Logo

ანდრო გოცირიძე – იმ პოლიტიკით, რასაც ახალ ტრამპის ადმინისტრაცია აწარმოებს, აშშ ხელს იბანს მსოფლიო წესრიგის პრინციპებზე

ინტერვიუ
24.04.2025 / 14:00
Frontnews image description

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკიზე გაბრაზებულმა აშშ-ის დელეგაციამ ლონდონში 23 აპრილს დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებები გააუქმა. ბრიტანული მხარის ცნობით, შეხვედრა, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ამერიკის, საფრანგეთის, ინგლისის, გერმანიისა და უკრაინის წარმომადგენლების მონაწილეობით უნდა გამართულიყო, აღარ შედგა და გადაიდო.

მოლაპარაკებები ოფიციალურ დონეზე გაგრძელდება, მაგრამ ის მედიისთვის დახურული იქნება. ამ ინფორმაციას უმალვე მოჰყვა აშშ-ის პრეზიდენტის  დონალდ ტრამპის მწვავე განცხადება და ზელენსკის კრიტიკა, როგორც ის აცხადებს,  ვითარება უკრაინისთვის სავალალოა, ზელენსკის შეუძლია, ჰქონდეს მშვიდობა ან შეუძლია, იბრძოლოს კიდევ სამი წელი, ვიდრე მთელ ქვეყანას დაკარგავს.

უსაფრთხოების ექსპერტი ანდრო გოცირიძე Front News-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამერიკამ ხელები დაიბანოს ევროპული საქმეებიდან, მაგრამ მაინც თუ ასე რეალურად მოხდა, ეს საქართველოსაც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

– ზელენსკისთვის წითელი ხაზი ყირიმზე უარის თქმაა, რასაც სწორედ ამერიკის ადმინისტრაციასთან კვლავ  ურთიერთობის დაძაბვა მოჰყვა. როგორ წარმოგიდგენიათ ახლა მოლაპარაკებების გაგრძელება?

– სწორი იყო თუ არა ზელენსკის პასუხი ყირიმზე, საქართველოს კუთხიდან შევხედოთ. ჩვენს ქვეყანას რომ ვინმემ შესთავაზოს სამშვიდობო მოლაპარაკება აფხაზეთის ან ე.წ. სამხრეთ ოსეთი დათმობის სანაცვლოდ, საქართველო ამაზე დათანხმდება? ამიტომ უკრაინას და ზელენსკის ამ შემთხვევაში სხვა პასუხი არც შეიძლება ჰქონდეს. მსოფლიოს მართავს საერთაშორისო  სამართალი და წესრიგი, რომელიც ნათქვამია, რომ საზღვრების გადასინჯვას არ ექვემდებარება. თუკი უკრაინის შემთხვევაში ერთი ასეთი პრეცედენტი მაინც დადგება, სიტუაცია მთელს მსოფლიოში ძალიან მძიმე იქნება. ნებისმიერ ძლიერ ქვეყანას მაშინ შეუძლია პატარა ქვეყნების ანექსია მოახდინოს. რაღაცა ტერიტორიები მიიტაცოს და შემდეგ მისი აღიარება მოითხოვოს. ამიტომ ვფიქრობ, სიტუაცია ბოლომდე აქამდე არ მივა. ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობს, რომ რაღაცა კომპრომისის საფუძველზე, მოკლე დროში ცეცხლის შეწყვეტის საკითხი მოაგვაროს. ტრამპს უნდა ბიზნესის კეთების მეთოდით, ეს ომი შეაჩეროს, მაგრამ ამ ეტაპზე ამ ფორმით ეს ვერ ხერხდება. თუმცა იმედი მაქვს, რომ რუსეთის და უკრაინის პოზიციები დაახლოვდება, რომელიც იურიდიულად რაიმეს გაფორმებას არ გულისხმობს. ბუნებრივია, უკრაინა იურიდიულად ოკუპირებულ ტერიტორიებს არასდროს აღიარებს.

– ტრამპის მეგობარმა და წარმომადგენელმა ამ მოლაპარაკების პროცესში სტივ უიტკოფმა თქვა, რომ მას პუტინთან შეხვედრის დროს ოკუპირებულ 4 რეგიონზე ჰქონდა საუბარი, რომლის გაფორმებასაც პუტინი ითხოვს. თუმცა ბოლო დროს დასავლურ მედიაში გაჩნდა ასეთი ინფორმაცია, რომ პუტინმა ტრამპს ომის გაყინვა შესთავაზა, ოღონდ ყირიმის აღიარების სანაცვლოდ. ამერიკელების მხრიდან ასეთი მიდგომაც ჩანს, რომ ყირიმი რუსულენოვანი რეგიონია, რომელსაც უკვე 10 წელია, უკრაინა ვერ აკონტროლებს და სჯობს მისი დათმობა ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ მოხდეს. თუმცა პუტინის მანევრი ხომ არ არის შემდეგი, რომ თუკი ასეთი ერთი პრეცედენტი მაინც დაიშვება, ის დანარჩენ რეგიონებზე იმავეს მოითხოვს?

– იმ პოლიტიკით, რასაც ახალ ტრამპის ადმინისტრაცია აწარმოებს, ამერიკის შეერთებული შტატები ხელს იბანს მსოფლიო წესრიგის პრინციპებზე. გამოდის ის თანხმობას იძლევა ძლიერმა სუსტი დაჩაგროს. გასაგებია, არც ტრამპია გულუბრყვილო და არც მისი ადმინისტრაცია, რომ საბოლოო ჯამში პუტინს რაღაცები ასე დაუთმონ. თუმცა ყოველ შემთხვევაში ეს მიდგომა ძალიან ცუდია, რადგან თუკი ამერიკა ევროპაში და რეგიონში გავლენებს დაკარგავს, რასაც დემოკრატიის, სამართლის მხარეს დგომა ჰქვია, მაშინ დასუსტდება და ეს ამერიკისთვისაც ძალიან ცუდი იქნება. ამიტომ მე მაინც ველი, რომ ეს პოლიტიკა გადაიხედება. ამერიკა არ არის ერთგვაროვანი ქვეყანა და მხოლოდ ტრამპზე არ არის ბევრი რამ დამოკიდებული. იმ სახელმწიფოში, სადაც ჩეკენ – ბალანსის სისტემა მუშაობს, ასე მარტივი  კურსის მოტრიალება ვერ მოხდება. თუმცა ფაქტია, რომ ახალი ადმინისტრაცია უფრო მეტ ყურადღებას წყნარი ოკეანის მიმართულებით იჩენს. თუმცა ეს არ ნიშნავს და ვერ იქნება მოცემულობა, რომ ევროპის საქმეებში და პრობლემებში ამერიკა აღარ იქნება ჩართული.

– ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ამბობს, რომ თუკი რაღაც დროს გავარკვევთ, რომ ძალიან შორს ვართ [მოგვარებისგან] და საკმარისი მოძრაობა არ შეინიშნება, შესაძლოა, საჭირო გახდეს ამერიკის გადართვა სხვა პრიორიტეტებზე, რადგან უამრავი მნიშვნელოვანი რამ ხდება მსოფლიოში. „ეს არ არის ჩვენი ომი. ეს ომი ჩვენ არ დაგვიწყია“. მან ასევე ერთი კვირის წინ განაცხადა, რომ შესაძლოა, ტრამპმა მოლაპარაკებებში მონაწილეობაზე უარი თქვას და ამერიკა გავიდეს ამ პროცესიდან. რამდენად რეალურია ეს მუქარა, თუ უფრო შანტაჟის სახე აქვს, რომელსაც ტრამპი ორივე მხარის წინააღმდეგ იყენებს?

– რა თქმა უნდა, ეს შესაძლოა, ტრამპის მხრიდან შანტაჟი იყოს. მე მაინც მოლაპარაკების პროცესში დიპლომატების განცხადებებს არ ვენდობოდი, რადგან ისინი ამ საკითხს როგორც ბიზნესს მოლაპარაკებას ისე უდგებიან და არა როგორც პოლიტიკას. ბიზნესმოლაპარაკების დროს ამგვარი შანტაჟი, ან ნებისმიერი სხვა საშუალების გამოყენება უფრო მეტად მისაღებია. ამიტომ ამ განცხადებებს სერიოზულად არ მოვეკიდები. თუმცა ასეთი განცხადებები შემაშფოთებელია და ეს საქართველოსთვისაც არ არის კარგი. ნაკლებ სავარაუდოა, რომ ამერიკამ ხელები დაიბანოს ევროპული საქმეებიდან, მაგრამ მაინც თუ ასე რეალურად მოხდა, საქართველოსაც სერიოზულ პრობლემებს შეუქმნის.

– ფიქრობთ, რომ საბოლოო ჯამში ტრამპი იძულებულია ევროპა ამ მოლაპარაკებებში ჩართოს და არის თუ არა ამის პირველი მაჩვენებელი ლონდონში დაგეგმილი მოლაპარაკება. ტრამპს ვიცით მალე 100 დღე შეუსრულდება, რაც უკვე პრეზიდენტია და მისი დაპირება ომის დასრულებასთან დაკავშირებით ყველას ახსოვს. ფიქრობთ, რომ ახლა ის ყველა ხერხს გამოიყენებს იმისთვის, რომ უკრაინის ომში ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიოს, რადგან  მის ავტორიტეტს და იმიჯს უკვე საფრთხე ემუქრება?

– ევროპის გარეშე უკრაინის საკითხის დარეგულირება არ მოხერხდება. ეს არის ევროპის უსაფრთხოება. შესაძლოა, ტრამპის ადმინისტრაცია ცდილობდეს, რომ ამ მოლაპარაკებამ მიიღოს ისეთი ფორმა, რომ ეს არის ამერიკასა და რუსეთს შორის მოლაპარაკება, თუმცა ეს ამერიკას არ წაადგება, რადგან უკრაინის უსაფრთხოება, ევროპის უსაფრთხოებას ნიშნავს ავტომატურად. ამიტომ ევროპის გარეშე ეს შეთანხმება ბუნებრივია ვერ შედგება. ისევე როგორც  მოლაპარაკება უკრაინის სუვერენიტეტის ხარჯზე ვერ მოხდება. არ დაგვავიწყდეს, რომ დღეისთვისაც კი უკრაინას, ევროპაში და შესაძლოა, მსოფლიოშიც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი, საბრძოლო გამოცდილების მქონე კარგად აღჭურვილი ჯარი ჰყავს. შესაძლოა, ბევრი პრობლემები არსებობს, მაგრამ ეს არის, კი ბატონო, ჯარი, რომელიც დახმარების შედეგად, მსოფლიოში მეორე ძალის მქონე ჯარს უძალიანდება, ბევრ შემთხვევაში ჯაბნის კიდევაც. რუსეთს ამ ხვრელების ამოვსება კი ფრონტის ხაზზე, ხან ჩრდილო კორეელების დახმარების ხარჯზე უწევს და ხან ციხიდან პატიმრების გამოშვებით. ამიტომ ეს არის ფაქტორი, რომლის გათვალისწინებაც მოუწევთ. ასეთ პოზაში დგომა, რომ ჩვენ დიდი  ბიჭები მოვილაპარაკებთ და თქვენ დაგველოდეთ, ეს ასე არ გამოვა. უკრაინამ სისხლის ფასად დაადასტურა, რომ ის ქმედითი ძალაა.

– ომში ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით გარდატეხას მაინც როდის ელით. ბევრი ფიქრობს, რომ მაინც ყველაფერი რუსეთის პრეზიდენტზე ვლადიმერ პუტინზეა დამოკიდებული. მათ ამის მაგალითად სააღდგომო ზავი მოჰყავთ, რომელიც პუტინმა 30 საათი გამოაცხადა. მართალია დაარღვიეს ზოგან ფრონტის ხაზზე, მაგრამ ეს პრეცედენტი შეიქმნა. როგორ ფიქრობთ, არის თუ არა რეალურად ცეცხლის შეწყვეტის საკითხი პუტინზე დამოკიდებული?

– რა თქმა უნდა, პუტინს ამის გაკეთება შეუძლია, მაგრამ ეს არ სურს. მეორეს, მხრივ კი თუ ლოგიკურად შევხედავთ სიტუაციას,  პუტინს უნდა უნდოდეს როგორც ცეცხლის შეწყვეტა, ისევე ომის დასრულება. რუსეთის ეკონომიკა არ არის სახარბიელო მდგომარეობაში, რაც არ უნდა მისმა პროპაგანდისტულმა საშუალებებმა მოგვაჩვენონ. არც მისი შეიარაღებული ძალებია მაინც და მაინც სახარბიელო მდგომარეობაში. არც პუტინია იმდენად გულუბრყვილო, რომ ეს პრობლემები არ ესმოდეს. პუტინი უბრალოდ ვაჭრობს, რომ შეინარჩუნოს ის ტერიტორიები, რომელსაც აკონტროლებს და თუკი შესაძლებლობა ექნება, უფრო შორსაც გავიდეს. სააღდგომოდ ცეცხლის შეწყვეტა ერთგვარი ჟესტი იყო, რადგან ის ხედავს, რომ ამერიკის ადმინისტრაცია შესაძლოა, მისთვის სასარგებლო ნოტებზე ცეკვავდეს. ამიტომ მათი განაწყენება პუტინს არ უნდა. რეალურად არანაირი ცეცხლის შეწყვეტა არ ყოფილა, რადგან უკრაინის ტერიტორიის ისევ ბარბაროსული დაბომბვები გრძელდებოდა.

ამიტომ პუტინის მხოლოდ იძულებაა შესაძლებელი, რომ მან ცეცხლის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღოს. უკრაინის დახმარებაა საჭირო ფრონტის ხაზზე, რათა პუტინი მიხვდეს, რომ ის ვერ გაიმარჯვებს და დიპლომატიას მოუხმოს, ჯარები უკრაინის ტერიტორიიდან გაიყვანოს. ესეც პუტინისთვის შიდა პრობლემებთან არის დაკავშირებული და მის ლეგიტიმაციას საფრთხე დაემუქრება. ვიცით, რომ რუსეთში წაგებულ ომს არავინ პატიობს. ამერიკის ადმინისტრაციას ახლა აქვს შანსი, რომ უკრაინაზე ზეწოლით კი არა და რუსეთისთვის თავის მოქონვის ტაქტიკით ცეცხლი შეწყვიტოს, არამედ, ევროპასთან ერთად უკრაინა გააძლიეროს და რუსეთზე ზეწოლა მოახდინოს. სხვაგვარად ეს ომი ისევ გაგრძელდება და ტრამპი დაპირებას ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით ვერ შეასრულებს.

ელზა პაპოშვილი

Advertisement