
ავტორი
Front News საქართველო
არ უნდა შეიქმნას არსად განცდა და აღქმა, რომ სასამართლოსთან მიმართებაში რაღაც წესრიგში არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა “იმედთთან” განაცხადა.
მისი თქმით, ფაქტებით მტკიცდება, რომ სასამართლო დღეს არის გამართული.
ამასთან, დეპუტატის თქმით, ევროკავშირის რეკომენდაციებიდან თითოეულ პუნქტს, მათ შორის სასამართლოსთან დაკავშირებით, მმართველი გუნდი კეთილსინდისიერად შეასრულებს.
“იმ დაწყებულ ნაბიჯებს, რომლებიც უკავშირდება 12-პუნქტიან გეგმას, ჩვენ გადავდგამთ და ამ პროცესს კეთილსინდისიერად დავასრულებთ. დავიცავთ იმ პირობას, რომელიც ჩვენმა გუნდმა გასცა, რომ ყველა პუნქტი შესრულდებოდა.
არ უნდა შეიქმნას არსად განცდა და აღქმა, რომ სასამართლოსთან მიმართებაში რაღაც წესრიგში არ არის, რადგან ფაქტებით მტკიცდება, რომ სასამართლო დღეს არის გამართული, მუშაობს მიუკერძოებლად, არსებობს გარანტიები მოსამართლისთვის, რომ მიიღოს დამოუკიდებელი და სამართლიანი გადაწყვეტილება. არის საკითხები, რომლებიც სასამართლოში გასაუმჯობესებელია. დღეს, რაც ყველაზე მეტად ჩვენს მოქალაქეებს აწუხებთ, ეს არის გადატვირთული სასამართლო, სადაც ინდივიდუალურ მოსამართლეს ძალიან ბევრი საქმე ეწერება და შესაბამის დროში ვერ ამთავრებს პროცესს. სასამართლოს გადატვირთულობა, სოციალური გარანტიების კიდევ უფრო გაზრდა, სასამართლოს გადაწყვეტილებების დასაბუთების ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესება – ეს არის გამოწვევები, რომლებზეც ჩვენ ვმუშაობთ. ჩვენ არ ვამბობთ, რომ დასრულებულია პროცესი კონკრეტულ საკითხთან მიმართებით“, – განაცხადა დეპუტატმა.
ოხანაშვილი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციის მოთხოვნას, რომ სასამართლოსთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას.
“პრაქტიკულად საგამოძიებო კომისიის ინიციატივა, ეს არის პოლიტიკის შეტანა მართლმსაჯულებაში. პარადოქსია და „ნაცმოძრაობა“, რომელიც მხილებულია სასამართლო სისტემის უზურპაციაში, ეს ხალხი ითხოვს რაიმე ტიპის საგამოძიებო კომისიას. ჩვენს მოქალაქეებს რა ნდობა უნდა ჰქონდეთ ისეთი ტიპის საგამოძიებო კომისიისადმი, სადაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ უნდა დაადგინოს ობიექტურობა. რაც ყველაზე სახიფათოა – აქ არის მიზანმიმართული მცდელობა, რომ მოხდეს ზეწოლა თითოეულ მოქალაქეზე. მათი რეალური მიზანია სასამართლოს მიმართ წნეხი და ზეწოლა, რაც კონსტიტუციის საწინააღმდეგოა და დაუშვებელია“, – აცხადებს ანრი ოხანაშვილი.
თაგები:
ანრი ოხანაშვილი
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს