
ავტორი
Front News საქართველო
ირანში მიხეილ ყაველაშვილის ვიზიტით გამოწვეული პოლიტიკური ვნებათაღელვა, ოპოზიციური სპექტრის შიდა რეორგანიზაცია და ახალი აკადემიური პლატფორმების გამოჩენა - ეს იმ აქტუალური თემების ჩამონათვალია, რომლებზეც Front News-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში ფილოსოფიის დოქტორმა არჩილ გამზარდიამ ისაუბრა. ანალიტიკოსი დეტალურად აფასებს ქვეყნის საგარეო ბალანსის პოლიტიკას, ამერიკის საელჩოში გამართულ მიღებაზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის ქცევის პროტოკოლს და განმარტავს, თუ რატომ რჩება ქართულ პოლიტიკურ ველზე მხოლოდ ერთი რეალური ძალა.
- მიხეილ ყაველაშვილის ირანში ვიზიტი ქვეყნის შიგნით პოლიტიკური დაპირისპირების მიზეზი გახდა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის ირანში ვიზიტი ქვეყანას ვნებს, რადგან ამას შესაძლოა, ამერიკასთან ურთიერთობის გაფუჭება და სიტუაციის დაძაბვა მოჰყვეს. თუმცა ხელისუფლებას არგუმენტად თუნდაც აზერბაიჯანის, სომხეთისა და თურქეთის წარმომადგენლების ვიზიტები მოჰყავს. როგორია თქვენი პოზიცია - უნდა წასულიყო თუ არა ყაველაშვილი ირანში?
- ეს თემა ძალიან ფაქიზია, რადგან, როცა ორ მეგასახელმწიფოსთან ურთიერთობაზეა საუბარი, ასე მარტივად ვერც ჩვენ მივუდგებით და ვერც სხვა ვინმე. ამ ყველაფერსაც აქვს საზღვრები, რის იქითაც არ უნდა წახვიდე. სადამდე ხარ კეთილსინდისიერი არსებული პოლიტიკის წარმოებაში, ამას თავისი საზღვრები გააჩნია. არაფერს ვამბობ, ბუნებრივია, სხვა ტიპის ურთიერთობებზე, მაგრამ ნებისმიერი კეთილგანწყობილი ქვეყნისთვის გასაგები უნდა იყოს ის ფაქტი, რომ ირანთან კონფრონტაციაში ჩვენ ვერ შევალთ და არც უნდა შევიდეთ. ასეთ შემთხვევაში საქართველო კონფრონტაციას უნდა მოერიდოს.
ამიტომ, როდესაც საუბარია დაკრძალვის ცერემონიაზე, იქ არწასვლა ჩვენი მხრიდან უკვე თავისთავად პასუხი იქნებოდა, ეს პასუხი კი - კონფრონტაციული. შესაბამისად, ამ მხრივ გადაწყვეტილების დიდი არჩევანი არც ყოფილა. სახელმწიფო სწორედ ამ ზომიერების ფარგლებში უნდა მოქცეულიყო. ეს ნაბიჯი სხვა არაფერს აჩვენებს, გარდა იმისა, რომ საქართველოს სჭირდება კეთილგანწყობილი ურთიერთობები, მათ შორის იმ სახელმწიფოებთანაც, რომლებიც შესაძლოა, ერთმანეთთან იყვნენ დაპირისპირებულები. ეს ყველაფერი ეთიკის ჩარჩოებში უნდა ჯდებოდეს.
მაგალითად, სომხეთ-აზერბაიჯანის დაპირისპირებისას საქართველოს ნეიტრალური პოზიცია ეჭირა და ორივესთან პარტნიორული დამოკიდებულება ჰქონდა. ამიტომ ამ ქვეყნებისთვის გასაგები იყო, რომ საქართველოს მეზობლებთან მიმართებით სხვა არჩევანის გაკეთება არ შეეძლო.
ერთადერთი თემა აქ არის ის, თუ დამატებით რამდენად სწორად მოახერხებს სახელმწიფო ბალანსისა და ნეიტრალიტეტის პოლიტიკის გატარებას. მე რომ მკითხოთ, უნდა წასულიყო თუ არა ყაველაშვილი ირანში - დიახ, უნდა წასულიყო და ეს სწორი გადაწყვეტილებაა. ფაშინიანი, რომელიც ახლა ევროკავშირთან იწყებს ურთიერთობას, ამერიკასთან ალაგებს გარკვეულ საკითხებს და ტრამპთანაც კი ლამის მეგობრული ურთიერთობის რეჟიმშია, მაინც მიდის ამ დაკრძალვაზე. ამიტომ საქართველოსაც თავისი სახელმწიფოებრივი ინტერესები გააჩნია.
- ფიქრობთ, რომ შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლებას კომუნიკაცია ჰქონოდა ამერიკასთან და გარკვეულწილად ამ გადაწყვეტილების მიზეზებზე ესაუბრა?
- მე ვფიქრობ, რომ აქ ამერიკასთან ასახსნელი არაფერია. ეს შეიძლება ხდებოდეს ქვედა დონეზე, შიდა კომუნიკაციის ფორმატში და არა საჯაროდ. ეს გადაწყვეტილება კანონზომიერია და აქ ქვეყანას თავის გასამართლებელი არაფერი აქვს, პირიქით, არწასვლა უფრო იქნებოდა ასახსნელი, ვიდრე წასვლა. რა ვიცით, რომ შიდა კომუნიკაციის დონეზე საქართველოს ამერიკის ადმინისტრაციასთან საუბარი არ ჰქონია? ახლახან ხელისუფლება ამერიკის საელჩოში გამართულ მიღებაზე იმყოფებოდა და გამორიცხულია, იქ გარკვეული გადაკვეთა არ ყოფილიყო. მე არ გამოვრიცხავ, რომ ეს კომუნიკაცია ნამდვილად შედგა.
- ამის პარალელურად, ჩვენ ვიხილეთ პრემიერ კობახიძის სიტყვით გამოსვლა ამერიკის საელჩოში. როგორ აფასებთ პრემიერის გზავნილებს? ბევრმა ჩათვალა, რომ ამერიკელებმა „ოცნებას“ გარკვეული კარტ-ბლანში მისცეს და ოპოზიცია იძულებული გახდა, მათ მიერვე არაღიარებული ხელისუფლებისთვის ესმინა. როგორ შეაფასებთ საელჩოში განვითარებულ სიტუაციას?
- პირველ რიგში, ეს იყო ამერიკის დამოუკიდებლობის საიუბილეო თარიღი. შესაბამისად, ეს დღე შეუმჩნევლად ვერ ჩაივლიდა. ღონისძიება ფართოდ უნდა ჩატარებულიყო და ასეც მოხდა. ლეგიტიმაციის თემა არჩევნებიდან 3 თვის განმავლობაშია აქტუალური, შემდეგ კი ეს საკითხი თავისთავად დეაქტუალიზდება. მე ამაზე სულ ვსაუბრობდი. ვამბობდი, რომ ლეგიტიმაციაზე მეტად პრესტიჟის თემა იყო მნიშვნელოვანი. აი, აქ აქვთ პრობლემა და ამ ყველაფერზე ღელავდა ხელისუფლება, თორემ ლეგიტიმაციის ფორმა ისედაც უცნაური იყო. ვინმეს ჩვენი ხელისუფლება დელეგიტიმურად რომ გამოეცხადებინა, ეს სახელმწიფოსთვის უფრო მძიმე და სახიფათო იქნებოდა. ორ წელში ბევრი რამ მოხდა და ამის უკან დაბრუნება შეუძლებელია. ამერიკის ახალი ადმინისტრაცია ლეგიტიმაციის საკითხს საკუთარი ჩარჩოებიდან უყურებს. პუტინს, რომელიც სამხედრო დამნაშავის სტატუსითაც არის ცნობილი, ტრამპი მაღალ დონეზე შეხვდა. ამიტომ ტრამპისა და მისი ადმინისტრაციის დონეზე ეს სტანდარტული მიდგომები აბსოლუტურად არანაირ ინტერესს არ ატარებს, ასე ჩათვალეს და მორჩა.
მეორე - რატომ გამოვიდა პრემიერი სიტყვით? იმიტომ, რომ ის საქართველოს სახელმწიფოს წარმოადგენს. ეს იყო სახელმწიფოს პატივისცემა და ამის ნიშნად მისცეს მას ეს სივრცე და მიიღეს პატივით. ეს ელემენტარული პოლიტიკის, დიპლომატიის ნორმები და პროტოკოლია.
- ბევრმა ჩათვალა, რომ ოპოზიციას იქ ხელისუფლებისა და პრემიერის სიტყვით გამოსვლა უნდა გაეპროტესტებინა. რამდენად ნორმალური იქნებოდა ეს და რას მისცემდა მსგავსი ქცევა პოლიტიკურად ოპოზიციას?
- რას ელოდებოდნენ, არ ვიცი, ოპოზიციას იქ გინება უნდა დაეწყო, ომი თუ რა რეაგირება უნდა მოეხდინათ? ეს არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი პრობლემა, რომ ინსტიტუციური პოლიტიკა და სტანდარტი პიროვნულში გვერევა. ამ შემთხვევაში საერთოდ ვერ ვხედავ, რომ რომელიმე ნაბიჯზე რაიმე პრობლემა ყოფილიყო. ჩატარდა საიუბილეო შეხვედრა, ოპოზიციაც პატივით მიიღეს და ხელისუფლებაც. ბუნებრივია, სახელმწიფოს ხელისუფლება წარმოადგენს და შესაბამისად, ის იმ სტანდარტით მიიღეს, რომელიც დაშვებულია.
- აუცილებლად მინდა ოპოზიციურ ფლანგზე მიმდინარე მოვლენებს შევეხოთ. მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარტიაში რებრენდინგს ცდილობს. მისმა განცხადებებმა და გადაწყვეტილებამ, ბოკუჩავა ჟორჟოლიანით ჩაანაცვლოს, პარტიაში გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია. სწორად მიგაჩნიათ თუ არა მისი ეს გადაწყვეტილება და რას ცდილობს ახლა სააკაშვილი? ხომ არ გამოიწვევს ეს პარტიაში კიდევ უფრო მეტ დაპირისპირებას?
- სააკაშვილი, პირველ რიგში, ცდილობს აჩვენოს, რომ აქტიურია - არის პარტიის შეუცვლელი, აქტუალური ნაწილი, მთავარი ლიდერი და არა მხოლოდ საპატიო თავმჯდომარე, არამედ მმართველი სუბიექტი. მეორე - სააკაშვილის პოლიტიკური ამოცანა პარტიის სიცოცხლისუნარიანობის შენარჩუნება და არჩევნებზე რამდენიმე მანდატის მიღება არ არის. ეს მისთვის პირადი თავისუფლებისა და ძალაუფლების პერსპექტივის განხორციელების განმსაზღვრელი ფაქტორია. ხან არასწორ გადაწყვეტილებას იღებს, ხანაც სწორს. ეს მიმდინარე გადაწყვეტილებაც ამ თემის გარშემო ტრიალებს. როგორც ჩანს, ის მიიჩნევს, რომ თუკი საგარეო ვექტორის კუთხით მისმა პარტიამ ვერ მიიღო დიდი მხარდაჭერა, იქნებ ახლა ქვეყნის შიგნით გააძლიეროს ორგანიზაცია. ჩათვალა საჭიროდ, რომ ჟურნალისტი გოგონა გახდეს პარტიის თავმჯდომარე.
მე ვერ გეტყვით, რომ აქ რაიმე განსაკუთრებული პერსპექტივები ჩანს. თეორიულად, პირიქით, პარტიაში შესაძლოა, დაპირისპირება გაძლიერდეს. ნანუკა აქტიური გოგოა, აქვს კომუნიკაციისა და მეტყველების უნარი, ცნობადობა, თუმცა მე ყოველთვის ფრთხილად ვუყურებ ლიდერებში პოლიტიკური განათლების გარეშე ასეთი ადამიანების პერსპექტივებს. ჩვენთან კი მიაჩნიათ, რომ მთავარია საზოგადოებისთვის მისაბაძი და საყვარელი იყო და ეს საკმარისია. თუმცა აქ სააკაშვილი ფიქრობს, რომ მას თავად გააჩნია ეს ყველაფერი, პარტიის თავმჯდომარე კი მისთვის მხოლოდ ადმინისტრაციის მატარებელია და არა ლიდერი. ის დაქირავებულივით არის და თუ სააკაშვილი ასე ფიქრობს, გამოჩნდება, რა შედეგსაც მოიტანს.
- შეიქმნა ახალი პოლიტიკური ძალა „ჯერ საქართველოსთვის“, რომლის თავმჯდომარეც ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანი გახდა. პარტიის წევრები საკმაოდ აკადემიური ადამიანებისგან შედგებიან. თუმცა, პოლიტიკურ ველზე 2028 წლისთვის, როგორც ჟორჟოლიანმა თქვა, ისევ ივანიშვილი და სააკაშვილი დარჩებიან. როგორ წარმოგიდგენიათ ამ პარტიის მომავალი, რა პერსპექტივა გააჩნიათ მათ?
- მე საერთოდ არ ვთვლი, რომ ქვეყანაში ორი ძალა არსებობს. უბრალოდ, არსებობს მეორე მხარე, რომელსაც ძალის ფუნქცია არ აქვს. ძალა ჰქვია პოლიტიკურ სუბიექტს, რომელსაც საზოგადოებრივ პროცესებზე მაღალი ზეგავლენა გააჩნია, რასაც ჩვენთან ადგილი არ აქვს. ამიტომ არანაირი მეორე ძალა ქვეყანაში არ არსებობს. არსებობს ერთი ძალა - ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი ხელისუფლება. რაც შეეხება ბიძინასა და მიშას დაპირისპირებას, ესეც ლოგიკურია, რადგან სააკაშვილი ქვეყნის წინა მმართველია, ბიძინა - ახლანდელი. შევარდნაძეც რომ ცოცხალი და პოლიტიკურად აქტიური ყოფილიყო, ისიც იგივე რეჟიმში იქნებოდა. სახეზე გვყავს ორად ორი ცოცხალი ადამიანი ქვეყნის მმართველებიდან და ბუნებრივია, ყურადღება ისევ მათზეა გადატანილი.
რაც შეეხება ახალი პოლიტიკური პარტიების თემას, ესენი უფრო აკადემიური და კულტურული პარტიები იქნება: "ჯერ საქართველო“, "მრგვალი მაგიდა“, სოც-დეკები, რომლებიც მოძრაობის რეჟიმში არიან და ა.შ. რა პერსპექტივები ექნებათ, ამაზე საუბარი რთულია. შეიძლება ცალკეული პერსონალური ბერკეტები და შანსები არ გააჩნდეთ, მაგრამ თუ მათ ექნებათ გავლენა პოლიტიკურ შინაარსზე (მათ შორის, ოპოზიციური პოლიტიკის შინაარსზე), ეს თავისთავად დადებითი მოვლენა იქნება. ის ბანალური გაუგებრობა და არეულობა, რაც ბოლო დროს ოპოზიციურ ველზეა, თუ აკადემიური მეტოქეობით შეიცვლება, ეს ქვეყნისთვის მხოლოდ უკეთესი იქნება.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
არჩილ გამზარდია
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს