ეკა ბესელია - ვისი სახელები და გვარებიც გაჟღერდა, ეს ზღვაში წვეთია

ავტორი
Front News საქართველო
მოსამართლეების ნაწილიც შეიძლება იყოს ამაში ჩართული, კიდევ ვისთან მიდის კვალი და კიდევ რამდენი ადამიანია ამ დანაშაულში ჩართული, არ ვიცით, - ამის შესახებ “მართლმსაჯულების სახლის” დამფუძნებელმა ეკა ბესელიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ვინც სამართალს უნდა იცავდეს, ის ადამიანები არიან დანაშაულებრივ ქმედებებში ჩართული.
"ეს არის ძალიან მძიმე ამბავი, როგორც ჩანს, დანაშაულის წრე კიდევ უფრო გაფართოვდება, კიდევ უფრო ხმაურიანი გვარები გახდება ცნობილი. დანაშაული ყველა სისტემაში შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ როდესაც კვალი მიდის სახელისუფლებო ძალიან მნიშვნელოვან რგოლებთან და უფრო მძიმე ძალოვან უწყებებთან, ეს არის უმძიმესი რამის მაჩვენებელი.
კიდევ ვისთან მიდის კვალი და კიდევ რამდენი ადამიანია ამ დანაშაულში ჩართული, არ ვიცით. ვისი სახელები და გვარებიც გაჟღერდა, ეს ზღვაში წვეთია. შემზარავია ის, რომ ვინც უნდა იძიებდეს, ვინც უნდა მოქმედებდეს და მართლმსაჯულებას იცავდეს, ამ დროს აღმოჩნდება, რომ მოსამართლეების ნაწილიც შეიძლება იყოს ამაში ჩართული. ჩვენ ვართ უკიდურესად თავდაყირა დაყენებულ მართლმსაჯულების სისტემაში, სახელმწიფოში, სადაც უწყება, რომელიც უნდა ადგენდეს სამართალს, ვხედავთ, რომ კვალი პირიქით, ამ გარკვეულ პირებთან მიდის", - განაცხადა ეკა ბესელიამ.
პროკურატურის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი თაღლითობის და ფულის გათეთრების ბრალდებით, ათი პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო, მათ შორის არიან ელისო კილაძე და ოთარ ფარცხალაძე.
თაგები:
ეკა ბესელია




