Logo

არჩილ გამზარდია - გვერდიდან მეტად უსიამოვნოდ მოჩანს, ვისაც არ ეზარება, მიხეილ სააკაშვილს რომ ახოცავს ხელს

პოლიტიკა
157
Frontnews image description

მიხეილ სააკაშვილი აჩვენო ყველაზე უარეს პიროვნებად და პოლიტიკოსად, ვფიქრობ, არც ეთიკურია, არც პოლიტიკური და არც სინამდვილის ამსახველი. სააკაშვილის წინააღმდეგ თანაბარი დისკურსი იყოს მმართველი პარტიიდან და ოპოზიციიდან, დისკურსის არაჯანსაღობას უფრო აჩვენებს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში ფილოსოფიის დოქტორი არჩილ გამზარდია წერს.

"სააკაშვილის მაკრიტიკებელი და მოწინააღმდეგე ვიყავი მისი მმართველობის დროსაც და შემდგომშიც, არც მისი ამომრჩეველი გავმხდარვარ, მომხრეობაც თუ მოწინააღმდეგეობაც შედეგების მეტ-ნაკლებობის გადააზრებიდან უნდა გამოდიოდეს.

გვერდიდან მეტად უსიამოვნოდ მოჩანს, ვისაც არ ეზარება, მიხეილ სააკაშვილს რომ ახოცავს ხელს, თან ამით მუდმივად უსვამს ხაზს მის მნიშვნელობას.

არის რაღაც, რაც საჯარო ქმედებებში კი არა, ფარდის მიღმა უნდა წყდებოდეს, მაგალითად, რამდენად მომგებიანია ვინმეს პლაკატის დაჭერა, ან ზედმეტად თვითფოკუსირებულობა პოლიტიკურ განცხადებებში და ა.შ. ეს უნდა იყოს პარტნიორულად შეთანხმებული, მაგრამ ვინმეს, მით უფრო ყოფილ პრეზიდენტს, რომელიც პატიმარია, მოსთხოვო სიჩუმე, თუ არა და პრობლემის სათავედ გამოიყვანო, არაა ბოლომდე კეთილსინდისიერი. არის რაღაც, რაც ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს თავად, სიჩუმე იქნება თუ თქმა. არასწორმა იძულებამ გარედან შეიძლება უარესი შედეგი გამოიწვიოს.

ზოგადად, ერთი დიდი პრობლემაა სააკაშვილის პრეზიდენტობის არასათანადო შეფასება, ერთნი მხოლოდ უკიდურესად კარგს ხედავენ, მეორენი უკიდურესად ცუდს. რეალობა კი არც ერთია და არც მეორე. მან შექმნა ბევრი სასარგებლო რამ და არასწორიც და მიუღებელიც. სანამ ის ამ მეტ-ნაკლებობის პრინციპით არ შეფასდება და არ განესაზღვრება სათანადო და ზუსტი ადგილი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში, მანამდე იარსებებს "სააკაშვილის კომპლექსი", სადაც ერთნი მხოლოდ აგინებენ, მეორენი მხოლოდ აქებენ, არა და ის არც წმინდანია ცხადია, და არც მარგინალი დემონი, რომელიც უნდა აკომპლექსებდეს მხსენებელს.

მე არ მაქვს სააკაშვილის კომპლექსი, არც მისი პოზიტიურად ხსენება მერიდება, რადგან სწორედ ამ მეტ-ნაკლებობის პრინციპით ვმსჯელობ მასზე, სადაც არც მისი ამომრჩეველი ვარ, არც მისი მხარდამჭერი, მაგრამ არც იმის მომერიდება მისი ბევრი სასარგებლო ნამოქმედარი შევნიშნო, ისევე როგორც ის, რაც მიუღებელი იყო ან არის ჩემთვის", - წერს არჩილ გამზარდია.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები