"აუცილებელია ერთობლივი და კოორდინირებული ძალისხმევა, რათა საქართველო კვლავ დაბრუნდეს საერთაშორისო დღის წესრიგში"

ავტორი
Front News საქართველო
აუცილებელია ერთობლივი და კოორდინირებული ძალისხმევა, რათა საქართველო კვლავ დაბრუნდეს საერთაშორისო დღის წესრიგში, როგორც სანდო, პასუხისმგებლიანი პარტნიორი და რეგიონული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პროექტების აქტიური მონაწილე, - ამის შესახებ პარტიის "გახარია საქართველოსთვის" განცხადებაშია აღნიშნული.
"მივესალმებით სამხრეთ კავკასიაში ისტორიული მნიშვნელობის მქონე მშვიდობისკენ გადადგმულ ნაბიჯს და ვულოცავთ სომხეთსა და აზერბაიჯანს ამ პროცესში მიღწეულ პროგრესს. აღნიშნული წინსვლა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს საერთაშორისო თანამშრომლობის გადამწყვეტ როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის განმტკიცების საქმეში. აშშ-ის ძლიერი და თანმიმდევრული როლი მშვიდობის ძალისხმევაში გადამწყვეტია.
მაშინ, როცა სახელმწიფოები ახალ გლობალურ რეალობაში საკუთარი ეროვნული ინტერესების განმტკიცებაზე არიან კონცენტრირებულნი, საქართველო, „ქართული ოცნების“ არაკომპეტენტური და მცდარი პოლიტიკის შედეგად, კარგავს თავის სტრატეგიულ მნიშვნელობას და რეგიონული და საერთაშორისო იზოლაციის რეალური საფრთხის წინაშე დგება.
"ოცნების” რეჟიმმა გააუქმა აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა, შეაჩერა ევროინტეგრაციისკენ სვლა და აგრძელებს აგრესიულ ანტიდასავლურ პოლიტიკას. საქართველო კარგავს მნიშვნელოვან პოზიციებს - სერიოზული საფრთხე ექმნება არამხოლოდ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას, არამედ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობის პერსპექტივას.
საქართველოს მომავალი მჭიდროდაა დაკავშირებული ეფექტურ თანამშრომლობასთან როგორც მეზობელ ქვეყნებთან, ისე ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან. აუცილებელია ერთობლივი და კოორდინირებული ძალისხმევა, რათა საქართველო კვლავ დაბრუნდეს საერთაშორისო დღის წესრიგში, როგორც სანდო, პასუხისმგებლიანი პარტნიორი და რეგიონული უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პროექტების აქტიური მონაწილე", - აღნიშნულია განცხადებაში.
თაგები:
"გახარია საქართველოსთვის"




