არჩილ გამზარდია - ხელისუფლება აუცილებლად ეცდება მოძებნოს საბაბი, რითაც უფრო უხეშად და ძლიერად ჩააქრობს ამ პროცესს


ავტორი
Front News საქართველო
ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები, კერძოდ, დაკავებები მმართველ გუნდში, ცხადყოფს, რომ "ქართულ ოცნებაში" სერიოზული შიდა დაპირისპირებაა. ეს პროცესი, როგორც Front News-თან პოლიტიკური ფილოსოფიის დოქტორი არჩილ გამზარდია აცხადებს, რამდენიმე შესაძლო მიზეზით შეიძლება იყოს გამოწვეული. მისი თქმით, ერთ-ერთი მთავარი ვერსია ფინანსურ ინტერესებსა და კლანურ დაპირისპირებებს უკავშირდება, სადაც ფინანსური ნაკადების გადანაწილება კონფლიქტს იწვევს. მეორე ვერსიით, ხელისუფლება შესაძლოა, ცდილობს, საზოგადოებაში შექმნას კორუფციასთან ბრძოლის იმიჯი და ამით ამომრჩევლის კეთილგანწყობა მოიპოვოს. არ არის გამორიცხული, რომ ასევე ეს ნაბიჯები აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან ურთიერთობის დალაგებასაც ემსახურებოდეს.
- ბოლო პერიოდის დაკავებებმა ცხადყო, რომ მმართველ გუნდში სერიოზული შიდა დაპირისპირებაა. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ მმართველი გუნდი შესაძლოა ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის დაკავებასაც გეგმავს. რა სახის პროცესს ვადევნებთ ახლა თვალს? რამდენად აზიანებს ეს ქვეყანას და რა გავლენას მოახდენს ხელისუფლების ამომრჩეველზე?
- რა თქმა უნდა, ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია და ფაქტია, რომ სახელმწიფოზე ცუდად აისახება. ყველაფერი, რაც ახლა როგორც გარედან, ასევე შიგნიდან ხდება, ქვეყნისთვის სასარგებლო პროცესი არ არის. დაპირისპირებას რაც შეეხება, ამის გამომწვევი რამდენიმე მიზეზი შეიძლება იყოს. ერთი, სტანდარტული ვერსია, ეს არის კლანური დაპირისპირებები, განსაკუთრებით კი, სავარაუდოდ, ფინანსური ინტერესების გამო. ყველაზე რეალისტური სწორედ ეს არის, რადგან ასეთი ტიპის ძალაუფლების დროს, ფინანსები ასე თავისუფლად მიედინება და ვიღაცამ მარტომ არ უნდა დაიტოვოს ის. როგორც ჩანს, ფინანსური რესურსების თვალსაზრისით, ავტონომიური რესურსები შეიქმნა.
ჩემთვის მეორე ვერსია არის სიმულაცია, რომელიც ასევე ხელისუფლების მხრიდან შიდა ბაზარზე რეპუტაციულ მუშაობას გულისხმობს. "ოცნება“ შესაძლოა, ცდილობდეს, რომ ამ ყველაფრით ისარგებლოს და შექმნას იმიჯი, თითქოს კორუფციას ებრძვის. ერთ-ერთი დიდი წინააღმდეგობა სწორედ ამის გამო არსებობს, რომ საზოგადოებაში დიდი განცდაა, რომ ხელისუფლება კორუმპირებულია. ასევე, მაქვს ასეთი ვერსია, რომ ეს შესაძლოა, აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის საჩვენებლადაც კეთდებოდეს. ვიცი, რომ ამერიკის ადმინისტრაცია რაღაც კრიტიკულ განცხადებებს აკეთებდა აქ ფულის ნაკადებთან დაკავშირებით და გაჩნდა ასეთი ლოგიკური ეჭვი, რომ შესაძლოა, ტრამპთან ურთიერთობის დასალაგებლად ამ ტაქტიკასაც იყენებდნენ, რათა მის ადმინისტრაციას თავი მოაწონონ.
- რა არის მიზეზი და რატომ გაჩნდა ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით მოლოდინი, რომ ის თანამშრომლობს ოპოზიციასთან? მას აკავშირებდნენ ხაბეიშვილთანაც, რომელიც შესაძლოა, ინფორმაციას მისგან ან სხვა წასული "ოცნების“ მაღალჩინოსნებისგან იღებდა. ვერსიები გაჩნდა, რომ ღარიბაშვილი საელჩოებისგან დახმარებას და თავშესაფარს ითხოვდა და ა.შ. ანუ, ათასი ვერსია არსებობს მასთან დაკავშირებით. რატომ იქნა ის მიზანში ამოღებული, როცა თავადვე გაემიჯნა პოლიტიკას და განაცხადა, რომ წავიდა?
- ბიძინა ივანიშვილს სერიალის მსგავსი ინტრიგები იზიდავს შიდა პროცესში, რომელშიც თავად მერე როგორც მომგვარებელი სუბიექტი გამოჩნდება ხოლმე. ეს მისი ფსიქოტიპის ნაწილია. ის, რომ ვიღაცები ცდილობენ ივანიშვილს თავი უფრო მოაწონონ და დანარჩენების დისკრედიტაცია მოახდინონ, სავსებით გასაგებია და მის თამაშის ტაქტიკაში ნამდვილად ჯდება. ამ შემთხვევაში, აქ საუბარია კობახიძის მთავარ ინტერესზე, რომ ყველა სუბიექტი, ვინც კი მის შემცვლელად მოიაზრება, უბრალოდ გააქროს. არსებობს ხოლმე ასეთი მოდელი, როცა კერპად ისეთი სუბიექტი უნდა დარჩეს, რომელზეც ივანიშვილმა იფიქროს, ეს თუ არა აბა სხვა ვინღა. კობახიძე კონკურენტების განადგურებას ცდილობს. ღარიბაშვილს შესაძლოა, საერთოდ აღარ აინტერესებდეს პოლიტიკური ცხოვრება და უნდა თავისთვის ბედნიერად იცხოვროს, მაგრამ მის მიმართ "ოცნების“ ელექტორატში სიმპათიები დღემდე არსებობს. ამიტომ ეს კობახიძისთვის საგანგაშოა. მან კარგად იცის, რომ შესაძლოა, ეპირფერებიან და ახლა თავს უქნევენ, მაგრამ მის მიმართ გუნდშიც და მათ მხარდამჭერებშიც ასეთი ელექტორალური მხარდაჭერა და სიმპათიები არ არსებობს. ღარიბაშვილის მიმართ უფრო ბუნებრივი სიმპათიებია. კობახიძე ხედავს, რომ თუ ბიძინას მობეზრდა, შეუძლია ერთ წუთში პრემიერი აღარ იყოს. ყველა პრემიერზე ასე მოხდა. ამიტომ ფიქრობს, რომ კონკურენტების ჩამოშორებით ის ნიადაგს გაიმყარებს.
- თუმცა, როგორც ვხედავთ, ეს პროცესი, რომელიც მმართველ გუნდში დაპირისპირებას გულისხმობს, „ოცნების“ ამომრჩეველშივე უკმაყოფილებას იწვევს. ჩვენ ვხედავთ უკვე ღია განცხადებებს ღარიბაშვილის მხარდამჭერებისგან და თუ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ის სარგებლობს ელექტორატის დიდი ნაწილის სიმპათიით, მაშინ კობახიძე ამას ვერ ხედავს? ის ხომ ამით პარტიის რეიტინგსაც რისკავს?
- იმის გამო, რომ კობახიძე ჩემთვის ყველაზე მიუღებელი ფიგურაა, მაგრამ მისი შესაძლებლობიდან და რესურსიდან გამომდინარე, პატივს ვცემ, ვერ ვიტყვი იმას, რომ ის რამეს ვერ ხვდება. მას საკმაოდ ჭკვიან და სერიოზულ პიროვნებად მივიჩნევ. სწორედ იმიტომ, რომ ის ყველაფერს კარგად აღიქვამს, ცდილობს ღარიბაშვილამდე ფრთხილად მივიდეს. კობახიძე ცდილობს, რომ თუ მაინცდამაინც ღარიბაშვილი ამოიღო მიზანში, ისე დაასაბუთოს ეს ყველაფერი, რომ თავისივე მხარდამჭერებში დისკრედიტირდეს. მანამ, სანამ ღარიბაშვილს დაიჭერენ, ის ამისთვის ნიადაგს ქმნის.
ღარიბაშვილის რეპუტაციულ განადგურებას ცდილობს და ამ პროცესს ვხედავთ. ამ ადრესატებს, ვისაც ხელისუფლება იჭერს, ამ ეტაპზე ხელისუფლების რადიკალური მოწინააღმდეგეც კი არ აპროტესტებს ამ სიტუაციას. ამიტომ, ამ პროცესში პრემიერი კობახიძე წაუგებელ თამაშშია. ბურჭულაძის, კანდელაკის თუ ზვიადაურის დაკავება ორივე მხრიდან, როგორც მომხრეების, ასევე ოპოზიციისგან, დადებითად არის მიღებული. ოპოზიცია უბრალოდ ცდილობს, ეს მთლიანად ხელისუფლებაზე გადაიტანოს.
- აუცილებლად 4 ოქტომბრის აქციაზე და მოვლენების შესაძლო განვითარების სცენარებზე მინდა გკითხოთ. ოპოზიცია აჩენს მოლოდინს და საკმაოდ მაღლა სწევს პოლიტიკურ თამასას, რომ თითქოს 4 ოქტომბერი იქნება ძალიან დიდი ცვლილებების დღე, მშვიდობიან დამხობაზე საუბრობენ ორგანიზატორები და რომ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს. როგორ ხედავთ მოვლენების განვითარებას და ოპოზიციის მოლოდინი რამდენად რეალურია?
- პირველ რიგში, ნებისმიერი სტრატეგი, რომელიც ბრძოლის ტაქტიკას გეგმავს, კარტებს წინასწარ არ ხსნის. მიზეზი ის არის, რომ მოწინააღმდეგემ ვერ მოასწროს მობილიზება და მომზადება. ეს ყველაფერი კი, რასაც ახლა ოპოზიცია აკეთებს, მოლოდინის აწევა, ძალიან საშიში თემაა. შესაძლოა, ასეთი მოლოდინის შექმნა მოსახლეობაში სტიმულის მატებასაც ემსახურებოდეს. თუმცა, რევოლუციურ და მოვლენების მძაფრ განვითარებაზე რამდენიმე სცენარი უნდა განვიხილოთ. ერთი, რომ თვითაჯანყების დროს ბრბო საკუთარ თავს თავად მართავს. მაინც სადღაც წიაღში ორგანიზებული ელემენტები არის, მაგრამ მოქალაქე თვითორგანიზებით გამოდის. რაც ვნახეთ ნეპალში. მეორე ეს არის, როდესაც არსებობენ ჯგუფები, რომლებიც ავტორიტეტებს წარმოადგენენ. შიგნით მთელი ქსელია ორგანიზაციების, საკმაოდ სერიოზული და რაღაც მამოძრავებელი ძალებია და დანარჩენი ამ ყველაფერს მიჰყვება. ამისთვის კი საჭიროა ასეთი ავტორიტეტული ადამიანების არსებობა.
მე არ მგონია, რომ აქ ნეპალური მოდელი განვითარდეს, რადგან საზოგადოებაში, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების მიმართ ანტაგონიზმი არსებობს, ამ დონის და ტემპერატურის არ არის. ეს არ არის ძალიან მძაფრი და მასობრივი და არ მგონია, რომ ეს სცენარი აქ მოხდეს. რა თქმა უნდა, ამის მომხრე არ ვარ. მეორე შემთხვევაში, ლიდერული შესაძლებლობების პოლიტიკოსები არ გვყავს. მიშა სააკაშვილი და ზურაბ ჟვანია ხალხს რომ ეტყოდნენ, ახლა ეს ვქნათ და ახლა ის, ხალხი უსიტყვოდ ენდობოდა და მისდევდა. მათ ჰქონდათ ის ავტორიტეტი და მხარდაჭერა მოსახლეობაში, რომ უყოყმანოდ მისდევდნენ. ასეთი ლიდერები დღეს ოპოზიციაში არ არიან. ამიტომ, შესაძლოა, ეს აქცია ისევ იყოს იმედგაცრუება, რომელიც ძალიან დიდ ზიანს ოპოზიციას მიაყენებს. ჩვენ უკვე ვნახეთ რამდენიმე აქცია, მართალია, იქ ამხელა ფონი არ იყო დადებული, მაგრამ სალომე ზურაბიშვილი რომ მივიდა და არაფერი ისეთი არ მომხდარა, იმედგაცრუება იყო.
- თუ ეს აქციაც სხვების მსგავსად ჩავარდება, როგორ შეიძლება ეს ხელისუფლებამ გამოიყენოს?
- გააჩნია, თავად 4 ოქტომბრის პროცესები როგორ წარიმართება. თუ ხელისუფლებისგან გარკვეული ეპიზოდების პროვოცირება მოხდა, რისი ალბათობაც არსებობს, ამით კი ხელისუფლება ნიადაგს შექმნის, რომ ოპოზიციის წინააღმდეგ წავიდეს. ამ ყველაფერს ცოტა ფრთხილად ვუყურებ, რადგან საპოლიციო ძალებით ვნახეთ ადრე როგორ გაუჭირდა ხელისუფლებას ასეთი პროცესის კონტროლი. ბოლომდე მისი ჩაქრობა ვერ მოახერხა. ამიტომ აქ მათ რჩებათ სამხედრო კომპონენტი. თუკი სიტუაცია ძალიან გამწვავდა, მაშინ ის მზად იქნება, რომ ეს ყველაფერი სამხედრო ძალის დახმარებით დაალაგოს. მერე უკვე სხვა ტიპის საგანგებო სიტუაცია შესაძლოა, შეიქმნას, რასაც მასობრივი დევნა და დაკავებები მოჰყვება. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ასევე. თუმცა მანდაც გარანტია არ აქვს ხელისუფლებას, რომ ხალხი ამას დაემორჩილება, მაგრამ ხელისუფლებას სურს, რომ ეს პროცესი დასრულდეს, ამიტომ აუცილებლად ეცდება მოძებნოს საბაბი, რითაც უფრო უხეშად და ძლიერად ჩააქრობს ამ პროცესს.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
არჩილ გამზარდია

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს