CBS News - ირანში დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა, 20 ათასს აღწევდეს

ავტორი
Front News საქართველო
ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო აქციებისას დაღუპულთა რაოდენობა იმაზე გაცილებით მეტია, ვიდრე ქვეყნის გარეთ მყოფი აქტივისტები იტყობინებიან, - ინფორმაციას წყაროებზე დაყრდნობით CBS News ავრცელებს.
მედია წერს, რომ დაღუპულთა რაოდენობა, სულ მცირე, 12 ათასია და შესაძლოა, 20 ათასსაც აღწევდეს.
მისივე ინფორმაციით, ტელეარხმა წყაროს მიერ მიწოდებული რიცხვის დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ შეძლო - სიმართლის გარკვევას უინტერნეტობა და სატელეფონო ზარებზე შეზღუდული წვდომა ართულებს.
როგორც CBS News წერს, ირანში მყოფმა წყარომ მედიასთან დაკავშირება შეძლო და შეატყობინა, რომ აქტივისტთა ჯგუფები სამედიცინო წარმომადგენლების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, დაღუპულთა სრული სიის შედგენაზე მუშაობენ. წარმომადგენლების ანგარიშებზე დაყრდნობით კი დაღუპულთა რიცხვი ამ მომენტისთვის, სულ მცირე, 12 000-ს შეადგენს. ამავე წყაროზე დაყრდნობით ირკვევა, რომ უსაფრთხოების ძალები თეირანის მასშტაბით კერძო საავადმყოფოებში მიდიან, მათ პერსონალს ემუქრებიან და აქციების დროს დაშავებულთა სახელებისა და მისამართების მიწოდებას ითხოვენ.
მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები ირანში 28 დეკემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ეროვნული ვალუტა ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, რამაც ფასების სწრაფი ზრდა და სოციალური არეულობა გამოიწვია.
დემონსტრაციები ათობით ქალაქში იმართება და სოციალურ-ეკონომიკურ მოთხოვნებთან ერთად პოლიტიკური ცვლილებების მოთხოვნებსაც მოიცავს.
ბოლო ინფორმაციით, ირანში ვითარება კვლავ ძალიან დაძაბულია.
თაგები:
ირანი




