არმაზ ახვლედიანი - დრო იქნება კიდევ საჭირო იმისთვის, გავიაზროთ ყველამ, რომ განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვქონდა საქმე

ავტორი
Front News საქართველო
როცა ის იყო მეტად თუ ნაკლებად ჯანმრთელად, ბოლო დრომდე, ვერავინ მოასწრებდა მას, რომ მოეკითხა პატიმრები, მათ შორის სხვადასხვა დროის პოლიტიკური პატიმრებიც, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა არმაზ ახვლედიანმა განაცხადა.
მისივე თქმით, ილია მეორე იყო თავმდაბალიც და მოსიყვარულეც, რაც დიდი ადამიანების თვისებაა.
"ილია მეორე იყო ბევრისთვის, მრავალთათვის. თუ არ ხარ თავმდაბალი, ყველაფერი შეიძლება ამაო იყოს, თუ სიყვარული არ გაქვს, ყველაფერი ამაოა. პატრიარქ ილიას უდიდესი ბუნება და სათნოება ისაა (არ ვიტყვი, რომ იყო), რომ მას შეეძლო ერთიც და მეორეც. ის იყო სიყვარულის პატრიარქი. დრო იქნება კიდევ საჭირო იმისთვის, რომ გავიაზროთ ყველამ, ვინც ვიცნობდით, თუ არ ვიცნობდით, რომ განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვქონდა ადგილი.
1993-ში დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. პირველი ურთიერთობა საქმიანი მქონდა მაშინ, როდესაც დაიწყო მუშაობა ე.წ. კონკორდატზე. ეს საქმიანი ურთიერთობა გადაგვეზარდა ადამიანურში. ადამიანი, ვისაც შეეძლო, ესაუბრა პლატონზე, არისტოტელეზე, შეეძლო ესაუბრა დიდ გლობალურ ამბებსა და გამოწვევებზე, იმავდროულად უყურებდა განსაკუთრებული სიყვარულით, რუდუნებით ეპყრობოდა ერთ ერთი შეხედვით, უბრალო მცენარესაც კი. რა ფენომენია ეს, თავად მიხვდებით. მთავარია არა ის, რა ტიტული გაქვს, არამედ ის, ვინ ხარ სინამდვილეში.
თუ საჭირო იყო ხოლმე, პატრიარქს ვერავინ დაასწრებდა კომპრომისს, მაგრამ იყო საკითხები, სადაც კლდესავით იდგა და იყო შეუვალი პრინციპულ საკითხებში. მას ჰქონდა კომპრომისის და უკომპრომისობის ხელოვნება, როცა საქმე ეხებოდა ადამიანს და მის უფლებებს. მე გულწრფელად გეტყვით, როცა ის იყო მეტად თუ ნაკლებად ჯანმრთელად, ბოლო დრომდე, ვერავინ მოასწრებდა მას, რომ მოეკითხა პატიმრები, მათ შორის სხვადასხვა დროის პოლიტიკური პატიმრებიც. მე თავად ვარ თანამონაწილე იმ საუბრების, იქ ვყოფილვარ, როგორს სთხოვდა უწმინდესი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, მაღალი რანგის უფლებადამცველებს, ადგილობრივ ხელისუფალთ, რომ გადაეხედათ ესა თუ ის საქმე, რომ ადამიანი არ გაეწირათ ასე, ამა თუ იმ ნიშნით, ზოგჯერ ითვალისწინებდნენ, ზოგჯერ არა, მაგრამ ის კი არის, რომ ყოველთვის ის წუხდა, როდესაც უსამართლოდ იყო დასჯილი ადამიანი. მე ვამბობ, რომ საოცრებას ვხედავდი ყოველ ჯერზე, მე ვარ მხილველი იმისა, რომ პატრიარქი არასდროს გაარჩევდა ადამიანს, დღეს ის იყო მინისტრი, თუ ყოფილი მინისტრი. მე მინახავს, რომ ყოფილ მინისტრებს ყველაზე მეტად მოიხმობდა თავისთან ახლოს. ეს დიდი ადამიანური თვისებაა. ის ადამიანებს არ ახარისხებდა იმის მიხედვით, ვინაა ხელისუფალი და ვინ ყოფილი. რაც შეეხება მის მიმართ კრიტიკას, ის კრიტიკის მიმართ ყოველთვის იყო მიმღებელი, ყურადღებით მოუსმენდა ყველას, ვინც კრიტიკას გამოთქვამდა ამა თუ იმ საკითხზე", - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე 17 მარტს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა. პატრიარქს სიონის საკათედრო ტაძარში 22 მარტს დაკრძალავენ.
საქართველოში გლოვაა გამოცხადებული.
თაგები:
არმაზ ახვლედიანი




