Logo

ავთანდილ წულაძე - ტრამპის ადმინისტრაციას დიდი ეკონომიკური პროექტები აინტერესებს და არა უბრალოდ დიპლომატიური კავშირები

ინტერვიუ
232
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის გააქტიურებული საგარეო პოლიტიკა - დაწყებული ჩინეთთან "პირადი დიპლომატიით“, დასრულებული ირანისა და უკრაინის კრიზისების მოგვარების მცდელობებით, გლობალური დღის წესრიგის ცენტრშია. პარალელურად, ვიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსის კავკასიური ტურნე, რომელმაც თბილისს გვერდი აუარა, აჩენს კითხვებს რეგიონში ამერიკის პრიორიტეტებისა და საქართველოს ადგილის შესახებ.

საერთაშორისო ანალიტიკოსი ავთანდილ წულაძე საინფორმაციო სააგენტო Front News-თან ინტერვიუში დეტალურად განიხილავს ტრამპის ადმინისტრაციის სტრატეგიულ გათვლებს, რუსეთის როლს ჩინეთთან ურთიერთობაში და თბილისის მცდელობებს, დაუბრუნდეს ვაშინგტონის რადარებს.

- დონალდ ტრამპმა ჩინეთში ვიზიტები და თეთრ სახლში სი ძინპინის მასპინძლობა დააანონსა. თქვენი აზრით, რამდენად შეძლებს ტრამპი „პირადი ქიმიის“ ხარჯზე გადაჭრას ის ფუნდამენტური ეკონომიკური და სტრატეგიული წინააღმდეგობები, რაც ვაშინგტონსა და პეკინს შორის არსებობს, თუ ეს მხოლოდ ტაქტიკური სვლაა დაძაბულობის დროებით შესამცირებლად?

- სი ძინპინისთვის "ქიმიას“ დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ის სტრატეგიულად აზროვნებს და ტრამპის პირადი მიდგომა მასთან არ მუშაობს. ეს უფრო ტაქტიკური მანევრია. დაგეგმილია ტრამპისა და სი ძინპინის კიდევ რამდენიმე ვიზიტი. ეს გრძელვადიანი პროცესია. აშშ და ჩინეთი, ისევე როგორც რუსეთი და ამერიკა ცივი ომის დროს, გავლენის სფეროების გადასანაწილებლად გზებს ეძებენ. აპრილის ვიზიტი გადამწყვეტი არ იქნება. ეს, ორივე მხრიდან, უფრო სადაზვერვო ხასიათის "მოთელვა" იქნება პოზიციების შესაჯერებლად - ვის რა უნდა და რაზე შეიძლება დაიწყოს შეთანხმება.

- ამ შეხვედრების ფონზე, სად ხედავთ რუსეთის როლსა და ადგილს? ვიცით, რომ ტრამპი მუდმივად ცდილობს რუსეთისა და ჩინეთის დაშორებას. რა პოზიცია შეიძლება ჰქონდეს ამ შეხვედრებთან დაკავშირებით პუტინს?

- რუსეთი იყო და იქნება ჩინეთის უმცროსი პარტნიორი. რუსეთის ეკონომიკა ჩინეთზეა დამოკიდებული, რასაც პეკინი საკუთარი გეოპოლიტიკური პოზიციების გასამყარებლად იყენებს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში ეკონომიკური კრიზისია, ის ბირთვული იარაღის ფლობის თვალსაზრისით მაინც პირველი ქვეყანაა მსოფლიოში. ამიტომ, ამ მხრივ, ჩინეთისთვის რუსეთთან პარტნიორობა გეოპოლიტიკური პოზიციების გაძლიერებას ნიშნავს, რასაც ის ამერიკასთან მოლაპარაკებებში გამოიყენებს.

- ტრამპმა ნეთანიაჰუსთან შეხვედრისას ირანთან ახალი ბირთვული შეთანხმების სურვილი გამოთქვა. რამდენად რეალურია "უკეთესი გარიგების“ მიღწევა იმ ფონზე, როდესაც რეგიონში ესკალაცია პიკს აღწევს და რა როლი შეიძლება ითამაშოს ამ პროცესში ისრაელმა, რომელიც ტრადიციულად სკეპტიკურად უყურებს თეირანთან მოლაპარაკებებს?

- ირანი მხოლოდ ბირთვულ პროგრამაზე საუბარს თანხმდება, თუმცა ისრაელისთვის ახლა უფრო მნიშვნელოვანი ბალისტიკური რაკეტების პროგრამაა. რაკეტების სიმრავლე ისრაელისთვის ძალიან დიდი საფრთხეა. ისრაელი პატარა ქვეყანაა და 12-დღიანი ომის დროს ეს დიდი გამოწვევა იყო - ირანის მხრიდან დარტყმები საკმაოდ მძიმე მოსაგერიებელი აღმოჩნდა. ამიტომ, ისრაელისთვის სარაკეტო პროგრამა უფრო პრიორიტეტული გახდა, ვიდრე ბირთვული. ირანი ამაზე არ თანხმდება. ტრამპი ისეთ სიტუაციაშია, რომ ირანზე ან ფინანსური ზეწოლა უნდა გააძლიეროს, ან, თუ ამან არ გაამართლა, სხვა არჩევანი აღარ რჩება სამხედრო ოპერაციის დაწყების გარდა.

- ვრცელდება ინფორმაცია უკრაინა-რუსეთი-აშშ-ის სამმხრივ მოლაპარაკებებსა და შესაძლო რეფერენდუმზე ტერიტორიულ დათმობებთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, რამდენად დასაშვებია ასეთი რეფერენდუმის ჩატარება საომარი მდგომარეობის დროს და ხომ არ ნიშნავს ეს დასავლეთის მხრიდან უკრაინაზე ირიბ ზეწოლას "სწრაფი მშვიდობის“ მისაღწევად?

- ჩემი აზრით, ეს სამშვიდობო გეგმის ერთ-ერთი ვარიანტია. ის იმაზეცაა დამოკიდებული, წავა თუ არა რუსეთი გარკვეულ კომპრომისებზე. ეს ერთგვარი პოლიტიკური სვლაა, თუმცა მისი განხორციელება ჯერ საეჭვოა. რეფერენდუმს აზრი მხოლოდ მაშინ აქვს, თუკი რუსეთი კომპრომისზე დათანხმდება, თუმცა მოსკოვის პოზიცია ახლა ძალიან მკაცრია. ამბობენ, რომ რუსებს ის 20-პუნქტიანი გეგმა, რომელიც ამერიკელებმა, ევროპელებმა და უკრაინელებმა შეადგინეს, არ აწყობთ. პრინციპში, მოლაპარაკებების პროცესი თავიდან იწყება. თუ რუსეთი დათმობაზე არ წავა, რეფერენდუმს აზრი არ ექნება.

- ვიცე-პრეზიდენტმა ვენსმა სომხეთსა და აზერბაიჯანთან სტრატეგიული დოკუმენტები გააფორმა (ბირთვული ენერგეტიკა, სამხედრო დრონები, პარტნიორობის ქარტია). ნიშნავს თუ არა ეს აშშ-ის მხრიდან რუსეთის რეგიონიდან საბოლოო გაძევების მცდელობას და როგორ უპასუხებს კრემლი სამხრეთ კავკასიაში ამერიკული გავლენის ასეთ მკვეთრ ზრდას?

- ამერიკას სამხრეთ კავკასიის მიმართ ინტერესი ყოველთვის ჰქონდა, თუმცა ობამასა და ბაიდენის დროს პროცესი დაპაუზებული იყო, რადგან აშშ სხვა პრობლემებით იყო დაკავებული. ტრამპის ადმინისტრაციის გააქტიურება სამხრეთ კავკასიაში იმას უკავშირდება, რომ ისინი ახლო აღმოსავლეთში სიტუაციის შეცვლას ცდილობენ. სამხრეთ კავკასია ამ მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი რეგიონია. რაც შეეხება ჯეი დი ვენსის ვიზიტს, აქ საუბარია კონკრეტულ გეგმებსა და ინვესტიციებზე ტრამპისთვის პრიორიტეტულ სფეროებში - ენერგეტიკასა და ხელოვნურ ინტელექტში. ეს ორი სფერო ტრამპის ადმინისტრაციის ფოკუსშია, ამიტომ ეს ვიზიტი დიდი წარმატებაა როგორც აზერბაიჯანისთვის, ისე სომხეთისთვის. საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობა კი ჯერჯერობით დაპაუზებულია.

- ვიცე-პრეზიდენტი ვენსი ერევანსა და ბაქოს ეწვია, თუმცა თბილისს გვერდი აუარა, რის პარალელურადაც მამუკა მდინარაძე აშშ-ში იმყოფებოდა. როგორ კითხულობთ ამ დიპლომატიურ მოცემულობას - არის თუ არა მდინარაძის ვიზიტი "ოცნების" მცდელობა, იზოლაციის თავიდან ასაცილებლად პირდაპირი ხაზი იპოვოს ტრამპის ადმინისტრაციასთან?

- რა თქმა უნდა, ჩანს, რომ თბილისი ამერიკასთან კომუნიკაციასა და პირდაპირი ურთიერთობების აღდგენას ცდილობს. თუმცა, ტრამპის ადმინისტრაციას დიდი ეკონომიკური პროექტები აინტერესებს და არა უბრალო დიპლომატიური კავშირები. საქართველოდან კი კონკრეტული პროექტები ჯერ არ ჩანს. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ევროკავშირის სანქციების მე-20 პაკეტში ყულევის პორტიც შეიძლება მოხვდეს, რათა იქიდან რუსული ნავთობის ტრანსპორტირება არ მოხდეს. ეს მიანიშნებს, რომ ამერიკისა და ევროპისთვის სატრანსპორტო და ნავთობის სფეროები ძალიან მნიშვნელოვანია. სწორედ ამ მიმართულებით უნდა გვქონდეს ჩამოყალიბებული პოლიტიკა. შეერთებულ შტატებს კონკრეტული ხედვა უნდა შევთავაზოთ, თუ როგორ ვაპირებთ თანამშრომლობას.

ელზა პაპოშვილი 

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები