Logo

დავით ზედელაშვილი - მიმდინარეობს სისტემური წმენდა იმ აქტორების, რომლებიც არ აღიარებენ ავტორიტარულ რეალობას

ინტერვიუ
492
Frontnews image description

კონსტიტუციონალისტი დავით ზედელაშვილი Front News-სთან საუბარში აცხადებს, რომ "ბიძინა ივანიშვილის რეჟიმმა საქართველოში დაამყარა საარჩევნო ავტორიტარიზმი, რომლის მიზანიც პოლიტიკური ველის "მოსუფთავება", რეჟიმისთვის არასასურველი აქტორების იზოლაცია და ე.წ. ჯიბის ოპოზიციის ჩამოყალიბებაა". მისი შეფასებით, ხელისუფლება იმიტირებულ დემოკრატიას ქმნის და დასავლეთთან ურთიერთობების შენარჩუნებას მხოლოდ სანქციების მოხსნის იმედით ცდილობს.

– როგორ აფასებთ იმ ფაქტს, რომ ბოლო პერიოდში აქტიურად ხორციელდება სასამართლო დევნა ჟურნალისტების, სამოქალაქო აქტივისტებისა და მესამე სექტორის წარმომადგენლების მიმართ?

- ივანიშვილის რეჟიმი ახორციელებს მასობრივ რეპრესიებს როგორც კანონის, ისე ძალადობის მეშვეობით. მიზანი არის ძალაუფლებისადმი მიმართული ნებისმიერი შიდა საფრთხის განეიტრალება და საჯარო-პოლიტიკური სივრცის იმგვარად გარდაქმნა, სადაც რეჟიმის ჰეგემონია გარანტირებულია, ხოლო ე.წ. ნებადართული ოპოზიცია და ენჯეო ორგანიზაციები ქმნიან მრავალფეროვნების მხოლოდ ილუზიას.

– თქვენი აზრით, რა ტაქტიკას მიმართავს ახლა ხელისუფლება? უნდა განვიხილოთ ეს ქმედებები როგორც წინასაარჩევნო სტრატეგიის ნაწილი?

- საარჩევნო ავტორიტარიზმში, ანუ იმ პოლიტიკურ წყობაში, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა დაამყარა, არჩევნები წარმოადგენს თეატრალიზებულ წარმოდგენას, რომლის ერთადერთი მიზანი რეჟიმის ძალაუფლების პერფორმატიული განმტკიცებაა. მასობრივი რეპრესიები ერთ-ერთი გზაა, რომ კონკურენტული არჩევნები საერთოდ არ შედგეს – ან საზოგადოებაში აღარავინ დარჩეს, ვინც ასეთ არჩევნებს მოითხოვს.

– ხომ არ შეიძლება ამას ვუწოდოთ პოლიტიკური ველის “მოსუფთავების” მცდელობა და კონკრეტული აქტორების ჩამოშორება პოლიტიკური პროცესებიდან?

- დიახ, ეს არის დაჩქარებული, ქირურგიული ჩარევა პოლიტიკურ სივრცეში. მიმდინარეობს სისტემური წმენდა იმ აქტორების, რომლებიც არ აღიარებენ ავტორიტარულ რეალობას და ეწინააღმდეგებიან დიქტატორის განუსაზღვრელ ვადით ძალაუფლებაში დარჩენის განზრახვას.

– ბოლო კვირებისა და თვეების განმავლობაში აშკარად შეიმჩნევა სტრუქტურული წმენდა ძალოვან სტრუქტურებში. შეიცვალა ის პირებიც, რომლებიც დასავლეთის მიერ სანქცირებულთა სიაში ფიგურირებდნენ. როგორ ფიქრობთ, რა არის ხელისუფლების მიზანი ამ ცვლილებებით?

- გარდა სპეკულაციური მოსაზრებებისა, გამოიკვეთა მთავარი მიზეზი – ივანიშვილს სურს, სანქციების მოხსნის შთაბეჭდილება მოახდინოს და ამ მიზნით ცდილობს დაანახოს დასავლეთს, თითქოს მისი პირადი ძალაუფლება სუსტდება. ამით სურს გაამყაროს თეზისი, თითქოს საკვანძო პოსტებს ტოვებენ მისი ერთგული პირები. თუმცა, ჯერჯერობით ეს მანევრი შედეგს არ იძლევა და რეალობაში არავის სჯერა.

– ნიშნავს თუ არა ეს დასავლეთთან ურთიერთობების გადახედვას და ახალი პოლიტიკური კურსის ფორმირებას, თუ მხოლოდ პრემიერ-მინისტრისთვის პოზიციების კიდევ უფრო გაძლიერებას?

- რეალურად, ივანიშვილს დასავლეთთან ურთიერთობის გამოსწორების არანაირი რესურსი აღარ აქვს. მას არჩევანი უკვე გაკეთებული აქვს – და ეს არჩევანი დასავლეთი არ არის. დასავლეთისგან მხოლოდ წნეხისა და სანქციების მოხსნა სურს. ამისთვის ქირაობს ლობისტებს, იშველიებს მანიპულაციურ მესიჯებს და ქმნის შთაბეჭდილებას, თითქოს კობახიძეა მმართველი ძალა და არა თავად. თუმცა ეს მცდელობები ჯერჯერობით უშედეგოა.

– რას ფიქრობთ ზოგადად იმ დისკუსიებზე, რაც ოპოზიციის მხრიდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის ფორმებთან დაკავშირებით მიმდინარეობს? არსებობს თუ არა საერთო სტრატეგია?

- ოპოზიციის ნაწილზე მოქმედებს როგორც რეპრესიული წნეხი, ასევე ილუზია, თითქოს შესაძლებელია რეჟიმის მიერ ნებადართულ ოპოზიციად ქცევა და ამავდროულად პრეტენზია ჰქონდეთ ცვლილებაზე. ეს შეუთავსებელი, წინააღმდეგობრივი და ამავდროულად უსინდისო პოზიციაა – ტყუილია, რაც ანტისისტემური ამომრჩევლის შეურაცხყოფას ნიშნავს.

ავტორიტარულ რეჟიმებში შეიძლება არსებობდეს პრაგმატული არგუმენტი სისტემური ოპოზიციის როლის მიღებაზე, თუმცა ასეთ შემთხვევაში უნდა აღიარო, რომ რეჟიმის შეცვლა შეუძლებელია და ერთადერთი გზა გადარჩენისთვის ჯიბის ოპოზიციად ქცევაა. ცხადია, ამას არავინ აღიარებს – და ეს არის ფუნდამენტური პრობლემა.

სანამ რეჟიმს ძალაუფლება აქვს, შეუძლებელია ხელი შეუშალო მის მცდელობას შექმნას სისტემა, სადაც მხოლოდ მისთვის სასურველი ოპოზიცია არსებობს. შესაბამისად, ვხედავთ, როგორ დევნის ის არასისტემურ მოთამაშეებს და ქმნის მისთვის კომფორტულ ოპოზიციურ გარემოს.

– როგორ აფასებთ ნიკა მელიას, ნიკა გვარამიასა და ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებას წინასაარჩევნოდ ციხეში წასულიყვნენ? რამდენად შეიძლება ამ ქმედებებმა რეალური პოლიტიკური დივიდენდი მოუტანოთ?

- მათი დაპატიმრების გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა და რეჟიმმა მიიღეს და არა მათ თავად. ამორალურია იმის თქმა, რომ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლი თავად არის დამნაშავე იმაში, რომ რეპრესირდება.

– ევროკავშირის მხრიდან რამდენად რეალისტურია ვიზალიბერალიზაციის შესაძლო გაუქმების საფრთხე? როგორ შეაფასებთ დონალდ ტუსკის ბოლო განცხადებებს – მხოლოდ პოლიტიკური სიგნალია, თუ პროცესებზე რეალური ზეგავლენის მცდელობა?

- თუ ივანიშვილის რეჟიმმა მოახერხა ძალაუფლების სტაბილიზაცია, ვიზალიბერალიზაციის გაუქმება და ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესი აუცილებლად დასრულდება. კრემლის მარიონეტული რეჟიმები ვერ ფლობენ იმ პრივილეგიებს, რასაც ევროპასთან ინტეგრაცია გულისხმობს.

ევროპისთვის ეს იქნება არასასურველი, მაგრამ მძიმე რეალობის თანმდევი შედეგი. ივანიშვილისთვის კი – სასურველი და სასარგებლო. ევროკავშირთან ინტეგრაციის შეუქცევადი მოშლა თავიდანვე კრემლის მხრიდან მისთვის დასახული მიზანი იყო – მიზანი, რომელიც ზედმიწევნით შეასრულა. 

ელზა პაპოშვილი 

 

Advertisement