Logo

ჭიათურელი მაღაროელები ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ

საზოგადოება
39
Frontnews image description

ჭიათურელი მაღაროელები ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქციას მართავენ.

მათი მთავარი მოთხოვნაა, გათავისუფლდნენ უკანონოდ დაკავებული მაღაროელები.

"7 თვეა, უსამართლოდაა ჩვენი 4 თანამებრძოლი დაკავებული. ამ ხნის განმავლობაში ვერანაირი არგუმენტი ვერ დადეს, რის გამო არიან დაკავებულები. ბიჭები მაქსიმალურად ცდილობდნენ სიმართლის დამტკიცებას, მაგრამ არ მიეცათ საშუალება, არ დადგა სიმართლე. ამ ვითარების სათავეში კი არის მთავრობა.

ასევე, უკანონოდ გათავისუფლებული მაღაროელები უნდა დაუბრუნდნენ სამსახურებს", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ამ დრომდე ჯანდაცვის სამინისტროდან მათ არავინ გამოხმაურებია.

ჭიათურელი მაღაროელები – მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, თენგო გველესიანი და აჩიკო ჭუმბურიძე 28 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა შუქრუთის მაღაროს დირექტორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანება მიაყენეს.

გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს. მოგვიანებით, მერაბ სარალიძესა და გიორგი ნეფარიძეს ბრალი დაუმძიმდათ სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და მასში მონაწილეობას გულისხმობს და 6-დან 9 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

Advertisement