Logo

ელენე ხოშტარია - ეს ემსახურება ნიკა გვარამიას დამატებითი პოლიტიკური დევნის ამოცანებს

პოლიტიკა
323
Frontnews image description

ეს ემსახურება ნიკა გვარამიას დამატებითი პოლიტიკური დევნის ამოცანებს. მათ უნდათ ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნა გაუხანგრძლივონ, - ამის შესახებ "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

მისივე თქმით, არ არის შემთხვევითი, რომ პროკურატურის ეს ნაბიჯი გადაიდგა ევროპის მოწოდების ზუსტად მეორე დღესვე.

"გუშინ "რუსულმა ოცნებამ" გადადგა კიდევ ერთი ნაბიჯი მედიის და პოლიტიკური რეპრესიების კუთხით.  კერძოდ, "მთავარ არხში" შევიდა პროკურატურა. მათ მიერვე გამოყენებული ოქუაშვილის დაქირავებული, ვითომდა წერილის საფუძველზე, რომელიც ეხება თანადამფუძნებლებს. 

პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენთვის აბსოლუტურად ნათელია, რომ ეს ემსახურება ნიკა გვარამიას დამატებითი პოლიტიკური დევნის ამოცანებს. მათ უნდათ ნიკა გვარამიას ციხეში ყოფნა გაახანგრძლივონ.  ეს არ არის ჩვენთვის მოულოდნელი, ეს არ არის ახალი, მაგრამ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, როდესაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, ჩვენი მეგობრები გვესაუბრებიან, რომ ამ პოლიტიკურ რეპრესიებს პოლიტიკოსების მიმართ, მედიის მიმართ მოჰყვება ძალიან კონკრეტული რამ - ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტა. 

არ არის შემთხვევითი, რომ პროკურატურის ეს ნაბიჯი გადაიდგა ევროპის მოწოდების ზუსტად მეორე დღესვე. ევროპა მოგვიწოდებს -  მორჩით რეპრესიებს, პატივი ეცით თავისუფალ მედიასო და მეორე დღესვე "რუსული ოცნება" დგამს ამ ნაბიჯს და შედის "მთავარში". 

სოლიდარობა "მთავარს" და იქ მომუშავე ჟურნალისტებს. ხაზი მინდა გავუსვა, რომ ნიკა გვარამიასთვის ციხე რომ ყოფილიყო რაიმე დაბრკოლება ან ციხეს, რომ შეეძლოს მისი გატეხა, ის თავისი ფეხით არ მივიდოდა რუსთავის იზოლატორთან. 

საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი საკუთარი კერძო ინტერესების გამო, სასწორზე დებს ჩვენი ქვეყნის მომავალს და კერძოდ ვიზალიბერალიზაციას", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

16 ივლისს გენერალურმა პროკურატურამ "მთავარი არხის"და კონტრაქტორი კომპანიის უფლებამოსილ წარმომადგენლებს საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში მოსაპოვებელი დოკუმენტაციის და ელექტრონული ინფორმაციის მოძიების და შემდგომი გადმოცემის მიზნით, განჩინებები ჩააბარა და დოკუმენტების გადასაცემად გონივრული ვადა დაუწესა.

Advertisement