Logo

დიმიტრი ხუნდაძე - თუკი გაჩუმდება ტრამპის ადმინისტრაცია, ესეც მინიშნება იქნება, რომ შესაძლოა, გარკვეულწილად, ჯერ კიდევ აწყობთ და მხარს უჭერენ

პოლიტიკა
293
Frontnews image description

USAID-ის ყოფილი ხელმძღვანელის განაცხადი არის კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ USAID იყო "დიფ სტეიტის" სალარო და ისინი სწორედ ამ გზით ახერხებდნენ, გაეცათ თანხები მათთვის არასასურველი ხელისუფლებების დამხობისთვის, შეცვლისათვის და ასეთ ქვეყნებში რევოლუციური პროცესების საწარმოებლად, - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.

როგორც ხუნდაძემ აღნიშნა, დროა, რომ აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ არამხოლოდ ის აღიაროს, რომ USAID-ს ნამდვილად არადემოკრატიული მიზნები ამოძრავებდა, არამედ, დაადასტუროს ისიც, რომ სწორედ საქართველო იყო პირველი, ვინც ამ საკითხზე ხმა ამოიღო. შესაბამისად, მისი თქმით, ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან სიჩუმე აღქმული იქნება, როგორც მინიშნება, რომ გარკვეულწილად, ჯერ კიდევ მხარს უჭერენ მსგავს ქმედებებს საქართველოსთან მიმართებით.

"ამაზე ჩვენ ვსაუბრობდით, რაზეც ძალიან დიდი კრიტიკა, თავდასხმა, ბულინგი მოდიოდა, მაგრამ შემდეგ თავად დონორმა ქვეყანამ - აშშ-ის ახალმა ადმინისტრაციამ აღიარა, რომ USAID სწორედ ასეთი მიზნებისთვის იყენებდა სხვადასხვა ქვეყანაში დაფინანსებას. რა თქმა უნდა, ეს მიუღებელია, მაგრამ ვფიქრობ, რომ დროა, არა მხოლოდ ასეთი ტიპის აღიარება მოხდეს, არამედ, საქართველოს მიმართაც იქნეს დასტური იმისა, რომ სწორედ  საქართველო იყო მოწინავე და პირველი, ვინც ამაზე ხმა ამოიღო. თუკი ამაზე გაჩუმდებიან თავად დონორი ქვეყნები და ტრამპის ადმინისტრაცია, ესეც გარკვეული მინიშნება იქნება, რომ შესაძლოა, არაპირდაპირ, გარკვეულწილად, ჯერ კიდევ აწყობთ და მხარს უჭერენ. ასე რომ, ამას სჭირდება მკაცრი რეაქცია, ამას სჭირდება აღიარება და ამას სჭირდება ახალი ადმინისტრაციის მხრიდან იმის დასტური, საქართველოში რომ ასეთი რამ ხდებოდა", - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

Advertisement