"ეს არ ნიშნავს რუსეთისთვის იმის მიცემას, რაც მას სურს" - ზელენსკიმ მშვიდობისთვის "ყველაზე სწრაფი გზა" დაასახელა

ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ მზადაა, რუსეთთან ფრონტის ხაზი ამჟამინდელი სახით გაყინოს. ის მიიჩნევს, რომ ეს მშვიდობისკენ მიმავალი ყველაზე სწრაფი გზაა, რასაც მოჰყვება ომის დიპლომატიურ ფორმატში გადასვლა.
ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
ზელენსკის რუსეთთან ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესახებ ჰკითხეს.
"თუ ხვალ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდებიან, სად ისურვებდით ფრონტის ხაზების გაყინვას? სადაც ახლა არის? თანახმა იქნებოდით ამაზე?“ - იკითხა წამყვანმა. "დიახ“, უპასუხა უკრაინის პრეზიდენტმა.
"ეს ყველაზე სწრაფი გზაა", - აღნიშნა მან.
ზელენსკიმ განმარტა, რომ ეს არ არის მხოლოდ ომის "პაუზა“, არამედ სამშვიდობო პროცესის კონკრეტული ფორმულა.
"ჩვენ გვსურს ომის შეჩერება ისე, რომ ის აღარ განმეორდეს. იდეა არ არის უბრალოდ სიტუაციის გაყინვა, არამედ ყველაზე სწრაფი გზაა სიტუაციის გაყინვა და დიპლომატიურ რეჟიმზე გადასვლა", - განაცხადა ზელენსკიმ.
კითხვას, ნიშნავს თუ არა ეს რუსეთისთვის იმის მიცემას, რაც მას ახლა სურს, ზელენსკიმ უარყოფითად უპასუხა.
"არა, საქმე მხოლოდ ამაში არ არის. იქ დარჩენა, სადაც ვართ, ნიშნავს უკრაინის მოსახლეობისთვის შვილების გადასარჩენად მეტი შესაძლებლობის მიცემას და ჯარისკაცების დაბრუნების შესაძლებლობას. ვფიქრობ, ეს ჩვენთვის მნიშვნელოვანია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
თაგები:
ვოლოდიმირ ზელენსკი




