დიუშენით დაავადებული ბავშვების მშობლები საზმაუსთან მივლენ და ეთერის დათმობას მოითხოვენ

ავტორი
Front News საქართველო
ჩვენ ორჯერ მივმართეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს, რომ დაგვითმოს ეთერი, რადგან პასუხი ვერ მივიღეთ, ოთხშაბათს, 29 აპრილს, 17:00 საათზე მივალთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან, მოვითხოვთ პასუხს ჩვენს განცხადებაზე და მოვითხოვთ ეთერის დათმობას, - ამის შესახებ დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლების განცხადებაშია აღნიშნული.
ისინი საზოგადოებას მოუწოდებენ, შეურთდნენ ამ ბრძოლაში და დაეხმარონ ბავშვების გადარჩენაში.
"როგორც მოგეხსენებათ, დიუშენის კუნთოვანი დისტროფია ფატალური დაავადებაა, რომელიც ადრეულ ასაკში იწვევს კუნთების განლევას და სიცოცხლის შემოკლებას. საქართველოში დიუშენით დაავადებული 100-მდე ბავშვია. მშობლები ვიბრძვით ჩვენი შვილების გადასარჩენად და სახელმწიფოსგან ვითხოვთ აუცილებელი მკურნალობის დაფინანსებას. ჩვენ უკვე 3 თვეა, ვითხოვთ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას, მაგრამ ამაოდ.
ჩვენ ორჯერ მივმართეთ საზოგადოებრივ მაუწყებელს რომ დაგვითმოს ეთერი, ასევე მოიწვიოს ხელისუფლების წარმომადგენლები და ექსპერტები რომლებთან ერთად ღიად განვიხილავთ ყველა საკითხს. რადგან პასუხი ვერ მივიღეთ, ოთხშაბათს, 29 აპრილს 17:00 საათზე მივალთ საზოგადოებრივ მაუწყებელთან (პოლიტკოვსკაიას ქ. 31), მოვითხოვთ პასუხს ჩვენს განცხადებაზე და მოვითხოვთ ეთერის დათმობას. საზოგადოებას მოგიწოდებთ, რომ შემოგვიერთდეთ და ერთად ვიბრძოლოთ ჩვენი შვილების გადასარჩენად", - აღნიშნულია განცხადებაში.
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მშობლები სახელმწიფოსგან მედიკამენტის მოწოდებას ითხოვს. ისინი ამ მოთხოვნით აქციებს მართავენ. საქართველოში დიუშენის დაავადების მქონე 100-მდე ბავშვია.





