Logo

"დიდი ბრიტანეთის მიერ დასანქცირებულ კომპანიებზე დაწყებულია გამოძიება, არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო"

სამართალი
134
Frontnews image description

დიდი ბრიტანეთის მიერ გუშინ დასანქცირებულ კომპანიებზე (შპს „ეიაიფორი“, შპს "არვიქს“ და შპს „რაპირა გრუპ“) ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში დაწყებულია და მიმდინარეობს გამოძიება, რასთან დაკავშირებითაც უკვე მიღწეულია კონკრეტული სამართლებრივი შედეგები, - ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

"დასანქცირებული კომპანიებიდან არცერთის საქმიანობის არეალი არ იყო საქართველო. გამოძიებით დადგენილია, რომ შპს „ეიაიფორი“ და შპს „არვიქს“ ფიქტიურად, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დარეგისტრირდნენ სხვა პირების სახელზე, რეალურად კი ოპერირებდნენ რუსეთში, მოსკოვში და საქართველოში აქტივები ან ოფისები არ გააჩნდათ.

აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2026 წლის 28 აპრილის სასამართლო განაჩენით, სამ ბრალდებულს სასჯელის სახედ განესაზღვრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით და პირობითი მსჯავრი, ხოლო დანაშაულის ორგანიზატორ დავით ჯინჭარაძეს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 9 წლისა და 6 თვის ვადით.

რაც შეეხება შპს „რაპირა გრუპის“ უკანონო საქმიანობას, დადგენილია, რომ დიდი ბრიტანეთის მოქალაქის მიერ მინდობილობით დარეგისტრირებული კომპანია, ვებგვერდ „rapira.net“-ის საშუალებით, ექსკლუზიურად ემსახურებოდა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეებს და მისი დომენიც რუსულ რეგისტრატორთან არის გაფორმებული. კომპანიას არანაირი ბრუნვა საბანკო ანგარიშებზე, აქტივები ან ოფისები საქართველოს ტერიტორიაზე არ უფიქსირდება და მისი რეგისტრაცია მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებდა.

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, საერთაშორისო პარტნიორებთან კოორდინაციით, აგრძელებს აქტიურ მუშაობას ფინანსურ და კიბერდანაშაულთან ბრძოლის, ასევე საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლის ნებისმიერი მცდელობის პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით", - აღნიშნულია განცხადებაში.

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების სია გააფართოვა. ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, ახალი მკაცრი სანქციები იმ კრიპტო და უკანონო ფინანსურ ქსელებს დაუწესა, რომლებიც რუსეთს სანქციებისთვის გვერდის ავლაში ეხმარებიან. სანქციების სიაში მოხვდნენ კომპანიები რუსეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, საქართველოდან, ყირგიზეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, პანამიდან და სალვადორიდან.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები