექტურობასა და ფრონტის ხაზზე არსებულ ვითარებას აანალიზებს. ის განიხილავს, რამდენად რეალურია კრემლის მოლოდინები და რა ფაქტორებს შეუძლია შეცვალოს ომის მიმდინარეობა.
- დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი ხშირად აკეთებს ბირთვულ მუქარებს. ტრამპი აცხადებს, რომ ამ მიზნით რეგიონში ორი ბირთვული წყალქვეშა ნავი გაგზავნა. როგორ შეაფასებდით ტრამპის ამ ნაბიჯს და რამდენად რეალურია მედვედევის მხრიდან გაჟღერებული ბირთვული საფრთხე? არის თუ არა ეს განცხადება ბირთვული შეკავების ეფექტური საშუალება?
- პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ არმაგედონის განვითარებას არ უნდა ველოდეთ. ამერიკული ფლოტის ბირთვული წყალქვეშა ნავები ისედაც მუდმივად იმ ტერიტორიაზე მოძრაობენ, საიდანაც რუსეთის მხრიდან ბირთვული საფრთხე შესაძლოა, მომდინარეობდეს. ამიტომ, აქ რაიმე ახალი და განსაკუთრებული არაფერი ხდება. ახალია ტრამპის რიტორიკის ცვლილება. ადრე ის რუსეთის მიმართ უფრო მაამებლური და ანგარიშის გამწევი რიტორიკით გამოირჩეოდა. როგორც ჩანს, ამერიკის ადმინისტრაციაშიც შეიცვალეს დამოკიდებულება და საბოლოოდ მიხვდნენ, რომ რუსეთს მხოლოდ ძალის ენა ესმის და პუტინის შესაკავებლად ძალისმიერი ენაა მხოლოდ გასაგები.
რაც შეეხება თავად ამ მოვლენას, რუსეთი ბირთვულ შანტაჟს ნამდვილად აქტიურად იყენებს. თუ გადავავლებთ თვალს ამ პერიოდის განმავლობაში, რუსეთისთვის წამგებიანი სიტუაციის დროს ხშირად მედვედევის პირით აპელირებს, რომ ისინი ბირთვული სახელმწიფო არიან და თუ საჭირო გახდა, მას გამოიყენებენ. გვახსოვს პუტინის არაერთი მუქარაც. ამის შესაკავებლად ტრამპის განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან უკვე ამერიკას ყელში ამოუვიდა ეს გაუთავებელი მუქარები და მიანიშნებენ, რომ მზად არიან იგივე მუქარითაც უპასუხონ. პირველი ასეთი განცხადება, სხვათა შორის, დიდი ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერმა ბორის ჯონსონმა გააკეთა. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია, აშშ-ის ბირთვული შეიარაღების პოტენციალი ისეა გადანაწილებული, რომ რუსული აგრესიის შეკავებას მაქსიმალურად მოემსახუროს.
- დონალდ ტრამპის თქმით, "თუ რუსეთთან შეთანხმებას ვერ მივაღწევთ, მაშინ სანქციებს დავაწესებთ. პუტინმა იცის, როგორ აირიდოს სანქციები. ის ნამდვილად კერკეტი კაკალია“. თქვენი აზრით, რამდენად ეფექტურია დღევანდელი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და რა ახალი, ნამდვილად მტკივნეული სანქციების დაწესებაა შესაძლებელი, რომელთა თავიდან აცილებაც პუტინს გაუჭირდება და მის სტრატეგიულ მიზნებზე გავლენას მოახდენს?
- ზოგადად, ჩვენ ვიცით, რომ რუსეთის მთელი სიძლიერე ნავთობით ვაჭრობით არის განპირობებული. ძირითადად იმ ქვეყნებთან პარტნიორობით, რომლებიც რუსული ნედლეულით და ნავთობპროდუქტებით იკვებებიან. ესენი არიან ინდოეთი, ჩინეთი, ბრაზილია, სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნები. ამიტომ, სამხედრო ესკალაციამდე რომ არ მივიდეს საქმე, სწორედ ეკონომიკური ბერკეტების გამოყენებაა საჭირო. რუსეთს ახლა პასუხობენ იგივე იარაღით, რა იარაღითაც თავისი ჰეგემონიის ტრანსფერს ახორციელებს. რუსეთი ჰიბრიდული ომის ერთ-ერთ ბერკეტად ეკონომიკას იყენებს. ახლა ვხედავთ, რომ ტრამპი, როგორც გამოცდილი ბიზნესმენი, ეკონომიკურ ბერკეტებს ძალიან აქტიურად იყენებს. ერთი შეხედვით, ეს სისხლისმღვრელი კონფლიქტის წარმოქმნის პერსპექტივას ამცირებს. ეს ჰიბრიდული ომიც ძირითადად იმიტომ არის განპირობებული, რომ სისხლისმღვრელი კონფლიქტი არ მოხდეს.
- თუმცა ჩვენ ვნახეთ კრემლის პრესსამსახურის პესკოვის გახმაურება, რომელიც ამტკიცებს, რომ რუსეთს ამ სანქციების მიმართ უკვე იმუნიტეტი აქვს გამომუშავებული. მისი სიტყვების ნათელი მტკიცებულება კი ის ფაქტებია, როდესაც უკრაინულ ქალაქებს რუსები ბომბავენ, იქ არაერთი ჩამოვარდნილი იარაღის კომპონენტი აღმოუჩენიათ, რომელიც დასავლური კომპანიებისგან არის ნაყიდი. მათ დროც აქვთ თან დართული და ეს სრულიად ახალი ნაყიდი, ომის დაწყების შემდგომი პერიოდის იარაღებია. გამოდის, რომ პესკოვი მართალს ამბობს?
- სამწუხაროდ, რუსეთმა ნამდვილად მოახერხა და ლოგისტიკის მხრივ შეძლო დაელაგებინა იარაღისა და მისი კომპონენტების შესყიდვის საკითხი ომის პირობებშიც. ეს ახალი არ არის და მიკროჩიპების და სხვადასხვა ორმაგი დანიშნულების პროდუქციის მისაღებად სხვადასხვა ქვეყნებს იყენებს. ამიტომ აშშ-ის სანქციებს და ევროკავშირის სანქციების ახალ ტალღას, რომელსაც ისინი აანონსებენ, მხოლოდ მაშინ ექნება მნიშვნელობა, თუკი ისინი ამ ხაზებს დაარტყამენ. ბუნებრივია, ამის შესახებ დასავლეთის სადაზვერვო და ფინანსურ ინსტიტუტებს ინფორმაცია აქვთ. ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში, მათ შეუძლიათ ეს ყველაფერი იმ დონემდე ჩაკეტონ, რაც რუსეთის ბრძოლისუნარიანობას საგრძნობლად დასცემს. მეორეს მხრივ კი, რუსეთში ისეთ ეკონომიკურ პრობლემებს შექმნის, რაც რუსეთის ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაზე გავლენას მოახდენს.
- აუცილებლად ფრონტის ხაზზე მიმდინარე სიტუაციასაც მინდა შევეხოთ. ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთი ცდილობს დონეცკის რეგიონში ინტენსიური ბრძოლების ფონზე, ქალაქ ჩასოვ-იარის ხელში ჩაგდებას. უკრაინა უარყოფს ამ ეტაპზე, რომ რუსებმა ქალაქის აღება შეძლეს. თუმცა კრემლი ცდილობს ამ ქალაქის დაკავებას. რა სახის სტრატეგიული ობიექტია ახლა ეს ქალაქი და რა უპირატესობას მისცემს პუტინს მოლაპარაკების მაგიდასთან, თუ დონეცკის ამ ტერიტორიის აღებას შეძლებს?
- ნებისმიერი ტერიტორია, რომელსაც რუსეთი თავის ავტონომიურ ოლქების შემადგენლობაში განიხილავს, რუსეთისთვის მნიშვნელოვანია, რომ მის საზღვრებზე გავიდეს. თუმცა, ფრონტის ხაზზე მცირე ტაქტიკური უპირატესობის მიუხედავად, ამას ვერ ახერხებს. სავარაუდოდ, იგივე ძალთა ბალანსი შენარჩუნდება, თუ დასავლეთი უკრაინას არ მიაწვდის ისეთ შეიარაღებას, რომელიც ბრძოლის ველზე გარდატეხას შეიტანს. რუსეთს ამ ტემპით ალბათ, ათწლეულები დასჭირდება თავისი ამოცანების შესასრულებლად. ამიტომ, სიტუაცია ახლა ფრონტის ხაზზე, თუ შეიძლება ასე ითქვას, სტაბილურია. მხოლოდ მცირე ტაქტიკურ უპირატესობას ახერხებს რუსეთი, მაგრამ თუ დავუკვირდებით, მთელი ამ უპირატესობის მანძილზე მხოლოდ რამდენიმე დასახლებული პუნქტია, ისიც ხელიდან ხელში გარდამავალი, ოღონდ ეს ყველაფერი მილიარდები და ათიათასობით ჯარისკაცის სიცოცხლე.
- როგორც ანალიტიკოსები ხშირად ამბობენ, რუსეთს უკრაინაზე სამჯერ მეტი ცოცხალი ძალა ჰყავს და როგორც თქვენ აღნიშნეთ, არც არაფრად მიაჩნია თავისი მოქალაქეების სიცოცხლე. ამის ფონზე, რამდენად რეალურია, რომ რუსეთმა სამხედრო მრეწველობა ვერ დააწიოს ადამიანურ რესურსს, როგორც ამას სამხედრო ანალიტიკოსების ნაწილი ვარაუდობს? რა გავლენას მოახდენს ეს ფაქტორი ომის გრძელვადიან პერსპექტივაზე, განსაკუთრებით დონეცკის რეგიონში?
- აქ მნიშვნელოვანი ისევ სანქციების საკითხია, რადგან ქმედითი სანქციების პირობებში რუსეთის სამხედრო რესურსი მართლაც ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდება და ძალიან დაზარალდება. რუსეთს ამ ცოცხალი ძალის მოყვანაც სულ უფრო უძნელდება. პოლიტიკურ პრობლემებსაც წარმოქმნის ქვეყანაში. მართალია, რუსეთში დემონსტრანტების გამოსვლები და სხვა აქტივობები აღკვეთილია, მაგრამ უკვალოდ არ იკარგება. ადრე თუ გვიან, რუსეთის პოლიტიკური ელიტისთვის ძალიან მძიმედ იჩენს თავს.
- როგორ ფიქრობთ, დროებითი ზავის შესაძლებლობის ალბათობა თუ იკვეთება? ომის დასრულებაზე აღარც არის საუბარი. რუსეთი ნელ-ნელა წინ მიიწევს და სჯერა, რომ უკრაინა და დასავლეთი ადრე თუ გვიან მიიღებენ მის პირობებს. რამდენად გამართლებულია ეს მოლოდინი რუსეთის მხრიდან და რა ფაქტორები შეიძლება გახდეს გადამწყვეტი, რომელმაც ომის მიმდინარეობაზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინოს?
- ახლა მსოფლიოს ძალიან რთულად პროგნოზირებადი პოლიტიკოსები მართავენ. პუტინი კი მიზანმიმართულად მიისწრაფვის იმისკენ, რომ უკეთესი პოზიციები ჰქონდეს მოსალოდნელი ზავის თუ ცეცხლის შეწყვეტის წინაშე. საყოველთაოდ ცნობილია, რომელ ხაზზეც შეწყდება ცეცხლი, ძირითადად ის იქნება მომდევნო ათწლეულების სტატუს-კვო. მისი გადახედვა მალევე არ მოხდება. იურიდიულად რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებს არავინ აღიარებს. თუმცა, რუსეთმა თუ ამოისუნთქა, ჩაიკეტა თავისსავე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, სამხედრო ძალით მისი გაყვანა რთული იქნება. მოლაპარაკებების შედეგად რომ ეს არ მოხდება, ეს ჩვენ ყველაზე კარგად ვიცით. რუსეთის „პასუხისმგებლიანი პოლიტიკა“ საკუთარ თავზე ქართველებს გვაქვს გამოცდილი. ერთადერთი ზავისკენ იძულება უკრაინის მხარდაჭერა და მისთვის მძლავრი იარაღის გადაცემა იქნება, ისე რომ რუსეთი რეალურად ბრძოლის ველზე სამხედრო მარცხის რისკის ქვეშ დადგეს.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
ანდრო გოცირიძე

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს