Logo

აფხაზეთის მთავრობა დევნილთა სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგსა და სამედიცინო პერსონალთან შეხვედრებს აგრძელებს

საზოგადოება
277
Frontnews image description

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აფხაზეთის სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგსა და სამედიცინო პერსონალთან შეხვედრებს აქტიურად აგრძელებს.

ამ მიზნით, აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე ქუთაისში სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ ფილიალს ეწვია და დევნილთა პოლიკლინიკაში არსებულ ვითარებას პირადად გაეცნო.

მთავრობის თავმჯდომარე, ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელ დავით ერემეიშვილთან ერთად კლინიკის ხელმძღვანელობასა და სამედიცინო პერსონალს შეხვდა. შეხვედრაზე დევნილებისთვის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების გზები, ჯანდაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და სამომავლო გეგმები განიხილეს.

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ აფხაზეთიდან დევნილმა მოსახლეობამ დროული და ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება მიიღოს. ამისათვის, აფხაზეთის მთავრობა აგრძელებს შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, რათა ადგილზე ვნახოთ რეალური სურათი და მომსახურების გაუმჯობესების მიმართულებით ეფექტური ნაბიჯები გადავდგათ“, - განაცხადა გიორგი ჯინჭარაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ სამედიცინო ცენტრის თანამშრომლებს დევნილი მოსახლეობის მხარდაჭერისა და მათზე ზრუნვისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ აფხაზეთის მთავრობის ძალისხმევა მომავალშიც დევნილთა საჭიროებებზე იქნება ორიენტირებული.

შეხვედრას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მანონა გეჯუა, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გიორგი ცხაკაია და სამედიცინო ცენტრ „დიომედის“ გენერალური დირექტორი ნათია ფარცვანია ესწრებოდნენ.

დევნილთა პოლიკლინიკებში შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს და მათი მიზანია, აფხაზეთის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების ხარისხის მონიტორინგი და არსებულ პრობლემებზე დროული რეაგირება.


Advertisement