Logo

დავით ჭელიძე - შიმშილობას იმიტომ მივმართეთ, რომ სხვა გზა არ გვაქვს, უფრო გავერთიანდეთ და გავძლიერდეთ

პოლიტიკა
26
Frontnews image description

მინდა, ყველამ გააცნობიეროს, ჩვენ რუსეთის მანქანას ვებრძვით, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ ქვეყანაში, პრაქტიკულად, დიქტატურაა დამყარებული, - ამის შესახებ პარლამენტთან ერთ-ერთმა მოშიმშილემ დავით ჭელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, არის საკითხები, რომლებიც ორგანიზების გარეშე ვერ ჩაივლის და ამისათვის საჭიროა, რომ დაკომპლექტდეს გუნდი, რომლებთან ერთადაც სამოქმედო გეგმა დაისახება.

"მინდა, ყველამ გააცნობიეროს - ჩვენ რუსეთის მანქანას ვებრძვით, რომელიც იმდენად ძლიერია, რომ ქვეყანაში, პრაქტიკულად, დიქტატურაა დამყარებული. პროტესტის ამ ფორმას - შიმშილობას იმიტომ მივმართეთ, რომ სხვა გზა არ გვაქვს, ეს არალეგიტიმური ხელისუფლება ყველანაირად ცდილობს, რომ ყველანაირი აქცია აქციოს კრიმინალად და ერთხელ ადმინისტრაციული წესით დაკავებული ადამიანი მეორედ უკვე სისხლის სამართლით გაასამართლოს. ეს ფორმაც ჩვენთვის მისაღებია იმიტომ, რომ ამით ჩვენ ვახდენთ ფორმულირებას და ჩვენებას იმისას, რომ ღირს ჩვენი სამშობლოსთვის, ჩვენი ქართველი ერისთვის თავის გაწირვა. მოვითხოვ ყველა ადამიანისგან, ვინც ამ პროცესშია ჩართული, რომ უფრო გავერთიანდეთ და გავძლიერდეთ.

არის საკითხები, რომლებიც ორგანიზების გარეშე ვერ ჩაივლის და ჩვენი თანამოაზრეებიც ვთანხმდებით, რომ არის საკითხები, რაც დისკუსიას და გაშლას მოითხოვს. ვამბობთ, რომ გავშალოთ ეს თემები, ბრძოლის რა ტაქტიკა უნდა დავსახოთ, რა გავაკეთოთ. ახლა ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია, მაგრამ შემდეგ ნელდება ეს პროტესტი და უნდა ვიცოდეთ, შემდეგ რას ვუპირისპირებთ ხელისუფლებას. ამაზე ფიქრი და ერთმანეთთან შეთანხმება გვჭირდება და ამის მიხედვით გრძელდება თუ არა ჩვენი ბრძოლა. ამიტომაა საჭირო 24-საათიანი ერთიანი ჯგუფი შეიქმნას.

ხელისუფლებას ზუსტად რისი ეშინია, შეიძლება ვერ ვთქვათ, მაგრამ ერთი რამის ნამდვილად ეშინია - ხალხის პროტესტის, ხალხის, იმიტომ, რომ არანაირ კონტაქტზე არ გამოდიან, ყველანაირად ცდილობენ, რომ ჩაიკეტონ. ელემენტარული მონიტორინგის საშუალება - სასწრაფო დახმარებაც არ გამოგვიყვეს, ცდილობენ, არ შეიმჩნიონ რა ხდება ქვეყანაში. ყველგან ნიჰილიზმურ დამოკიდებულებას ავლენენ", - განაცხადა დავით ჭელიძემ.

Advertisement