
ავტორი
Front News საქართველო
გლობალური გეოპოლიტიკური ტურბულენტობის ფონზე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე დინამიკა და უკრაინის ფრონტზე არსებული ვითარება საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღების ცენტრში რჩება. აშშ-სა და ირანს შორის ურთიერთობების პირდაპირ სამხედრო ფაზაში გადაზრდა, ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების კრიზისი, უკრაინის სახელისუფლებო გუნდში განხორციელებული საკადრო ცვლილებები და ვაშინგტონის ორკესტრირებული საგარეო სტრატეგია - ამ აქტუალურ თემებზე Front News-ს საერთაშორისო ანალიტიკოსი ავთანდილ წულაძე ესაუბრა.
ექსპერტის შეფასებით, მიუხედავად მკვეთრი სამხედრო ნაბიჯებისა, თეთრი სახლი კონგრესის მოსალოდნელ შუალედურ არჩევნებამდე პროცესების მართვადი ესკალაციის ჩარჩოში შენარჩუნებას ცდილობს. ძალისმიერი პოლიტიკისა და პარალელური დიპლომატიის კომბინაციით, ვაშინგტონის მიზანია, ოპონენტები მოლაპარაკებების მაგიდასთან მათთვის ხელსაყრელი პოზიციებიდან დააბრუნოს.
- ბატონო ავთანდილ, ჩვენ ვხედავთ, რომ აშშ-სა და ირანს შორის დაპირისპირება „პროქსი ომის“ ფორმატს გასცდა და პირდაპირ სამხედრო შეტაკებებში გადაიზარდა. როგორ აფასებთ ჰორმუზის სრუტის ბლოკადის პირობებში გლობალური ენერგეტიკული კრიზისის რისკებს და რამდენად არსებობს საფრთხე, რომ ეს დაპირისპირება სრულმასშტაბიან, უკონტროლო რეგიონულ ომში გადაიზარდოს?
- ზავი ფაქტობრივად დასრულდა, თუმცა კონფლიქტი ჯერ კიდევ კონტროლირებადი ესკალაციის ფარგლებში რჩება. აშშ ახორციელებს მიზანმიმართულ დარტყმებს ირანის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაზე, რათა თეირანი მოლაპარაკებების მაგიდასთან უფრო შესუსტებული პოზიციით დაბრუნდეს. ვაშინგტონში განიხილება შეზღუდული სამხედრო ოპერაციის სცენარი - შესაძლო შეტევები ირანის სანაპირო ზოლთან მდებარე კუნძულებზე.
აშშ აშკარად ცდილობს თავიდან აირიდოს ფართომასშტაბიანი ომი: სწორედ ამიტომ გამორიცხავს ისრაელის მონაწილეობას ოპერაციაში. ეს არის ძალისმიერი ზეწოლისა და დიპლომატიის კომბინაცია, რომელიც ტრამპისთვის დამახასიათებელი სტილია.
- ირანის მიერ ისეთი აქტორების პირდაპირ მიზანში ამოღება, როგორიცაა ყატარი (რომელიც მანამდე მედიატორი იყო) და არაბთა გაერთიანებული საამიროები, რაზე მიანიშნებს? ხომ არ ნიშნავს ეს, რომ თეირანი ყოველგვარ დიპლომატიურ ხიდს წვავს ყურის მონარქიებთან და რა გავლენას მოახდენს ეს ახლო აღმოსავლეთში ძალთა ბალანსზე?
- ირანი ახორციელებს დარტყმებს არაბულ ქვეყნებში მდებარე ობიექტებზე, რითაც აჩვენებს, რომ შეუძლია ზეწოლა მოახდინოს აშშ-ის რეგიონულ პარტნიორებზე. ეს ასუსტებს ნდობას ამერიკული უსაფრთხოების გარანტიების მიმართ და ქმნის ახალ პოლიტიკურ დინამიკას რეგიონში. თეირანი მიიჩნევს, რომ სწორედ ახლა აქვს შესაძლებლობა გაზარდოს ზეწოლა, რადგან ვაშინგტონი არჩევნების წინ არ არის დაინტერესებული კონფლიქტის გაჭიანურებით და ენერგეტიკული ბაზრების დესტაბილიზაციით.
ენერგეტიკული ბაზრების სტაბილურობის თვალსაზრისით, ჰორმუზის სრუტე კვლავ რჩება ახლო აღმოსავლეთის ყველაზე კრიტიკულ სტრატეგიულ წერტილად. მისი მუშაობის ნებისმიერი შეფერხება გლობალური ენერგეტიკული მიწოდების ჯაჭვებისთვის სერიოზულ საფრთხეს ქმნის, რადგან მსოფლიო ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ ამ მარშრუტზე გადის.
- უკრაინის სახელისუფლებო გუნდში მიმდინარე ეს სერიოზული საკადრო რყევები, განსაკუთრებით სამხედრო ხელმძღვანელობასა და თავდაცვის სამინისტროს შორის არსებული დაპირისპირება, რამდენად აისახება ფრონტის ხაზის მედეგობაზე და ხომ არ მიანიშნებს ეს კიევში არსებულ უფრო ღრმა, სტრატეგიულ კრიზისზე?
- უკრაინაში ვარაუდობენ, რომ ომი შესაძლოა, წელს დასრულდეს ზავით და სწორედ ამ გათვლაზე დაყრდნობით პოლიტიკურ ელიტებში გაძლიერდა ძალაუფლებისთვის ბრძოლა. მთავრობის გადადგომა უკრაინაში უკვე დაწყებული წინასაარჩევნო ბრძოლის ნაწილია - გავლენის ჯგუფებს შორის ძალაუფლებისთვის კონკურენცია აშკარად გამწვავდა მოსალოდნელი საპრეზიდენტო არჩევნების წინ.
ფრონტის მდგომარეობაზე თავდაცვის სამინისტროს ცვლილებები ამ ეტაპზე არსებით გავლენას არ ახდენს. მიხაილო ფედოროვი თავდაცვის მინისტრის პოსტზე დაახლოებით ექვსი თვის განმავლობაში იყო და კონფლიქტი გენერალ სირსკისთან სწორედ იმ რეფორმებს უკავშირდებოდა, რომლებიც ფედოროვს დაგეგმილი ჰქონდა, მაგრამ განხორციელება ვერ მოასწრო. ვოლოდიმირ ზელენსკისთვის მთავრობის გადადგომა წარმოადგენს შესაძლებლობას, თავიდან ჩამოაყალიბოს გავლენის ჯგუფებს შორის ახალი ბალანსი უკრაინის პოლიტიკაში იმ ფორმატით, რომელიც მისთვის ყველაზე ხელსაყრელია.
- ევროკავშირმა უკრაინელი ლტოლვილებისთვის დროებითი დაცვის სტატუსი კი გაახანგრძლივა, თუმცა შემოიტანა პრინციპული ცვლილება: ახალი განმცხადებლებიდან ამ სტატუსს მიიღებენ მხოლოდ ისინი, ვინც სამშობლოს წინაშე სამხედრო ვალდებულება შეასრულა და ქვეყანა კანონიერად დატოვა. ეს გადაწყვეტილება კიევის მოთხოვნას პასუხობს, რომელსაც მობილიზაციისთვის ცოცხალი ძალა სასწრაფოდ სჭირდება. რამდენად ქმედითი იქნება ევროკავშირის ეს გადაწყვეტილება უკრაინის საყოველთაო მობილიზაციის პრობლემის გადასაჭრელად და ხომ არ გამოიწვევს ეს დასავლეთ ევროპაში მყოფი უკრაინელი მამაკაცების იატაკქვეშეთში გადანაცვლებას ან დამატებით სოციალურ პროტესტს?
- ევროკავშირის ახალი რეგულაციები ფართო მიგრაციული რეფორმის ნაწილია და არა მხოლოდ უკრაინელი მიგრანტების მიმართ მიღებული გადაწყვეტილება. ეს ცვლილებები გამოწვეულია ევროკავშირის შიდა პოლიტიკით, მიგრაციის თემაზე მზარდი დაძაბულობით და მემარჯვენე პარტიების გაძლიერებით. უკრაინისთვის ეს ცვლილებები პრაქტიკულად არ ცვლის მობილიზაციის შესაძლებლობებს. ეს უფრო პოლიტიკური სიგნალია, ვიდრე რეალური შეზღუდვა.
- ბატონო ავთანდილ, როგორ აფასებთ მოსკოვზე დრონების ამ მასშტაბური თავდასხმების როგორც სამხედრო, ისე ფსიქოლოგიურ გავლენას? რამდენად უქმნის ეს რეალურ საფრთხეს პუტინის რეჟიმის სტაბილურობას ქვეყნის შიგნით და რა საპასუხო ნაბიჯებს უნდა ველოდოთ მოსკოვისგან ამ მზარდი საჰაერო კრიზისის ფონზე?
- დრონების შეტევებმა რუსეთის ნავთობგადასამუშავებელ ქარხნებზე უკვე გამოიწვია საწვავის ბაზრის დაძაბულობა. მოსკოვი ინარჩუნებს სტაბილურობას პრიორიტეტული მომარაგების ხარჯზე, მაგრამ რეგიონებში უკვე შეინიშნება რიგები და ლოკალური დეფიციტი. თუ დარტყმები გაგრძელდება, ეს გახდება სტრუქტურული პრობლემა რუსეთის ეკონომიკისთვის, განსაკუთრებით ინფლაციისა და ლოგისტიკის თვალსაზრისით. შემოდგომისკენ შედეგები უფრო მკაფიოდ გამოჩნდება.
- ვაშინგტონიდან ურთიერთგამომრიცხავი სიგნალები მოდის: ერთი მხრივ, დონალდ ტრამპმა დააკმაყოფილა უკრაინის თხოვნა დამატებითი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების გადაცემაზე, მეორე მხრივ კი, ის აქტიურად აწარმოებს ცალკეულ სატელეფონო ზარებს ზელენსკისთან და პუტინთან, პარალელურად კი მკვეთრად აძლიერებს სამხედრო ესკალაციას ირანის მიმართულებით. როგორ უნდა ავხსნათ ვაშინგტონის ეს ტაქტიკა - უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელება სამშვიდობო ზარების ფონზე და ამავდროულად, ირანთან ფაქტობრივი ომის წარმოება? რამდენად ეყოფა ამერიკას რესურსი ორ ფრონტზე ასეთი ინტენსიური გეოპოლიტიკური წნეხის შესანარჩუნებლად?
- ტრამპი იყენებს მისთვის დამახასიათებელ სტილს: ძალისმიერი ზეწოლა და პარალელური მოლაპარაკებები. ეს საშუალებას აძლევს მას აჩვენოს სიმტკიცე, მაგრამ თავიდან აირიდოს ხანგრძლივი და ძვირად ღირებული ომები.
რუსეთთან მიმართებაში ტრამპი აძლიერებს უკრაინის მხარდაჭერას და ზრდის ზეწოლას მოსკოვზე, რათა დაჩქარდეს ზავის მიღწევა. მისი მიზანია, ნოემბრის შუალედურ არჩევნებამდე მიაღწიოს შეთანხმებას, რომელიც საზოგადოებას საგარეო პოლიტიკის წარმატებად წარედგინება.
იგივე ლოგიკა მოქმედებს ირანის მიმართულებითაც: ტრამპი ცდილობს კონფლიქტის სტაბილიზაციას და საკითხის გადაწყვეტას არჩევნებამდე, რათა კამპანიაში არ შევიდეს ფართომასშტაბიანი ომის რისკით.
აშშ არ არის დაინტერესებული ფართომასშტაბიანი სამხედრო კონფლიქტით ორ ფრონტზე, თუმცა რეალისტურია შეზღუდული ოპერაციების განხორციელება ირანში და უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება. ტრამპი ცდილობს, ირანისა და რუსეთის მიმართულებით მართვადი ესკალაციის გზით შეამციროს რისკები კონგრესის შუალედურ არჩევნებამდე. შემოდგომისთვის უკვე უფრო ნათლად გამოჩნდება, რამდენად ეფექტური აღმოჩნდა მისი ეს ტაქტიკა.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
ავთანდილ წულაძე
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს