არჩილ თალაკვაძე შარლ მიშელს შეხვდა


ავტორი
Front News საქართველო
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.
პარლამენტის თავმჯდომარემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ძლიერი მხარდაჭერის გამოვლინებაა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო COVID19-ის პანდემიის მხრივ საქართველოსა და ევროკავშირში არსებულ ვითარებას და ვაქცინის მოწოდების საკითხს. არჩილ თალაკვაძემ ევროკავშირს პანდემიასთან ბრძოლის პროცესში საქართველოსთვის გაწეული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი მაქსიმალურად შეეცდება საქართველოსთვის ვაქცინების მოწოდების პროცესის დაჩქარებას.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესის დარეგულირებაზე და პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობაზე ევროკავშირის ჩართულობით.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებასა და რეგიონში მიმდინარე ცვლილებებზე. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზი გაუსვა ევროკავშირის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში და მიესალმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის 2022 წლის დეკემბრამდე გაგრძელებას.
ქართული მხრიდან შეხვედრაში აგრეთვე მონაწილეობდნენ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ლევან იოსელიანი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელი ნატალი საბანაძე.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს