Logo

ეროვნულ სატყეო სააგენტოს ახალ ხელმძღვანელად ბესიკ ამირანაშვილი დაინიშნა

პოლიტიკა
177
Frontnews image description

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა ეროვნული სატყეო სააგენტოს ახალი უფროსი ბესიკ ამირანაშვილი უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.

მინისტრმა ბესიკ ამირანაშვილს წარმატება უსურვა იმ მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებაში, რომელიც სატყეო რეფორმის ფარგლებშია დაგეგმილი.

„პროფესიონალიზმის და გამოცდილების, მათ შორის რეგიონებთან მუშაობის გათვალისწინებით, არჩევანი შევაჩერეთ ბატონ ბესიკ ამირანაშვილზე, რომელიც მზადაა იმ მნიშვნელოვანი რეფორმის განხორციელებას ჩაუდგეს სათავეში, რომელიც დაგეგმილი გვაქვს. კიდევ უფრო მეტად განვითარდება დარგი, მეტად დავიცავთ ტყეს და ვიზრუნებთ მის აღდგენაზე; უფრო ეფექტიანად უნდა გამოვიყენოთ ის რესურსი, რომელიც ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა; ამავდროულად, ხელს შევუწყობთ სააგენტოს განვითარებასაც. მოგეხსენებათ, რომ რეფორმის ფარგლებში, მიმდინარე წლის იანვრის თვიდან გაორმაგდა ტყის მცველთა ხელფასები, რაც უდავოდ ზრდის დასაქმებულთა მოტივაციას“, – განაცხადა სონღულაშვილმა.

მან მადლობა გადაუხადა სატყეო სააგენტოს ყოფილ უფროსს კახა ცერცვაძეს გაწეული საქმიანობისთვის და დარგის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

ბესიკ ამირანაშვილი პროფესიით იურისტია. აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება, მათ შორის, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე; დღემდე ბესიკ ამირანაშვილი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის პოზიციას იკავებდა.

ბესიკ ამირანაშვილმა მადლობა გადაუხადა მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის და მზადყოფნა გამოთქვა, უხელმძღვანელოს სატყეო სექტორში მიმდინარე რეფორმის პროცესს.

ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები