დიმიტრი ხუნდაძე - ორი თვეა, სხდომები მიმდინარეობს, მაგრამ ფასები მაინც იზრდება და ზოგჯერ ჩვენი გადაწყვეტილებებით, ამ ტენდენციას ხელს ვუწყობთ

ავტორი
Front News საქართველო
ფასების შემცირებაზე არა თუ ვსაუბრობთ, არამედ საპარლამენტო კომისია შევქმენით, ორი თვეა, სხდომები მიმდინარეობს, მაგრამ ფასები მაინც იზრდება და ზოგჯერ ჩვენი გადაწყვეტილებებით, ამ ტენდენციას ხელს ვუწყობთ, - ამის შესახებ პარლამენტის დროებითი კომისიის წევრმა დიმიტრი ხუნდაძემ პარლამენტის სესიაზე განაცხადა.
მისი თქმით, ელექტროენერგიის საფასური გაიზარდა და რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, საწვავის ფასიც მატულობს.
"დღევანდელი პოლიტიკური რეალობა კიდევ ერთხელ გვაჩვენებს ჭეშმარიტებას, რომ ამომრჩეველი არ არის უბრალოდ სტატისტიკა, ციფრი, არამედ ეს არის ძალა, რომელიც წყვეტს ქვეყნის მომავალს. სწორედ ეს დაადასტურა უნგრეთში ჩატარებულმა არჩევნებმა, სადაც საზოგადოებამ მკაფიოდ გამოხატა თავისი პოზიცია და აჩვენა, რომ საბოლოო სიტყვა ყოველთვის ხალხს ეკუთვნის.
როდესაც საზოგადოებაში არსებობს კითხვები, უკმაყოფილება და მოლოდინები, საჭიროა არა მხოლოდ დაპირებები და დროის გაწელვა, არამედ რეალური ნაბიჯები და ხალხთან მუდმივი კომუნიკაცია. გულწრფელი ადამიანები და ამომრჩეველი თუ მხოლოდ საარჩევნო პროცესისთვის გვჭირდება, ისინი თავს უსასრულოდ არ გამოგვაყენებინებენ.
არჩევნებამდე ორ წელზე მეტია, დარჩენილი და პრობლემები იმაზე მეტია, ვიდრე ეს დრო იქნება საკმარისი მის მოსაგვარებლად. დემოკრატიულ პრობლემებზე ხშირად ვსაუბრობთ, მაგრამ კონკრეტული ინიციატივები არ ჩანს. ამიერკავკასიაში საქართველო დემოგრაფიულად დაპატარავდა, რაც მის პოლიტიკურ წონადობას ამცირებს და საფრთხეს ქმნის ბევრი მიმართულებით.
ფასების შემცირებაზე არა თუ ვსაუბრობთ, არამედ საპარლამენტო კომისია შევქმენით, ორი თვეა, სხდომები მიმდინარეობს, მაგრამ ფასები მაინც იზრდება და ზოგჯერ ჩვენი გადაწყვეტილებებით, ამ ტენდენციას ხელს ვუწყობთ. ასე გაკეთდა 6 წელზე მეტი ხნის ავტომობილების შეზღუდვაზე, რამაც უკვე გააძვირა ავტომობილები და კიდევ კარგი, რომ პლასტმასის აკრძალვაზე გადაწყვეტილება გადავადდა, თორემ მომხმარებელს პროდუქცია მყისიერად გაუძვირდებოდა. ელექტროენერგიის საფასური გაიზარდა და რეგიონში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე, საწვავის ფასიც მატულობს.
რაც შეეხება რეგიონებს, სიონი დღესაც უწყლოდაა. დუშეთის მუნიციპალიტეტში დღემდე არსებობს უშუქო სოფლები და თემები. 31 თემი დღესაც ელექტროენერგიის გარეშეა. იყო ბევრი დაპირება და ცოტა საქმე ამ მიმართულებით. ყაზბეგის მუნიციპალიტეტში საავადმყოფო მინიმალურ სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს სოფელ მუხრანში თვეებია, ვერ დასრულდა საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტი და მტვერში დადის მოსახლეობა. მცხეთაში მოძრაობა გაუსაძლისია ცენტრალურ ქუჩაზეც. მე მესმის, რომ ამ საკითხებს მხოლოდ ადგილობრივი რესურსი ვერ მოაგვარებს, ამიტომ მივაკითხე ინფრასტრუქტურის მინისტრს", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
თაგები:
დიმიტრი ხუნდაძე




