DMO იმერეთის თანამშრომლებმა ქუთაისის აეროპორტში ყაზახ ტურისტებს საჭირო ნივთები მიუტანეს

ავტორი
Front News საქართველო
ყაზახი ტურისტები, რომლებიც სამშობლოში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში DMO იმერეთის თანამშრომლებმა მოინახულეს, – ამის შესახებ DMO იმერეთის ხელმძღვანელმა მარი დევიძემ Front News-ს განუცხადა.
მისი თქმით, ტურისტებს, რომლებიც აეროპორტში რეისების განახლებას მე-2 დღეა ელოდნენ, საჭირო ნივთები მიუტანეს.
“მოვინახულეთ ეს ადამიანები, რომლებიც იმყოფებოდნენ აეროპორტში და ფრენას ელოდებოდნენ. მათ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო ბუნდოვანია, როდის შეძლებენ სამშობლოში დაბრუნებას. მათ საელჩო გვერდით უდგათ, ჩართულია სხვადასხვა უწყება, მაგრამ ჩვენ, ჩვენის მხრივ, ჩავთვალეთ საჭიროდ მოვსულიყავით, გაგვეგო რა სჭირდებოდათ, ამიტომ მოვედით, მოვიკითხეთ, გავესაუბრეთ, მივაწოდეთ სხვადასხვა უწყების ცხელი ხაზის ნომრები, რაც მათ აინტერესებდათ.
ამ დროისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში არცერთი ყაზახი ტურისტი არ რჩება, ისინი სასტუმროებსა და ჰოსტელებში განთავსდნენ“, – განაცხადა მარი დევიძემ.
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ყაზახეთის მიმართულებით ორი დღეა, ფრენები არ სრულდება. ამ დრომდე ვერ შესრულდა რეისი ატირაუს და აქტაუს მიმართულებით.
თაგები:





