Logo

ელენე ხოშტარია - "რუსულ ოცნებას“ ბოდიში აქვს მოსახდელი და აუცილებლად მოიხდიან ჩვენი პარტნიორების მიმართ

პოლიტიკა
342
Frontnews image description

საქართველოს მოსახლეობა მადლიერია ევროკავშირის ელჩის, რომელიც დიდ როლს თამაშობს ჩვენი ინტერესებს გატარებაში, "რუსულ ოცნებას“ ბოდიში აქვს მოსახდელი ჩვენი პარტნიორების მიმართ, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა.

როგორც ხოშტარიამ აღნიშნა, ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებამ „რუსული ოცნება“ ტყუილში ამხილა.

„კოალიცია ცვლილებისთვის“ სახელით მინდა, გამოვეხმაურო ჩვენი პარტნიორების ორ მნიშვნელოვან საერთაშორისო გადაწყვეტილებას. მოქმედებას, რომელიც, ერთი მხრივ, გამოხატავს უპრეცედენტო მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და, მეორე მხრივ, ხაზს უსვამს ე.წ მთავრობის რუსულ ბუნებას. უპირველესად, ვართ ძალიან ბედნიერები, რომ საქართველოში ტარდება ნატოს მრავალეროვნული წვრთნები „მტკიცე სული“, რომლის მიზანია უსაფრთხოების გამყარება და ჩვენს საფრთხეებზე სწრაფი რეაგირება, საქართველოს ინტერესების დაცვა. ეს წვრთნები ტარდება მიუხედავად იმისა, რომ „რუსული ოცნება“, ე.წ. ხელისუფლება უკვე მესამედ ემიჯნება ნატოს წვრთნებს. ემიჯნება და ამ წვრთნების გახსნაზე არ გამოცხადნენ რუსეთის მსახური ბიუროკრატები, როგორიც არის ირაკლი ჩიქოვანი და ე.წ. გენშტაბის უფროსი. მიუხედავად ამისა, ამ წვრთნების ჩატარება ხაზს უსვამს, რომ ამ არალეგიტიმური ხელისუფლების „რუსული პოზიციები“ ვერ შეაჩერებს ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერას, ვერც ჩვენი უსაფრთხოებისა და ვერც ჩვენი ევროატლანტიკური მისწრაფებების.

მეორე, არის ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება ჩვენი ევროპელი პარტნიორების, ევროკავშირის სპეციალური განცხადება, სპიკერის განცხადება, რომელიც პირდაპირ ტყუილში ამხელს „რუსულ ოცნებას“. ისინი პირდაპირ საუბრობენ, რომ „რუსული ოცნება“ ვიზალიბერალიზაციის საფრთხეზე, რუსული კონსპირაციული თეორიების მსგავსად, ავრცელებს სრულ ტყუილებს, თითქოს ვიღაცა რაღაცას გვახვევს თავს. ამ დროს ჩვენი პარტნიორები პირდაპირ საუბრობენ, რომ ისინი მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და საქართველოს ხალხის ევროპულ მისწრაფებას. ამასთანავე, მინდა სრულად დავგმო კალაძის, ასევე რუსეთის მსახურის სრულიად შეურაცხმყოფელი განცხადებები ჩვენი უდიდესი მეგობრის, აქ ევროკავშირის ელჩის მიმართ. საქართველოს მოსახლეობა, რომლის სრული უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპაში გაწევრიანებას, არის მადლიერი ევროკავშირის ელჩის. ჩვენ ვიცით, თუ რამხელა როლს თამაშობს ის ჩვენი ინტერესების გატარებაში. „რუსულ ოცნებას“ ბოდიში აქვს მოსახდელი და აუცილებლად მოიხდიან ჩვენი პარტნიორების მიმართ. მე მინდა, ევროკავშირმა იცოდეს, რომ კახი კალაძის განცხადება აბსოლუტურად არ ასახავს ქართველი ერის პოზიციას, რომელიც ასახულია კონსტიტუციაში და ვინმე ჩიქოვანის არ გამოცხადება წვრთნებზე, არ ასახავს ქართველი ხალხის მისწრაფებას გავხდეთ ევროატლანტიკური უსაფრთხოების, მშვიდობის, განვითარების სივრცის ნაწილი“, – განაცხადა ხოშტარიამ.

ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის განცხადებით, "ევროკავშირი კატეგორიულად უარყოფს და გმობს საქართველოს ხელისუფლების მიერ საქართველოში ევროკავშირის როლის შესახებ დეზინფორმაციას და უსაფუძვლო ბრალდებებს".

"მკაცრად ვგმობთ ევროკავშირის ელჩის წინააღმდეგ პერსონალურ თავდასხმებს, ის ევროკავშირის სრული ნდობითა და მხარდაჭერით სარგებლობს", - აღნიშნულია განცხადებაში.

Advertisement