Logo

არჩილ გორდულაძე - დამნაშავის ახლო ნათესავებს თუ აღმოაჩნდებათ უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონება, ეს ქონებებიც დაზარალებულის ზიანის ანაზღაურებისთვის მიიმართება

პოლიტიკა
204
Frontnews image description

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ პირველი მოსმენით "საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი წარადგინა.

მომხსენებლის განცხადებით, სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულებაა იზრუნოს თავის მოქალაქეებზე, მათი უფლებების აღდგენაზე და ამისთვის სწრაფი, ეფექტური მექანიზმი შექმნას. მისივე თქმით, სწორედ აღნიშნული მექანიზმის დასანერგად, საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით კანონპროექტთა პაკეტი მომზადდა.

"საკანონმდებლო ცვლილებების მთავარი მიზანი დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება და დაზარალებულისთვის თავისი უფლებების აღდგენა წარმოადგენს. ცვლილება შეეხება ისეთ დანაშაულებს, როგორიცაა - დიდი ოდენობით ქურდობა, ძარცვა, ყაჩაღობა, თაღლითობა, გამოძალვა, თანხის მითვისება ან გაფლანგვა, ნივთის დაზიანება ან განადგურება. ამ დანაშაულების შედეგად დაზარალებულები შეძლებენ ეფექტურად აღიდგინონ თავისი უფლებები, რაც გულისხმობს, რომ დამნაშავის ქონებას დაედება ყადაღა, რომელიც აღსრულებაში გამარტივებული მექანიზმით მოემსახურება დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურებას. ამავდროულად, დამნაშავის ახლო ნათესავებს თუ აღმოაჩნდებათ უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონება, ეს ქონებებიც დაზარალებულის ზიანის ანაზღაურებისთვის მიიმართება“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

კომიტეტის წევრებმა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირეს.

სხდომაზე სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსმა დავით სიმონიამ სამსახურის საქმიანობის 2024 წლის ანგარიში წარადგინა და სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

მისი თქმით, საანგარიშო პერიოდში იურიდიული დახმარების სამსახურმა წარმოებაში 21 512 საქმე მიიღო, საიდანაც 14 369 სისხლის სამართლის, ხოლო 2 251 ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეს წარმოადგენდა.

სამსახურის უფროსის განცხადებით, ყოველწლიურად სამსახურისადმი მიმართვიანობა იზრდება, რაც უწყების მიმართ მოსახლეობის ნდობას უკავშირდება.

„2024 წლის განმავლობაში იურიდიული დახმარების სამსახურმა, სხვადასხვა ფორმით, 30 ათასამდე კონსულტაცია გასწია და 22 ათას აქტზე დოკუმენტბრუნვა აწარმოვა. აღნიშნულ პერიოდში სამსახურმა 3989 არასრულწლოვანის და 1985 პენსიონერის უფლება დაიცვა. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს სამსახურში პარლამენტიდან 200, ხოლო მთავრობის ადმინისტრაციიდან 33 წერილი შევიდა, რომელზეც სათანადო რეაგირება განხორციელდა“, - განაცხადა დავით სიმონიამ.

კომიტეტმა იურიდიული დახმარების სამსახურის 2024 წლის საქმიანობის ანგარიში ცნობად მიიღო.

კომიტეტის თავმჯდომარის არჩილ გორდულაძის განცხადებით, კომიტეტი იურიდიული დახმარების სამსახურთან აქტიურ კომუნიკაციაშია და უწყებასთან ერთად მთელი რიგი საკანონმდებლო ინიციატივების მომზადება იგეგმება, რათა საქართველოს მოქალაქეებისთვის იურიდიული დახმარების გაწევა კიდევ უფრო ეფექტური და ხელმისაწვდომი გახდეს.

Advertisement