Logo

არჩილ მუსელიანცი - საერთოდ არ განვიცდი, რადგან საპირისპიროდ ქვეყანაა და მისი მიმავალი

საზოგადოება
269
Frontnews image description

ჩემს სამომავლო პატიმრობის განცდას გეტყვით, საერთოდ არ განვიცდი, რადგან საპირისპიროდ ქვეყანაა და მისი მიმავალი. 6 წელიც რომ მომისაჯონ, მე მზად ვარ მოვიხადო უსამართლო სასჯელი იმიტომ, რომ სამშობლოა ჩემთვის ღირსება, - ამის შესახებ საპროტესტო აქციების დროს დაკავებული არჩილ მუსელიანცი წერს.

"მინდა ყველას უდიდესი მადლობა გადაგიხადოთ ჩემი ცხოვრების რთულ ეტაპზე გვერდში დგომისთვის. ამ წერილს წინასწარ ვწერ იმიტომ, რომ ვიცი მომისჯიან. მაინც შეასრულებენ ამ დავალებას. ჩემს სამომავლო პატიმრობის განცდას გეტყვით, საერთოდ არ განვიცდი, რადგან საპირისპიროდ ქვეყანაა და მისი მიმავალი. 6 წელიც რომ მომისაჯონ, მე მზად ვარ მოვიხადო უსამართლო სასჯელი იმიტომ, რომ სამშობლოა ჩემთვის ღირსება.

ერთს გთხოვთ მხოლოდ - იბრძოლეთ! წარმოიდგინეთ, როგორ საქართველოში ვიცხოვრებდით თუკი გენერალი მაზნიაშვილი დანებდებოდა? და ილია ჭავჭავაძე? როგორი საქართველო იქნებოდა, რომ არა ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას ბრძოლა? როგორ საქართველოში ვიცხოვრებდით, რომ არა შინდისის გმირების სულისკვეთება? და როგორი იქნებოდა საქართველო გიორგი ანწუხელიძის გარეშე? ისინი ლამაზი, ბედნიერი და დამოუკიდებელი საქართველოსთვის იბრძოდნენ. ჩვენც ამისთვის ვიბრძვით და ამას აუცილებლად მივაღწევთ - ჩვენ ამას შევძლებთ!

მიყვარხართ ყოველივე თქვენგანი. მეამაყებით ყოველივე თქვენგანი. გაუფრთხილდით ერთმანეთს, გიყვარდეთ ერთმანეთი, სამშობლო ხომ სიყვარულია. სამშობლო ყოველივე თქვენგანია.

შევხვდებით რუსთაველზე - იქ ვიზეიმებთ გამარჯვებას, სადაც ყველაფერი დაიწყო", - წერს არჩილ მუსელიანცი. 

არჩილ მუსელიანცი 2024 წლის 30 ნოემბერს დააკავეს. თავდაპირველად ის ადმინისტრაციული მუხლით იყო დაკავებული, თუმცა შემდეგში, აღნიშნული მუხლი სისხლის სამართლით ჩადენილი დანაშაულით, 187-ე მუხლის მეორე ნაწილით გადაუკვალიფიცირდა, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და განადგურებას. მას დღეს 4 წლით პატიმრობა მიუსაჯეს.

Advertisement