ბექა ურუშაძე - ამოვწურეთ ყველანაირი რესურსი, რომ ხელი შეგვეწყო და რამენაირად გაგრძელებულიყო სამუშაოები

ავტორი
Front News საქართველო
ამოვწურეთ ყველანაირი რესურსი, რომ ხელი შეგვეწყო და რამენაირად გაგრძელებულიყო სამუშაოები. მაქსიმალურად მოკლე დროში გამოცხადდება ახალი ტენდერი, - ამის შესახებ მგფ-ის დირექტორმა ველისციხის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან ხელშეკრულების გაწყვეტასთან დაკავშირებით განაცხადა.
ფონდის აღმასრულებელი დირექტორის ბექა ურუშაძის განცხადებით, კონტრაქტორთან ყველანაირი რესურსი ამოწურეს. მისივე თქმით, ვინაიდან პროექტი აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება, პროცესიც მათთან შეთანხმებით მიმდინარეობს.
"ფაქტობრივად, კონტრაქტორთან ამოვწურეთ ყველანაირი რესურსი, რომ ხელი შეგვეწყო და რამენაირად გაგრძელებულიყო სამუშაოები, საბოლოოდ მივიღეთ გადაწყვეტილება, გაწყვეტილიყო ეს კონტრაქტი. უშუალოდ პროცესს რაც შეეხება, იქიდან გამომდინარე, რომ ADB-ის მხარდაჭერით ხორციელდება აღნიშნული ხელშეკრულება და პროექტი, მათთან შეთანხმებით მიდის ეს პროცესი, შესაბამისად, [ხელშეკრულების] გაწყვეტის პროცესსაც გარკვეული პერიოდი სჭირდება. ჩვენ ვეცდებით, მაქსიმალურად მოკლე დროში, პირველ რიგში, შეწყდეს - ეს პროცესია ახლა მიმდინარე და ამის შემდგომ უკვე გამოცხადდეს ახალი ტენდერი სამუშაოების დასრულების მიზნით", - განაცხადა ბექა ურუშაძემ.
სოფელ ველისციხის ცენტრალური ნაწილის რეაბილიტაციის პროექტის კონტრაქტორ კომპანიებთან - შპს "ინსისა" და შპს "ჯავას" ერთობლივ საწარმოსთან ხელშეკრულების შეწყვეტის მიზეზი, არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა გახდა.
თაგები:
ბექა ურუშაძე




