Logo

"ეს გზის დასასრული არ არის" - ტრამპი აცხადებს, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებს

უკრაინა
145
Frontnews image description

ამერიკის შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას თეთრ სახლში დღევანდელი მოლაპარაკებების შედეგის მიუხედავად, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან ოვალურ კაბინეტში შეხვედრის დროს განაცხადა.

რეპორტიორმა ტრამპს ჰკითხა: "ეს უკრაინის მიმართ ამერიკული მხარდაჭერის დასასრულია? დღევანდელი შეხვედრა შეთანხმებაა თუ არა?“

ტრამპმა უპასუხა: "მე ამას არასოდეს ვიტყვი. ეს არასდროს არის გზის დასასრული. ხალხს კლავენ და ჩვენ გვინდა ამის შეჩერება. ამიტომ, არ ვიტყოდი, რომ ეს გზის დასასრულია".

ამასთან, ამერიკის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან კიდევ ერთხელ სატელეფონო ზარის განხორციელებას გეგმავს. ის უკრაინისა და ევროპის ლიდერებთან დღევანდელი შეხვედრების შედეგებს ელოდება.

"და დღეს ამ შეხვედრების შემდეგ დაუყოვნებლივ გვექნება სატელეფონო საუბარი. პუტინი ჩემს ზარს ელოდება“, - აღნიშნა ტრამპმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასევე, აღნიშნა, რომ ზელენსკისთან და პუტინთან სამმხრივი სამიტი დამოკიდებულია თეთრ სახლში დღევანდელ მოლაპარაკებებზე და შესაძლოა, ის ორგანიზებულიც იყოს, "თუ დღეს ყველაფერი კარგად წავა“.

ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ დაინტერესებულია უკრაინისთვის გრძელვადიანი მშვიდობით. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ მისი აზრით, ამ მიზეზით, უკრაინას დროებითი ცეცხლის შეწყვეტა არ სჭირდება.

აღსანიშნავია, რომ სენატის რესპუბლიკელი უმრავლესობის ლიდერმა განაცხადა, რომ სენატი მზადაა ტრამპს მისცეს ყველა ეკონომიკური ბერკეტი, რათა პუტინი აიძულოს მოლაპარაკებების პროცესში დარჩეს.

დღეს ვაშინგტონი სამშვიდობო ძალისხმევის ეპიცენტრად იქცა - ვოლოდიმირ ზელენსკი თეთრ სახლში ევროპული ქვეყნების ლიდერებთან ერთად მივიდა. მთავარი მიზანია დონალდ ტრამპთან ერთად რუსეთ-უკრაინის ომის მშვიდობიანი გზით მოგვარების პერსპექტივების განხილვა.

Advertisement