Logo

ბათუმში წლის ყველაზე მასშტაბური დასაქმების ფორუმი გაიმართება

რეგიონები
104
Frontnews image description

აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტოს, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოსა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, ქალაქ ბათუმში „დასაქმების ფორუმი 2026“ გაიმართება.

ფორუმი სამუშაოს მაძიებლებს 300-ზე მეტ ვაკანსიას და 2000-მდე სამუშაო ადგილს შესთავაზებს. ღონისძიება მონაწილეებს მისცემს შესაძლებლობას, პირისპირ შეხვდნენ დამსაქმებლებს, გაეცნონ რეგიონის წამყვან კომპანიებს და იპოვონ საკუთარი ადგილი შრომის ბაზარზე.

ფორუმი მიმდინარე წელს სამუშაოს მაძიებლებს სრულიად ახალი ფორმატით და მასშტაბური შესაძლებლობებით უმასპინძლებს. ღონისძიება მიზნად ისახავს დამსაქმებლებისა და სამუშაოს მაძიებლების ერთმანეთთან დაკავშირებას, კარიერული განვითარების ხელშეწყობასა და შრომის ბაზარზე დასაქმების შესაძლებლობების გაფართოებას.

„დასაქმების ფორუმი 2026“-ის ფარგლებში, 18-22 მაისს, გაიმართება კარიერული კვირეული, რომელიც 18 მაისს საზეიმოდ გაიხსნება და 22 მაისს დასაქმების ფორუმით დასრულდება.

კვირეულის განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ, დაესწრონ საჯარო ლექციებს, პრაქტიკულ ვორქშოფებსა და საინფორმაციო შეხვედრებს. დაგეგმილია პანელური დისკუსია შრომის ბაზრის აქტუალურ საკითხებზე. საჯარო ლექციებს წარუძღვებიან წამყვანი ტრენერები - ანდრო დგებუაძე, ზურაბ მხეიძე და ლატავრა ჩუბინიძე.

კვირეულის მთავარი ღონისძიება - „დასაქმების ფორუმი 2026“ 22 მაისს უნივერსიტეტის ეზოში გაიმართება. წარმოდგენილი იქნება 80-ზე მეტი კომპანია სხვადასხვა სექტორიდან, კერძოდ, ადმინისტრაციული, საზღვაო, ვაჭრობა/დისტრიბუციის, სასტუმრო/სარესტორნო, მრეწველობის, ტრანსპორტი/ლოგისტიკის, მშენებლობის, ფინანსების, ჯანდაცვისა და განათლების სფეროებიდან.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები