Logo

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა გიორგი ჯინჭარაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი

პოლიტიკა
268
Frontnews image description

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა გიორგი ჯინჭარაძის კანდიდატურას დაუჭირა მხარი.

აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ჯემალ გამახარიას თქმით, კონსულტაციები რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, ახლა პროცედურებია გასავლელი, კვირის ბოლოს კი პლენარული სხდომა გაიმართება.

"მთელი ეს დღეები მიმდინარეობდა კონსულტაციები, როგორც ამას კანონი და რეგლამენტი ითვალისწინებს და ამ კონსულტაციების შედეგად, გამოიკვეთა კანდიდატი - ეს არის გიორგი ჯინჭარაძე, რომელსაც დიდი გამოცდილება აქვს ჩვენს სტრუქტურებში მუშაობის და ამჟამად საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილე გახლავთ, ახალგაზრდა კაცი აფხაზეთიდან - გაგრიდან და კოლეგებმა მხარი დაუჭირეს.

მისი მამის სურათი კიდია ჩვენს სხდომათა დარბაზში. ის იყო ჩვენი კოლეგა და გაგრის დაცემის დღეს დაიღუპა, ოკუპანტებმა დახვრიტეს. მიშა ჯინჭარაძე ძალიან ცნობილი პიროვნება, გაგრის მერის მოადგილე იყო ბოლო პერიოდი და მისი შვილი გახლავთ გიორგი. ჩვენთვის ამას ემოციური დატვირთვა ჰქონდა ყველაფერთან ერთად.

პროცედურები  წარიმართება შემდეგნაირად - ჩვენ უნდა მივიღოთ საქართველოს მთავრობისგან თანხმობა, ამის შემდეგ თავმჯდომარეობის კანდიდატი ვალდებულია, წარადგინოს უმაღლეს საბჭოში მთავრობის შემადგენლობა, პროგრამა. ეს ყველაფერი გაივლის კომიტეტებს, მოუსმენენ ჩვენი კოლეგები და ალბათ, კვირის ბოლოს, პარასკევისთვის გაიმართება პლენარული სხდომა", - განაცხადა ჯემალ გამახარიამ.

გიორგი ჯინჭარაძე ამ დრომდე საქართველოს განათლების მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს. მას სხვადასხვა თანამდებობებზე მუშაობის გამოცდილება აქვს.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის თავმჯდომარემ ლევან მგალობლიშვილმა თანამდებობა 2 ივნისს დატოვა.

Advertisement