ბესიკ დონაძე - დამნაშავეები არიან საჯარო მოხელეებიც, დეპარტამენტის ოფიცრებიც დასაკავებლები არიან, არავის არ უნდა ეპატიოს ამ კორუფციულ სქემაში მონაწილეობა

ავტორი
Front News საქართველო
ბოლო დროს განხორციელებულმა გახმაურებულმა დაკავებებმა ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მაღალჩინოსნების წრეში, კერძოდ, კობა გაბუნიასა და დავით ტაბიძის საქმეებმა, საზოგადოებაში გააჩინა ვარაუდები, რომ გამოძიების სამიზნე გაცილებით მაღალი რანგის ფიგურები არიან. კორუფციის მკვლევარი ბესიკ დონაძე Front News-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ეს ნაბიჯები პირდაპირ მიანიშნებს ირაკლი ქარსელაძემდე და გრიგოლ ლილუაშვილამდე მისასვლელ გზაზე და საუბრობს მასშტაბურ, სისტემურ კორუფციულ ქსელზე, რომელსაც "ვანელების კლანი" ეწოდება.
- თქვენი შეფასებით, რამდენად საფუძვლიანია ვარაუდი, რომ კობა გაბუნიას, დავით ტაბიძის და სხვა დაკავებები პირდაპირ უკავშირდება ირაკლი ქარსელაძემდე, გრიგოლ ლილუაშვილამდე მისასვლელ გზას? რა ტიპის სამართლებრივ თუ კორუფციულ ქსელზე შეიძლება მიანიშნებდეს ეს ნაბიჯები და რატომ არ მოხდა მათი დაკავება აქამდე?
- ამ ადამიანების დასაკავებლად, ნამდვილად, უკვე ბევრი მტკიცებულება აქვთ. ირაკლი ქარსელაძე მათთვის რთული დასაკავებელი არ არის. თუმცა, ქარსელაძეს ყოფილი პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მაგალითი აქვს, როგორ უნდა მოიქცეს, რომელიც დამნაშავეებისთვის სამაგალითო ქცევა უნდა ყოფილიყო. ფაქტობრივად, ქარსელაძემდე მისულები არიან. მუნიციპალური განვითარების ფონდის ხელმძღვანელის დაკავების შემდეგ, მან თქვა, რომ ყველაფერი აღიარა და გამოძიებასთან ითანამშრომლა. თანამშრომლობა ნიშნავს არა იმის თქმას, რაც უკვე იცის გამოძიებამ, არამედ იმის მიწოდებას, რაც არ იცის. თანამშრომლობა არის, როდესაც ღირებულ ინფორმაციას აწვდი, რომელიც არ იცის. შესაბამისად, რაც მათ არ იცოდნენ, ის დაწერა ტაბიძემ. შემდეგ ამას მოჰყვა მისი კურატორი მოადგილის დაკავება. ჟანრის ლოგიკით, ახლა უკვე ქარსელაძე უნდა იყოს დაკავებული. ამასაც რომ თავი დავანებოთ, ტაბიძე მუნიციპალური განვითარების ფონდის თავმჯდომარე იყო. ანუ ვინ იყო ის პირი, ვისაც მისთვის დავალების მიცემა შეეძლო? ტაბიძის ხელქვეითს, ანუ მის ქვემოთ მდგომ ადამიანს ხომ არ შეეძლო მისთვის რამე დაევალებინა, მუნიციპალური განვითარების ფონდის ან დეპარტამენტის ხელმძღვანელი ხომ ვერ დაავალებდა. მხოლოდ ორი ადამიანი იყო, ვისაც დავალების მიცემა შეეძლო: ეს იყო მინისტრი და მისი უშუალო კურატორი მოადგილე. მოადგილე დაკავებულია, დარჩენილია მინისტრი.
- ქარსელაძე და ლილუაშვილი, როგორც ირკვევა, კურსელები და მეჯვარეები არიან. მათ ე.წ. "ვანელების კლანადაც" მოიხსენიებენ, რომელიც 2016 წლიდან მოძლიერდა. თქვენი აზრით, რა როლი ჰქონდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) ყოფილ შეფს გრიგოლ ლილუაშვილს ამ სქემების ჩამოყალიბებასა და ფუნქციონირებაში, განსაკუთრებით, ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მიმართებაში?
- დიახ, გრიგოლ ლილუაშვილის კლანი ცნობილია და "ოცნებაში" ვანელების და კახელების კლანებზეც გვსმენია, რიჟვაძის კლანიც გაგვიგია. "ოცნების" ჩინოვნიკები ხელისუფლებაში საკუთარ, პატარა გუნდს აკეთებენ, რომელსაც ეყრდნობიან. როდესაც კორუფციით ფულის შოვნა გინდა, ნამდვილად რაღაც ჯგუფი უნდა შექმნა. რაც შეეხება ლილუაშვილის როლს ამ სქემაში, ის არის ცენტრალური ფიგურა. ამ ხალხს ლილუაშვილისგან ჰქონდათ გარანტია, რომ თუ ფულს იშოვით, ჩვენ არ დაგიჭერთ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ლობირება და ამ ხალხს მწვანე შუქი ჰქონდათ ანთებული. მაგალითად, მინისტრის მოადგილის გაბუნიას დაკავების შემდეგ, ადვოკატი გამოვიდა და თქვა, რომ გაბუნია გაკვირვებულია, თუ რატომ მოხდა მისი დაპატიმრება. რა ბრალს უყენებენ, ვერ მიხვდა, რადგან მას უთხრეს, რომ ფულის შოვნა შეეძლო და არავინ არ დაიჭერდა. ეს გაბუნიაც ფულს ხომ მისი ხელმძღვანელების დავალებით აკეთებდა და ფიქრობდა, რომ საკუთარი თავით არ რისკავდა. ეს იყო სისტემური კორუფცია. ქვევით სპეციალისტი რომ რაღაცას ამზადებს, ის მინისტრთან ხელის მოსაწერად მიდის. შემდეგ არის მიღება-ჩაბარების აქტები. მინისტრმა თუ არ დაავალა, რომ თვალი დახუჭეთ და პრემიას მოგცემთ ან რაღაცას, ისე არცერთი საჯარო მოხელე ამას საკუთარ თავზე მარტო არ იღებს. არ არის ასე მარტივი კომპანიას გაურიგდე, თუ ხელმძღვანელი საქმის კურსში არ არის. ამავე დროს, დამნაშავეები არიან ის საჯარო მოხელეებიც, რომლებიც ამ ყველაფერს უყურებდნენ და ხმას არ იღებდნენ. შესაძლოა, არ ნახულობდნენ იქიდან სარგებელს, მაგრამ ამაზე ხომ თვალს ხუჭავდნენ. ამიტომ, არავის არ უნდა ეპატიოს ამ კორუფციულ სქემაში მონაწილეობა. იგივე დეპარტამენტის ოფიცრებიც დასაკავებლები არიან.
- კობა გაბუნიას შემთხვევაში საუბარია საბავშვო ბაღების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი 9.3 მლნ ლარის თაღლითურად დაუფლებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაზე. ზოგადად, თქვენი დაკვირვებით, რა არის ყველაზე გავრცელებული კორუფციული სქემები ინფრასტრუქტურისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის მსგავს მსხვილ უწყებებში და როგორ ხდებოდა ამ სქემით სახელმწიფოსთვის ფულის მოპარვა?
- ეს არის სისტემური კორუფცია და შესაბამისად, ამ სისტემაში თითოეულ დეტალს ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს.
ტენდერის მორგება: პირველი ეს არის ტენდერის მორგება კომპანიაზე, როდესაც ელექტრონული წესით არის შერჩევა. ამ სქემაში აპრობირებული მეთოდია, როდესაც ზუსტად იმ კომპანიას ირჩევენ, რომელიც მათვე სურთ. ან ბაზრის კვლევას აყალბებენ, რომ თითქოს ყველა კომპანიამ უარი თქვა და ეს ერთი გამოეხმაურათ.
ავანსის მიცემა: ასევე ძალიან გავრცელებულია ავანსის მიცემის წესი, რომელზეც ეს ხალხია ძირითადად დაჭერილი. ავანსიის მიცემა კანონმდებლობით შესაძლებელია, მაგრამ ამ ყველაფერს დასაბუთება უნდა ჰქონდეს. კომპანიამ ავანსი უნდა დაასაბუთოს, მერე კომპანიამ უნდა გამოითხოვოს საგარანტიო ფურცლები ბანკიდან.
სამუშაოების არშესრულება და ხარისხის გაყალბება: ასევე ძალიან გავრცელებულია, როდესაც პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები არ სრულდება. პირობითად, პროექტზე 22 კუბი ბალასტი აქვს შესატანი და ამის ნაცვლად 12 კუბს შეიტანს. თუმცა ზედამხედველი კომპანია ჩაუთვლის, რომ მან 22 კუბი შეიტანა. მაგალითად, უხარისხოდ არის გაკეთებული, მაგრამ სატენდერო კომისია ჩაიბარებს და თვალს დახუჭავს ვერტიკალურ ბაზრებზე, ასფალტის სისქეზე და ა.შ. ეს არის ძირითადად, რაშიც ფულს აკეთებენ.
არახილულ სამუშაოებზე ფულის კეთება: ასევე გზების და სკვერების სამუშაოების დროს ძალიან არის გავრცელებული არახილულ სამუშაოებზე ფულის კეთება. როდესაც მიწისქვეშა სამუშაოები მიმდინარეობს, მაგალითად, რამდენი კუბი მიწა უნდა მოჭრან, რამდენ მეტრზე უნდა ჩავიდნენ, იქ რამდენი უნდა დაყარონ ბალასტი. ამ ყველაფერს ზედამხედველი კომპანია უნდა აკონტროლებდეს. თუ არ გააკონტროლებ, ეს კომპანია ამაში იხდის ფულს, მერე ერთმანეთში ინაწილებენ. საბუთების გაყალბებას რომ ამბობენ სუსი და ფინანსთა სამინისტრო, ამას გულისხმობენ.
ჩვენ ახლა მივიღეთ ინფრასტრუქტურული პროექტები – გზები, ხიდები, გვირაბები, სკოლები, ბაღები – ყველაფერი უხარისხოა. ანუ პროექტით რაც გათვალისწინებული იყო, გამოდის, ის გაკეთებული არ არის. დოკუმენტების გაყალბება უხარისხოდ გაკეთებულ ყველაფერს ნიშნავს. ჩვენ ახლა მივიღეთ უხარისხო შენობა-ნაგებობები, რომ შეგვიძლია ვუთხრათ საქართველოს მოსახლეობას, რომ კორუფცია კლავს და იმ უხარისხოდ გაკეთებულ გზებზე სიარული გვიწევს, იმ ბაღებში, სკოლებში და სხვა შენობებში კი ყოველდღე მუშაობა და სწავლა სახიფათოა.
- რა წილის პასუხისმგებლობა ეკისრება ახლა ამ ხელისუფლებას, რომლებიც მაშინ საპარლამენტო ხელისუფლებას წარმოადგენდნენ? სწორედ პარლამენტია საპარლამენტო ტიპის მოწყობის სახელმწიფოში მთავრობის მაკონტროლებელი. მათ ეს ყველაფერი ახლა შეიტყვეს?
- რა თქმა უნდა, ძალიან დიდი წილი პასუხისმგებლობა კობახიძეზე, მდინარაძეზე და დანარჩენზეც მოდის, ვინც ახლა ხელისუფლებაშია ან პარლამენტში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს ისინი საპარლამენტო ხელისუფლების ნაწილს წარმოადგენდნენ. სწორედაც, რომ მათი პრეროგატივა იყო ხელისუფლების კონტროლი. ეს ადამიანები, რომლებიც პარლამენტში 13 წლის განმავლობაში ისხდნენ, მთავრობაზე ეფექტური კონტროლი ვერ განახორციელეს. ახლა კი ეს ადამიანები გვიმტკიცებენ, რომ 10-წლიანი გეგმა უნდა შეიმუშაონ განვითარებისთვის. რომელ განვითარებაზეა საუბარი, როცა ამ ხალხმა 10 წელში 5 მილიარდი მოიპარა მხოლოდ ერთი სამინისტროდან. კიდევ ერთი მაგალითი იმის, რომ მასშტაბი დავინახოთ: თავდაცვის მინისტრის ბურჭულაძის თანამდებობაზე ყოფნის პერიოდში, ორი წელი და რაღაცა, ამ ხნის განმავლობაში, მხოლოდ სუსის მიერ ერთი ხელშეკრულება გადამოწმდა. მილიონ-ნახევარი ჰქონდა მოპარული. ახლა წარმოიდგინეთ მახათას გორაზე, სადაც სამხედრო ქალაქი ააშენეს, რა სახიფათოა იქ ცხოვრება? ამ მშენებლობას ბურჭულაძე, ხაინდრავა და ღუდუშაური ხელმძღვანელობდნენ. ოთხივე მათგანი კორუფციაზეა ბრალდებული. როგორ შეიძლება ახლა მათ მიერ აშენებულ კორპუსებს ვენდოთ და იქ ადამიანებმა იცხოვრონ?
- აუცილებლად უნდა გკითხოთ ირაკლი ღარიბაშვილზეც, რა როლი აქვს მას ამ სქემაში? მიუხედავად მასთან დაკავშირებული ბევრი ეჭვისა, ის ბიუჯეტიდან ფულის მოპარვაში არ არის ბრალდებული. მას ედავებიან არადეკლარირებულ შემოსავალს და თანამდებობაზე ყოფნის დროს ბიზნესსაქმიანობას. რატომ არა კორუფციის ბრალდება და რატომ არ დააკავეს? ის 1 მილიონი გირაოს სანაცვლოდ სახლში გაუშვეს. ხომ არ ფიქრობთ, რომ კომპრომატები აქვს, რითაც შესაძლოა, ივანიშვილს ევაჭრებოდეს?
- მე მგონი, რომ კომპრომატების ნაწილში ალბათ, ყველაზე დიდი საინფორმაციო ბაზა გრიგოლ ლილუაშვილს უნდა ჰქონდეს. მას ჰქონდა მოსმენების უფლება და დარწმუნებული ვარ, ივანიშვილსაც შესაძლოა, უსმენდა. ასევე იმ მასალებს, ე.წ. კრებსების სახით, რასაც ლილუაშვილი ივანიშვილს აძლევდა, იგივე ინფორმაციას თავადაც შეინახავდა, ამის პრობლემა არ არსებობდა.
რაც შეეხება ღარიბაშვილს, ის სხვანაირი მონაა. მას ფაქტია, ათქმევინეს, რომ ის ბრალს ეთანხმება და ყველაფერი აღიარა. ღარიბაშვილი ივანიშვილმა ამ ფორმით მიწასთან გაასწორა, როგორც სამომავლოდ მისი პოლიტიკაში მოღვაწეობის პერსპექტივა. რეალურად, ღარიბაშვილი არც არავის სჭირდება პოლიტიკაში, ის ივანიშვილის ხელის ბიჭი იყო. თუმცა, მას 6 მილიონის გარდა, საბანკო ანგარიშზე რა სახის თანხები აქვს გადამალული, შეამოწმეს? თუნდაც მამამისის სახელზე. თავად ღარიბაშვილი ამბობდა, ფულს მამაჩემი მაძლევს, ბიზნესს ეწევაო. მაშინ გამოდის, რადგან ყველაფერი აღიარა, მამამისის წინააღმდეგაც ჩვენება მიუცია. მამამისიც ამ ფულის გათეთრებაში იყო ჩართული და მასზეც ბრალია წასაყენებელი.
რაც შეეხება მის გათავისუფლებას და არ დაკავებას, ეს ერთი შეხედვით ვაჭრობას ჰგავს. ამას ახლა ასე ვერ განვსაზღვრავთ, რა და რისი თქმა უნდოდა. თუმცა ფაქტია, რომ ბიუჯეტიდან ფული მოგვპარა, შემდეგ ეს ფული გადაიხადა და თავისუფლებაზეა. ასევე ჩვენი გადასახადებით დაცვა ჰყავს – მძღოლი, მანქანა და საწვავი ემსახურება. კიდევ ფულს ვხარჯავთ მის კარგ ცხოვრებაში. რთულია ჯერ თქმა, ღარიბაშვილს რას უპირებენ საბოლოოდ. ფაქტობრივად, ეს ხალხი უკვე დაჭერილები არიან, მხოლოდ ივანიშვილის გადასაწყვეტია, ვის გაუღებს ციხის კარს და ვის ჩააგდებს იქ.
ელზა პაპოშვილი
თაგები:
ბესიკ დონაძე
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


