Logo

"დაიკავეთ ინსტიტუციები, დახმარება გზაშია" - ტრამპმა ირანელებს დემონსტრაციების გაგრძელებისკენ მოუწოდა

მსოფლიო
180
Frontnews image description

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საჯაროდ მოუწოდა ირანელებს, გააგრძელონ ანტისამთავრობო პროტესტები და "დაიკავონ ინსტიტუციები" და განაცხადა, რომ მომიტინგეებისთვის დახმარება "გზაშია“.

"ირანელ პატრიოტებო, განაგრძეთ პროტესტი - დაიკავეთ თქვენი ინსტიტუციები!!!!... დახმარება გზაშია“, - წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

აშშ-ის პრეზიდენტს არ დაუკონკრეტებია, თუ რა სახის დახმარებაზეა საუბარი.

გარდა ამისა, ტრამპმა განაცხადა, რომ მან გააუქმა ყველა დაგეგმილი შეხვედრა ირანელ ოფიციალურ პირებთან, სანამ მომიტინგეების "უაზრო მკვლელობა" არ შეწყდება.

მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციები ირანში 28 დეკემბერს დაიწყო, მას შემდეგ, რაც ეროვნული ვალუტა, ირანული რიალი, ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა, რამაც ფასების სწრაფი ზრდა და სოციალური არეულობა გამოიწვია.

პროტესტი ლოკალიზებული ეკონომიკური პროტესტიდან მთავრობის წინააღმდეგ ეროვნულ მოძრაობად გადაიქცა, რომელშიც სტუდენტები, მუშები, ვაჭრები და სხვა ჯგუფები მონაწილეობენ. დემონსტრაციები ათობით ქალაქში იმართება და სოციალურ-ეკონომიკურ მოთხოვნებთან ერთად პოლიტიკური ცვლილებების მოთხოვნებსაც მოიცავს.

ბოლო ინფორმაციით, ირანში ვითარება კვლავ ძალიან დაძაბულია.

ირანში მასშტაბური ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რიცხვი შესაძლოა, უკვე 12 000-ს აღწევდეს.

Iran International-ის ინფორმაციით, ზედიზედ ორი ღამის განმავლობაში, 8 და 9 იანვარს, აიათოლას რეჟიმის უსაფრთხოების ძალებმა მინიმუმ 12 000 ადამიანი მოკლეს. გამოცემის წყაროების ცნობით, მკვლელობები აიათოლა ალი ხამენეის პირდაპირი ბრძანებით, მთავრობის ყველა შტოს ხელმძღვანელის, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტის სრული თანხმობით განხორციელდა. ბრძანება გასცა უზენაესმა ეროვნული უშიშროების საბჭომ, რომელმაც უსაფრთხოების ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენება დაამტკიცა. მოკლულთა უმეტესობა 30 წლამდე ასაკის ახალგაზრდები არიან.

 

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები