Logo

"დაელოდა პარკინგზე, ურტყამს თავში, სავარაუდოდ, უჭირავს ბლაგვი საგანი, ჩემი შვილი მოწყვეტით ეცემა უგონოდ, ის ტრიალდება და მიდის"

სამართალი
3 დღის წინ / 19:09
576
Frontnews image description

თბილისში, ახალი სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცს სცემეს. 31 წლის ბექა ონიანი თავის ტრავმით კავკასიის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი. 

როგორც "მთავართან" საუბარში ონიანის დედამ განაცხადა, მის შვილს საავადმყოფოში შეყვანისთანავე ოპერაცია ჩაუტარდა და ამ დროისათვის ხელოვნურ კომაშია.

"ჩემი  შვილი არის ფუტსალის დინამოს მოთამაშე, გუშინ ჰქონდათ თამაში თსუ-ის გუნდთან. თამაშის დროს სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა მოთამაშეებს შორის, ამის შემდეგ, მოწინააღმდეგე გუნდის თსუ-ის ფიზმომზადების მწვრთნელი დაელოდა პარკინგზე, ეს ყველაფერი მოხდა ახალ სპორტის სასახლეში, უნივერსიტეტის ქუჩაზე. ნახა მარტო, კამერები ამოღებულია და როგორც ვიცი, კამერაში ჩანს, როგორ მიდის ეს პიროვნება, ურტყამს ხელს. არ ჩანს, მაგრამ ტრავმა ისეთია მიღებული, რომ ცარიელი მუშტით ასეთ ტრავმას ვერ მიაყენებდა. ურტყამს თავში, სავარაუდოდ, უჭირავს ბლაგვი საგანი, ჩემი შვილი მოწყვეტით ეცემა უგონოდ და ის ტრიალდება, ჯდება მანქანაში და მიდის.

ეს არის ივა ტყეშელაშვილი, თსუ-ის ფიზმომზადების მასწავლებელი და ინფორმაციები როგორიც გვაქვს, პოლიციელის შვილია. არაერთხელაა მსგავს კონფლიქტებში შემჩნეული, რაც სხვაგან ადრე გასვლია", - აცხადებს ნაცემი ახალგაზრდას დედა" მთავართან" საუბარში.

მისივე ცნობით, გამომძიებლებს ოჯახთან კონტაქტი არ ჰქონიათ.

"საავადმყოფოში შეყვანის მერე გამოიძახეს პოლიცია, 1 საათში იცოდნენ სახელიც, გვარიც, ვინ არის, რა არის, მანქანის ნომერი და ა.შ. მაგრამ აქამდე დაკავებული არ არის. გვითხრეს, როცა საჭიროდ ჩავთვლით რაიმე ინფორმაციის მოწოდებას, მოგაწოდებთო", - განაცხადა ნინო შერმადინმა.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

Advertisement