ბრიტანელი ტურისტის მკვლელობის საქმეზე ხუთივე ბრალდებულს 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა


ავტორი
Front News საქართველო
გორის საქალაქო სასამართლომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის დამამძიმებელ გარემოებებში მომხდარი მკვლელობის და ძარცვის ფაქტზე, ოთხ პირს, ხოლო განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე ერთ პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. საქმეზე ოთხი ბრალდებულის ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებული არც ერთი პირი ბრალდებას არ ეთანხმება. ისინი აცხადებენ, რომ უდანაშაულო არიან. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული ვასილ ოქროპირიძის ოჯახის წევრები კი აცხადებენ, რომ ჩვენებები ზეწოლის ქვეშაა მიცემული.
პროკურატურამ გორში, დიდი ბრიტანეთის მოქალაქის, ტ.კ.-ს დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის და ძარცვის ფაქტზე – გ.ბ.-ს, ზ.ფ.-ს, გ.ქ.-ს და გ.ო.-ს ბრალდება წარუდგინა, ხოლო განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის ბრალი წარედგინა ვ.ო.-ს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 7 ოქტომბერს, ზ.ფ.-მ, გ.ქ.-მ, გ.ო.-მ და გ.ბ.-მ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის – ტ.კ.-ს გაძარცვა გადაწყვიტეს და აღნიშნული განზრახვა ვ.ო.-ს გაანდეს, რომელმაც დანაშაულში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. იმავე დღეს, ქ. გორში, რკინიგზის სადგურის მახლობლად, ღამის საათებში, გ.ბ., ზ.ფ., გ.ქ. და გ.ო., მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ძალადობით, ტ.კ.-ს მობილურ ტელეფონს და პლასტიკურ ბარათს დაეუფლნენ. ჩადენილი დანაშაულის დასაფარად, ბრალდებულებმა გონებადაკარგული ტ.კ. მდინარე მტკვარში გადააგდეს, რის შედეგადაც იგი გარდაიცვალა.
მომხდარის შესახებ ზ.ფ.-მ, გ.ქ.-მ, გ.ო.-მ და გ.ბ.-მ ისევ აცნობეს ვ.ო.-ს, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ ნამდვილად იცოდა მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე, ასევე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულები, არ შეატყობინა სამართალდამცავ ორგანოებს”, – აცხადებენ პროკურატურაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს