Logo

"ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ, ყადაღის, რეპრესიების თუ მუქარების მიუხედავად, ჯიუტად გავაგრძელებთ შრომას, სანამ ქართველი ხალხი სამართლიანობისათვის იბრძვის"

პოლიტიკა
267
Frontnews image description

ყადაღის, რეპრესიების თუ მუქარების მიუხედავად, ჯიუტად გავაგრძელებთ შრომას, ვიდრე ქართველი ხალხი სამართლისა და სამართლიანობისათვის ყოველდღე იბრძვის, – ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ბრიფინგზე განაცხადეს.

მათი განცხადებით, შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება.

„ქართველი ხალხის საზიანოდ შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა, რომელიც ლახავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და ევროინტეგრაციის პროცესის საბოტაჟს ემსახურება.

დღეს, საქართველოს პროკურატურამ, აბსურდული გამოძიების ფარგლებში, დააყადაღა შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაცია, რომლებიც აკეთებენ ქართულ საქმეს, ემსახურებიან საქართველოს მოქალაქეებს, იბრძვიან საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ყადაღის საფუძვლად მითითებულია ის, რომ ჩვენ ვეხმარებოდით და ვეხმარებით მასობრივად ნაწამებ ადამიანებს, სინდისის პატიმრებს, დაჯარიმებულ მოქალაქეებს. უკანონო განჩინება არ შეიცავს რამენაირ ფაქტობრივ დასაბუთებას. მოსამართლემ გადაწყვეტილება მხოლოდ შაბლონური ციტატების საფუძველზე მიიღო.

ქართველი ხალხის მტრებს სურთ, რომ აღარ შეგვეძლოს ბავშვების, ქალების, შშმ პირების, სტუდენტების, უკანონოდ დაკავებულების, მშრომელების, ხანდაზმულების უფლებების დაცვა; აღარ ვიკვლევდეთ და ვაშუქებდეთ უსამართლობას, კორუფციას, წამებას, სისტემურ ძალადობას; აღარ ვიცავდეთ მათ სტრასბურგსა და სხვა საერთაშორისო სასამართლოებში. მათ სურთ არამხოლოდ ევროინტეგრაციის სამომავლო საბოტაჟი, არამედ ქართველი ხალხისთვის უკვე მოპოვებული უდიდესი სიკეთის – უვიზო მიმოსვლის უფლების ჩამორთმევაც.

ჩვენ საქმიანობას არ შევწყვეტთ. ყადაღის, რეპრესიების თუ მუქარების მიუხედავად, ჩვენ ჯიუტად გავაგრძელებთ შრომას, სანამ ქართველი ხალხი სამართლისა და სამართლიანობისათვის ყოველდღე იბრძვის. ჩვენ ვიბრძოლებთ ავტორიტარული წესებისა და რუსული კანონების წინააღმდეგ და გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ მექანიზმს, რათა კონსტიტუციაში გაწერილი, ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული გზის მოწინააღმდეგეებმა მიზანს ვერ მიაღწიონ. ჩვენ დავიცავთ საქართველოს ევროპულ გზას, გავაგრძელებთ უვიზო მიმოსვლის შენარჩუნებისა და საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის ბრძოლას“, – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში 7 არასამთავრობო ორგანიზაციის საბანკო ანგარიშებს ყადაღა დაედო.

Advertisement