Logo

არჩილ ბერიძე - რადიკალური ოპოზიცია დღეს გარე ძალების ხელში არსებული ინსტრუმენტია, რომელიც გამუდმებით საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტაბილურობას

პოლიტიკა
208
Frontnews image description

ორმაგი სტანდარტია, როცა საჯაროდ ერთს ამბობ და კულისებში სხვას აკეთებ. ორმაგი სტანდარტია, როცა სხვას სთხოვ იმას, რასაც თავად არ ასრულებ. სწორედ ასეთი უსამართლო, ორმაგი სტანდარტის მქონე დამოკიდებულების მსხვერპლია დღეს საქართველო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ ბერიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისი განცხადებით, საქართველოში არსებული ოპოზიცია  უბრალოდ არა მარიონეტი, არამედ  გარე ძალების ხელში ქვეყნის წინააღმდეგ არსებული ინსტრუმენტია.

"სანქციების კოორდინატორების მიერ, არაერთ გზის გაკეთებული შეფასებების მიუხედავად, რომ საქართველო იცავს არსებულ საერთაშორისო სანქციებს და ძალისხმევას არ იშურებს, რომ ვერავინ შეძლოს მისთვის თავის არიდება, უსაფუძვლო ბრალდებები კვლავ გრძელდება. თანაც, ეს ყველაფერი იმის ფონზე, რომ საერთაშორისო საგამოძიებო ორგანიზაციებმა არაერთი დასავლური ქვეყანა ამხილეს სანქციებისთვის გვერდის ავლაში. სწორედ ამიტომ, ისმის ლოგიკური კითხვა: არის თუ არა ეს ყველაფერი ორმაგი სტანდარტი? და არის თუ არა მსგავსი დამოკიდებულება ჩვენი სახელმწიფოსა და ქართველი ხალხის უპატივცემულობა? პასუხი მარტივია: დიახ, ეს ნამდვილად ასეა.

სამწუხაროდ, წლების განმავლობაში მათ დაქვემდებარებაში არსებულმა ხელისუფლებამ ხელ-ფეხი გაუხსნა, ნოყიერი ნიადაგი შეუქმნა და მიაჩვია მსგავს დამოკიდებულებას გარე ძალები.

არანაკლებ მნიშვნელოვანი და საფრთხის შემცველია ქვეყნის შიგნით არსებული ორმაგი სტანდარტი. 
დღეს, ორმაგი სტანდარტი ყველაზე მკაფიოდ ჩანს ოპოზიციური პარტიებისა და მათთან დაკავშირებული პირების მოქმედებებში, როცა ერთი და იგივე საკითხზე მათი პოზიცია იცვლება არა პრინციპის, არამედ პოლიტიკური ინტერესის მიხედვით.

დიახ, ხშირ შემთხვევაში ეს მიდგომები გარედან არის ნაკარნახევი და გარკვეულწილად „დატრენინგებულიც“, მაგრამ ეს, რადიკალურ ძალებს პასუხისმგებლობისგან არ ათავისუფლებს.

უფრო მეტიც, რადიკალური ოპოზიცია დღეს უბრალოდ მარიონეტი კი არა, გარე ძალების ხელში არსებული ინსტრუმენტია, საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ, რომელიც გამუდმებით საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებასა და ქვეყნის სტაბილურობას“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.

ბერიძის განცხადებით, ისინი, ვინც ორმაგი სტანდარტით, სამშობლოს ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებენ, მოუწევთ ან გაიზიარონ საერთო ეროვნული ინტერესები ან შეეგუონ  ქართველი ხალხის მხრიდან მათთვის გამოტანილ განაჩენს.

"მათთვის არ არსებობს პრინციპები და ღირებულებები, რომელიც მცირედ დაბრკოლებას მაინც შეუქმნიდათ გარედან მიღებული დავალებების შესრულებისას. ყოველდღიურად, უფრო და უფრო რწმუნდება ჩვენი საზოგადოება, რომ მათთვის არ არსებობს არაფერი წმინდა და მათი ერთადერთი მიზანი, ნებისმიერ ფასად ძალაუფლების ხელში ჩაგდების დაუოკებელი წყურვილია.

საგარეო ურთიერთობების მიმართულებით, ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი წინსვლა და წარმატება, მათ მხრიდან პანიკური თავდასხმის საგანი ხდება. ამას, ლოგიკური ახსნაც მოეძებნება - რადგან, ჩვენი სამშობლოს და ქართველი ხალხის მიერ, ნებისმიერი წინ გადადგმული ნაბიჯი მათ სასოწარკვეთილ მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს. 
სწორედ ამიტომ, ჩვენ, ქართველ ხალხთან ერთად, გავაგრძელებთ, სამართლიან, წესებსა და საერთო სტანდარტებზე დაფუძნებულ პოლიტიკას, რომელიც ყველა პატიოსან სუბიექტს, განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად აძლევს საშუალებას საკუთარი პრინციპების დაცვით შეიტანოს თავისი წვლილი ჩვენი ქვეყნის გაძლიერებასა და განვითარებაში. მათ კი, ვინც ორმაგი სტანდარტით, საკუთარი ქვეყნის ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედებს, მოუწევთ ან გაიზიარონ საერთო ეროვნული ინტერესები ან შეეგუონ მათთვის ქართველი ხალხის მხრიდან გამოტანილ განაჩენს“, - განაცხადა არჩილ ბერიძემ.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები