ბათუმში გარდაიცვალა ჩვილი, რომელსაც დედამ მძიმე დაზიანებები მიაყენა

ავტორი
Front News საქართველო
ბათუმში გარდაიცვალა ჩვილი, რომელსაც დედამ მძიმე დაზიანებები მიაყენა, - ინფორმაციას კლინიკა "მედინა" ავრცელებს.
"დიდი გულისტკივილით გაცნობებთ, რომ მიუხედავად ექიმების მრავალდღიანი ინტენსიური ბრძოლისა და განხორციელებული ყველა შესაძლო სამედიცინო ღონისძიებისა, 22 თებერვალს, ირის ბორჩაშვილის ჯანმრთელობის ცენტრ "მედინაში" დაბადებული ახალშობილი (ჩვენი კლინიკის თანამშრომლის შვილი) ამ დილით გარდაიცვალა.
კლინიკის გუნდი პირველივე წუთებიდან მოქმედებდა უმაღლესი პროფესიული სტანდარტების დაცვით. პროცესში ჩართული იყვნენ როგორც ჩვენი კლინიკის, ისე მოწვეული მრავალპროფილური სპეციალისტები. პაციენტს ჩაუტარდა არაერთი გადაუდებელი და მაღალკვალიფიციური სამედიცინო ჩარევა, თუმცა მისი მდგომარეობა თავიდანვე იყო უკიდურესად მძიმე.
ამ მძიმე პერიოდში ჩვენი მთავარი საზრუნავი იყო და რჩება პაციენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვა.
ვიზიარებთ მომხდარით გამოწვეულ ღრმა ტკივილს და თანავუგრძნობთ ყველა იმ ადამიანს, ვისთვისაც ეს ტრაგედია მძიმე დანაკარგია”, - აღნიშნულია განცხადებაში.
22 თებერვალს კლინიკის სანიტარმა საპირფარეშოში იმშობიარა. გამოძიების ინფორმაციით, ქალმა ახალშობილს სხეულის სხვადასხვა ნაწილში სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა. ის სამართალდამცველებმა დააკავეს.
თაგები:
ჩვილი




